საზოგადოება

პირველადი შედეგებით, აბიტურიენტთა 42%-მა ფიზიკაში ბარიერი ვერ გადალახა

29 ივლისი, 2014 • • 1192
პირველადი შედეგებით, აბიტურიენტთა 42%-მა ფიზიკაში ბარიერი ვერ გადალახა

“პირველადი შედეგებით [წინ აპელაციაა] ოდნავ არის მდგომარეობა გაუმჯობესებული, თითქმის, ყველა საგანში. მაგალითად, ფიზიკაში, შარშან თუ 48%-მა ვერ გადალახა ბარიერი, წელს ეს რიცხვი 42% იყო. ქიმიაში შარშან- 29.68%, წელს -17.66%, ისტორიაში შარშან 20%-მა ვერ გადალახა ბარიერი, წელს – 11%-მა. გაუმჯობესებაა უცხო ენაშიც, რაც ყველაზე მეტად მიხარია, იმიტომ, რომ ამ საგანს დაემატა მოსმენის კომპონენტი. შარშან 15%-მა თუ ვერ გადალახა, წელს – 9% იყო ასეთი,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მაია მიმინოშვილი. 


მისივე თქმით, დაახლოებით, 3%-ითაა გაუმჯობესებული შედეგები ქართულში და დაახლოებით, იგივე მონაცემია გეოგრაფიაში – ბარიერი აბიტურიენტების 22%-მა ვერ გადალახა.

 

კითხვაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს წლევანდელი გაუმჯობესებული შედეგები, მიმინოშვილი ამბობს, რომ “სულ ოდნავ უკეთესად მომზადებული აბიტურიენტები გვყავს.” 

 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, უკეთესი შედეგებია წელს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებშიც.

 

“გარკვეული მიმართულებებით, მაგალითად, ფიზიკაში ქიმიაში, სამოქალაქო განათლებაში ოდნავ უკეთესი შედეგებია. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ აღარ ვაპირებთ საუბარს იმაზე, რამდენმა აპლიკანტმა ვერ გადალახა ბარიერი, ვინაიდან, ეს სენსიტიური თემა აღმოჩნდა. ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ყველა პედაგოგის ამდენმა პროცენტმა ვერ გადალახა ბარიერი. ჩვენ არ ვიცით, რა სტაჟი აქვს ამ ადამიანებს, ვინ არიან ის პედაგოგები, ვინც აბარებდნენ ამ გამოცდებს. ეს მონაცემი მასწავლებელთა სახლს უნდა ჰქონდეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი