საზოგადოება

“მოქალაქე” უარყოფს, რომ “ქალაქი ამბობს” მათი პროექტია [Video]

13 ივნისი, 2014 •
“მოქალაქე” უარყოფს, რომ “ქალაქი ამბობს” მათი პროექტია [Video]

პროექტის – “ქალაქი ამბობს” – ავტორთა ვინაობა ანონიმურია. თავდაპირველად მათ განახორციელეს კამპანია, სახელწოდებით – “ძეგლები ამბობენ”, რომლის ფარგლებშიც თბილისში არსებულ ძეგლებზე წარწერები დატოვეს – ფასადებს მიღმა ნანგრევებია” ,“მგზავრები ადგილზე მეტია” , “სხვა პარკი მინდა” და ა.შ.


ამის შემდეგ პროექტმა – “ქალაქი ამბობს” სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა, კერძოდ, მომზადდა ვიდეორგოლები, სადაც მოქალაქეები სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ.


12 ივნისს კი პროექტმა “მზიურში” აქცია-კონცერტის სახე მიიღო.


„ყველამ თავისი სათქმელი თქვა. ძალიან კარგი იყო, რომ განსხვავებულმა ტიპებმა ქალაქის ერთგვარი დაგეგმარების სქემა შესთავაზეს მთავრობას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმათ ყურად იღონ ჩვენი სათქმელი, კეთილი ინებონ და გაითვალისწინონ,“ – უთხრა “ნეტგაზეთს” აქცია-კონცერტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ერეკლე დეისაძემ.


აქცია-კონეცრტს ესწრებოდა გიორგი არიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მთლიანობაში პროექტი – “ქალაქი ამბობს” შესაბამის შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან, მისივე მოსაზრებით, პროექტის ფარგლებში ჩაწერილ ვიდეოებში ნაკლები აქცენტები მოდის ღარიბებზე, რასაც გიორგი პროექტის სისუსტედ თვლის.

 

ანალოგიური მოსაზრება აქვს ირაკლი კირკიტაძეს. ის ფიქრობს, რომ პროექტი ძალიან კარგია, თუმცა აღნიშნავს, რომ უფრო მეტი სიტყვები უნდა დაეთმოს ადამიანების სოციალურ მდგომარეობას და არა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს:


„თავისდაუნებურად პროექტი ცოტა სხვაგან წავიდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნელოვანია გამწვანება, ჟანგბადი, მაგრამ ადამიანი ყველაზე მნიშნელოვანია.“

 

ნინო გოგუასთვის პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არსებულ პრობლემებზე ადამიანების სათქმელი ამ პროექტის ირგვლივაა თავმოყრილი. ნინოს აზრით, პროცესის შედეგი უნდა იყოს ის, რომ განხორციელებულ აქტივობებში ჩართული ჯგუფები მომავალში სხვა პრობლემების მიმართ არ დარჩნენ გულგრილნი და სხვა პრობლემების დღის შუქზე გამოტანაში მიიღონ მონაწილეობა.


გუშინდელ აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტის – “ქალაქი ამბობს” – მიღმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” დგას, თუმცა აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა “ნეტგაზეთს” ეს ინფორმაცია არ დაუდასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი