საზოგადოება

არქეოლოგიური აღმოჩენა ცაგერში [ფოტო]

22 აგვისტო, 2014 • • 2954
არქეოლოგიური აღმოჩენა ცაგერში [ფოტო]

ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალისტები ძეგლზე ორ ჯგუფად მუშაობენ: ნაწილი იკვლევს შუასაუკუნეების დეხვირის ციხეს (ხელმძღვანელი რონალდ ისაკაძე), სადაც გალავანი და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები გამოვლინდა.

 

“განსაკუთებით მნიშვნელოვანია აქ აღმოჩენილი, ვიზუალურად ძალიან კარგად შემორჩენილი, დიდი რაოდენობის ქვევრები, რაც მევენახეობის მძლავრ განვითარებაზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს მხარეა განთქმული ვაზის ისეთი უნიკალური  ჯიშებით, როგორებიცაა უსახელაური, ცოლიკაური, ლეჩხუმური ოჯალეში, ცხვედიანის თეთრი და სხვა,”- წერია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში. 

 

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა მეორე ჯგუფი (ხელმძღვანელი ნინო სულავა) პარალელურად ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებულ ნასახლარს შეისწავლის, სადაც წელს ტერასულად გამართული ნაგებობა და ტიპური კოლხური კერამიკაა აღმოჩენილი.

 

“აღნიშნული ტერიტორიის კვლევა გასული საუკუნის 70-იან წლებში არქეოლოგ ლამარა სახაროვის მიერ დაიწყო. იმ დროისათვის ნასახლარის მცირემასშტაბიანი სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, რომლის დროსაც აღმოჩნდა ქვის უნიკალური ყალიბი, რომლის ანალოგი უცნობია. ყალიბში ჩამოისხმებოდა საინკრუსტაციო, მეანდრისებური (გადაბმული სვასტიკისებური) ფირფიტები, რომლებსაც ცნობილი კოლხური აბზინდების შესამკობად იყენებდნენ. ამ აღმოჩენის მიხედვით თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მართკუთხა კოლხური აბზინდები მთიან კოლხეთში (ლეჩხუმში) მზადდებოდა. როგორც ჩანს, ნამოსახლარზე დამჯდარი მიწათმოქმედი-მესაქონლე მოსახლეობა ცხოვრობდა, რომელიც მეტალურგიასთან იყო დაკავშირებული.”

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ჯგუფი უკვე მეორე წელია ცხეთა-დეხვირის ღიაცისქვეშ მუზეუმში კვლევით სამუშაოებს ატარებს. საქართველოში ეს ერთადერთი მუზეუმია, რომელიც ეთნოგრაფიულ ძეგლებთან ერთად სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებსაც აერთიანებს.


ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი



მასალების გადაბეჭდვის წესი