ნინო ტრაპაიძე გერმანიაში ცხოვრობს და შშმ პირთა სახელმწიფო დახმარების ცენტრში ვოლონტიორ მეტყველების თერაპევტად მუშაობს. იქამდე მიუნხენში ერთ-ერთ სამეცნიერო პროექტში მონაწილეობდა. რამდენიმე თვის წინ კი ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე მეტყველების თერაპიის სპეციალობით ჩაირიცხა. სწავლა მინიმუმ 3 წლის განმავლობაში მოუწევს.
“მინდა ხარისხი დავიცვა და საქართველოში დავბრუნდე სამუშაოდ. ამ სფეროს დახმარება სჭირდება,”- ამბობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში გამარჯვებული ნინო ტრაპაიძე.
ნინო ამბობს, რომ განაცხადი სწავლის დაფინანსებაზე თბილისში გერმანიიდანვე გამოგზავნა. კომისიამ გასაუბრებაზე კი მაშინ დაიბარა, როდესაც საქართველოში კვლევით ჯგუფთან ერთად იყო ჩამოსული.
“სახელმწიფოსგან მოვითხოვე მინიმალური საარსებო, სწავლის და საცხოვრებელი ხარჯები. გარდა ამისა, ლიტერატურის შესაძენად. იცით, ალბათ, ძალიან ძვირია იქ ლიტერატურა,”- ამბობს ნინო ტრაპაიძე, თუმცა ზუსტ თანხას, რომელიც სახელმწიფომ მისი სწავლისთვის გამოყო, ვერ ასახელებს – “ხვალ იქნება შეხვედრა, სადაც ხელშეკრულების დეტალებს და თანხის ოდენობას გავიგებთ.”
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვების მსურველთა შორის დაფინანსება 78-მა სტუდენტმა მოპოვა. როგორც განათლების ცენტრში ამბობენ, კონკურსში 49 მაგისტრატურაზე და 13 დოქტორანტურაზე სწავლის მსურველმა გაიმარჯვა. ცენტრის დაფინანსება მოიპოვა შარშან გაცემული მიმდინარე გრანტის მფლობელმა 16-მა სტუდენტმაც.
როგორც ცენტრში აცხადებენ, სტიპენდიების განაწილებისას პრიორიტეტი საინჟინრო-ტექნოლოგიური, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებას მიენიჭა – ასევე დაფინანსდა 5 კონკურსანტი სამართლის მიმართულებით, 5 ბიზნესის, 7 სახელოვნებო სფეროს, 2 ჯანდაცვის, 1 კი განათლების მიმართულებით.
სასწავლო პროგრამის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ სტუდენტები ვალდებულნი იქნებიან მიღებული ცოდნის რეალიზება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში განახორციელონ. ამ მხრივ, ყველა მათგანთან ხელშეკრულება გაფორმდება.
ელზა ქეცბაია, OCCRP-ის [ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი] ჟურნალისტი, რომელიც ამავე პროექტის გამარჯვებულად დასახელდა და დიდ ბრიტანეთში, ეგზეტერის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მაგისტრატურაში ისწავლის, დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სექტორში მუშაობას არ გეგმავს.
“გასაუბრების დროსაც ვუთხარი კომისიის წევრებს, რომ ჟურნალისტიკიდან წასვლას არ ვაპირებ და ვაპირებ ვიმუშაო იმ პროექტებზე, სადაც ამჟამად ვმუშაობ. მინდა შევიძინო ცოდნა, განვივითარო ანალიტიკური და კვლევის უნარები, რომელიც ჩემსავე საქმიანობაში გამომადგება,”- ამბობს ელზა ქეცბაია. სწავლის დასაფინანსებლად მან 15 ათასი გირვანქა სტერლინგი [დაახლოებით, 45 ათასი ლარი] მოითხოვა.
გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების გაფორმებამდე განათლების საერთაშორისო ცენტრის უფროსი ნინო ჭელიძე ამბობს, რომ ყველა სტუდენტთან გაფორმდება ერთი სახის ხელშეკრულება და ყველა მათგანი 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ საჯარო სექტორში იმუშავებს.
“ვარიაციები არ არსებეობს, უნდა იმუშაონ საჯარო/სახელმწიფო სექტორში, შესაძლოა ეს იყოს უნივერსიტეტი, ან სახელმწიფომ შეთავაზოს რაიმე პროექტი. საჯარო სექტორს ფართო გაგება აქვს,”- ამბობს ჭელიძე.
იქნება თუ არა გათვალისწინებული სანქციები კონტრაქტის დარღვევაზე, ნინო ჭელიძე ამბობს: “თუ მიდიხარ სასწვლებლად გადამხდელთა ფულით, უნდა ჩამოხვიდე, სხვა შემთხვევაში უნდა დააბრუნო ფული. არ მიმაჩნია, რომ სესხის გამცემი პროგრამა იქნება ეს. იმედი მაქვს, ხალხს, რომლებიც ამ გრანტს იღებს, ესმის, რომ დაბრუნება და მუშაობა ქვეყნისთვის აუცილებელია.”
როგორ და რატომ შეირჩა პრიორიტეტული მიმართულებები
სამართალი, აგრარული მეცნიერებები, ინჟინერია, განათლება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ურბანული განვითარება, არქიტექტურა, რესტავრაცია და კონსერვაცია, ჯანდაცვა და სამედიცინო მიმართულებები, სოციალური მეცნიერებები, თავდაცვა და უსაფრთხოება, ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, სტატისტიკა – ეს არის ჩამონათვალი იმ პრიორიტეტული მიმართულებებისა, სადაც სახელმწიფოს აზრით ქვეყნას სპეციალისტები სჭირდება.
ნინო ჭელიძის, ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის მიზანია, “რაც შეიძლება მეტი ღირსეული ახალგაზრდა დაფინანსდეს საერთაშორისოდ აღიარებულ პრიორიტეტულ დარგებში.”
კითხვაზე, როგორ გამოიკვეთა პრიორიტეტები, რა ფაკულტეტებზეა მოთხოვნა საქართველოში და ჩატარდა თუ არა რაიმე კვლევა ამ მხრივ, ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრს სხვადასხვა სამინისტროებმა მოაწოდეს ინფორმაცია, თუ რომელ კონკრეტულ მიმართულებებში იყო საჭირო სპეციალისტების მომზადება.
გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცინიერების მინისტრის მოადგილე, რომელიც ამავე დროს სტუდენტთა შესარჩევი კომისიის წევრი იყო, ამბობს, რომ პრიორიტეტია ის მიმართულებები, რომელიც ნაკლებად არის განვითარებული საქართველოში.
“შედარებით ბევრი გვყავს ეკონომისტი, სამართლის მცოდნე, ნაკლებად – აგრარული, ფიზიკა. ფიზიკის ფაკულტეტზე რომ დაასაქმებ ასეთ ადამიანს, მეტ ეფექტს მიიღებ, ვიდრე ერთი სტიპენდიანტის დაფინანსება, ვინაიდან ბევრი სტუდენტი გაივლის მის ხელში. თუმცა ყოველი შემთხვევა არის უნიკალური მაინც. სამართალშიც კი არის ისეთი სფეროები, სადაც ძალიან გვიჭირს, საზღვაო სამართალი, მაგალითად. ბევრი მცირემასშტაბიანი კვლევა არის ჩატარებული ამ მხრივ, საერთო ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ასეთი კვლევის ჩატარებას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო,”- ამბობს გიორგი შარვაშიძე.
რა გარანტიები არსებობს, რომ საქართველოში დაბრუნებული სტუდენტი იმავე სპეციალობით დასაქმდება და რამდენად სწორად დაიხარჯება ფული ბიუჯეტიდან, ცენტრის დირექტორის თქმით, შიში უსაფუძვლოა.
“ხალხი შიშით უყურებს ამ საკითხს, ლოგიკურიცაა შიში, რომ ახალი რომ მოვა, ძველს გაუშვებენ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. საკმაოდ ფართოა შესაძლებლობები. განათლების ხარისხში თუ ვიცავ სადოქტოროს, შემიძლია ვიმუშაო უნივერსიტეტში, კვლევით ცენტრში. დღეს საქართველოს კვალიფიციური კადრები უჭირს. იმდენად ბევრი შესაძლებლობა არსებობს დასაქმების საქართველოში, რომ არა მგონია ამ კუთხით იწვევდეს პროგრამა შეკითხვებს. დღეისათვის ევროპაში ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის სივრცეშიც უკვე ჩვენც მოვიაზრებით, ახალდამთავრებულ აპლიკანტისთვის რთულია სამსახურის მოძებნა. სახელმწიფო სთავაზობს დახმარებას. მერწმუნეთ, მეღვინეობაში არავინ შემოგთავაზებს, თუ განათლების დარგში გექნება მიღებული განათლება,”- ამბობს ჭელიძე.
როგორც ირკვევა, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული კურსდამათვრებული დასაქმების მიზნით საჯარო დასაქმების ბიუროს მიაკითხავს, სადაც მას, როგორც ცენტრში განმარტავენ, სამსახურის მოძებნაში დაეხმარებიან.
ნინო ჭელიძის თქმით, სახელმწიფო დაბრუნებული სტუდენტის დასაქმების ვალდებულებას იღებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის კვალიფიკაციას ის არ მიიღებს, ვერ დაასაქმებენ. მონიტორინგის ერთადერთი კრიტერიუმი კი, მისი თქმით, დიპლომი იქნება.
მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები და მათი შედეგები
ნინო ჩინჩალაძე საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და მთავრობის პროგრამის საკონკურსო კომისიის წევრია. საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლას 1995 წლიდან “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” მხარდაჭერით აფინანსებდა.
“საკონსულტაციო ცენტრი წელიწადში 100-120-150 სტუდენტს უშვებდა. წლების განმავლობაში, საერთო ჯამში, მინიმუმ 2000 ადამიანი გავუშვით სასწავლებლად, მათ შორის მოკლევადიან პროგრამებზე. ადრე როდესაც ამას ვაკეთებდით, იყო სხვანაირად. კერძო დონორი რა პრიორიტეტებსაც თვლიდა საჭიროდ, იმ პრიორიტეტულ ფაკულტეტებზე ხდებოდა დაფინანსება. სოციალური და ჰუმანიტარული დარგები იყო მაშინ პრიორიტეტი. რაც არ იყო პრაქტიკულად განვითარებული საქართველოში,”- ამბობს ნინო ჩინჩალაძე.
მისივე თქმით, ორგანიზაცია პარალელურად, გაგზავნილ სტუდენტთა დაბრუნების მონიტორინგს აწარმოებდა.
“ძალიან მაღალი ინდექსი გვქონდა დაბრუნების, მაგისტრატურაში 99% იყო დაბრუნება. სადოქტორო დისერტაციაზე, – 88%. ვიცით, სად მუშაობს და რას აკეთებს 80-90%. გარდა ამისა, არსებობდა ასევე კურსამდათავრებულთა გრანტების პროგრამა, მათ შეეძლოთ მცირე გრანტი მოეთხოვათ და უნდა შეესრულებინათ ისეთი პროექტი, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყნისთვის. ეს იყო, ასევე, ერთ-ერთი ფაქტორი, გაგვეგო რას აკეთებდნენ შემდგომ ეს ადამიანები.
რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა წავიდეს ქვეყნიდან და მერე დაბრუნდეს, დასაქმდეს და სამუშაო ძალა დარჩეს ქვეყანაში,”- ამბობს ჩინჩალაძე.
დაიწყებს თუ არა პროფესიით მუშაობას დაბრუნების შემდეგ კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული, ელენე ხუნდაძე, ჯერ არ იცის. მის სწავლას სახელმწიფო ლონდონის UCL არქიტექტურისა და დაგეგმარების სკოლაში, ქალაქის დაგეგმარების სპეციალობით, ერთწლიან მაგისტრატურაში დააფინანსებს.
“დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩამოსვლის შემდეგ, თუ სისტემა მოგვცემს მაგის საშუალებას, ამჯერად მერიაში ისეთი სიტუაციაა, რომ ქალაქის დამგეგმარებლებს ნაკლებად საჭიროებენ. დაბრუნების შემდეგ, თუკი რეალურად იქნება საქმე, ძალიან კარგი გამოცდილება იქნება. ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით მაგისტრატურა მაქვს ჰოლანდიაშიც, რომელიც ჰოლანდიის სახელმწიფო სტიპენდიით მაქვს გავლილი, ოღონდ ცოტა ზოგადი მიმრთულება იყო ის. ახლა მინდა უფრო კონკრეტული და ღრმა მიმართულებით ვისწავლო ეს დარგი,”- ამბობს ელენე ხუდნაძე.
როგორ შეარჩიეს გამარჯვებულები
11-წევრიანი შესარჩევი კომისია დაკომპლექტებული იყო სამინისტროებისა და განათლების საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. როგორც ცენტრში განმარტავენ, თავდაპირველად შესული აპლიკაციები კომისის ყველა წევრმა წაიკითხა და ქულებით შეაფასა.
“1279 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც დაახლოებით 512 გადაირჩა. აქედან 172 აპლიკაცია გადაირჩა და საკვალიფიკაციო კონკურსში გავიდა. გასაუბრებაზე კომისიამ 126 კანდიდატი მიიწვია. დანარჩენები არიან რეზერვში,”- ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე.
როგორც ის განმარტავს, კომისიის 11 წევრი აპლიკაციების შეფასებაზე “ლაივ” რეჟიმში მუშაობდა და სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილებში აპლიკანტებს ქულები დაუწერა.
“ქულებს ინდივიდუალურად წერდნენ. შემდეგ ხდებოდა საშუალო ქულის გამოყვანა, არც ერთმა არ იცის, რომელი კომისიის წევრმა რამდენი ქულა დაუწერა აპლიკანტს. შესაბამისად, ზეწოლა მასზე ვერ მოხდებოდა. ჩადებულია მექანიზმიც, რომ 11 წევრში თუ ერთ-ერთი ვინმეს ე.წ. გადაქაჩვას ცდილობს, ირთვება სისტემა – სტანდარტული გადახრის მაჩვენებელი. გადახრის დროს სისტემა ამას აჩვენებს. ვერ წყვეტს ერთი, ორი ან სამი კომისიის წევრი. ყველა თავის სუბიექტურ აზრს აფიქსირებს და საბოლოო ჯამში არის ობიექტური. გარდა ამისა, სამოტივაციო წერილი არის ერთ-ერთი საშუალება კომისიის წევრებისთვის აპლიკანტის შესახებ გაიგოს, რამდენად შესაბამისი კანდიდატურაა,”- ამბობს ნინო ჭელიძე.
ამის მიუხედავად, არიან სტუდენტები, ვინც საბოლოო კონკურსში ვერ გაიმარჯვა და კომისიის შეფასებას ობიექტურს არ უწოდებს.
25 წლის არჩილ სიხარულიძე ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტში, ოსლოში ანალიტიკოსად მუშაობს. როგორც თავად ამბობს, 2013 წელს დიდი ბრიტანეთის რობერტ გორდონის უნივერსიტეტში საჯარო ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. ამჟამდ თსუ-ში სოციალურ და პოლიტიკურ ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორია, გამოყვექნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე – “რუსეთი 1991-2008”.
“ყოველთვის მინდოდა დამემთავრებინა სადოქტორო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში. როდესაც გავიგე, რომ სახელმწიფომ, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა სერიოზული დაფინანსება გამოეყო ამაზე, შევიტანე საბუთები მანჩესტერის უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიოში 48-ე ადგილზე საუკეთესო უნივერსიტეტების სიაშია. დოქტორანტურაში არ მიმიღეს, რადგან მტკიცებულება უნდოდათ, რომ ვიყავი შესაბამისი დონის სტუდენტი და შემომთავაზეს ერთი წელი მესწავლა მათთან სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკის მეცნიერებაში და წარმატებით დასრულების შემთხვევაში გარანტირებული მქონდა ადგილი დოქტორანტურაში.”
როგორც ამბობს, დარწმუნებული იყო, რომ სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებდა.
“გუშინ მომწერეს, რომ გამსვლელი ქულა იყო 67.1, მე მივიღე 66.2, ანუ დაფინანსების მოსაპოვებლად ვერ დავაგროვე ქულაზე ნაკლები – 0.9. ქულაზე ნაკლები დამაკლდა და დღეისთვის არ ვიცი, რატომ, რისთვის და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ან რა აზრი აქვს გასაჩივრებას, თუ მაგ პერიოდისთვის სახელმწიფო უკვე ყველასთან გააფორმებს ხელშეკრულებას?! სად ყოფილა, ჯერ დაფინანსება გაეცათ და მერე გასაჩივრების პროცესი დაეწყოთ?! ანუ რეალურად გასაჩივრება არ არსებობს,”- ამბობს არჩილ სიხარულიძე.
განათლების საერთაშორისო ცენტრის უფროსი, ნინო ჭელიძე განმარტავს, რომ ნებისმიერი აპლიკანტს, რომელიც უკმაყოფილო იქნება შედეგით, განათლების საერთაშორისო ცენტრი 14-დან 18 ივლისის ჩათვლით შეხვდება და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემს.

