საზოგადოება

“სადეზინფექციო” შარდი პრემიერ-მინისტრს [Video]

9 ივნისი, 2014 • • 2085
“სადეზინფექციო” შარდი პრემიერ-მინისტრს [Video]

აქცია, სახელწოდებით – “ჩვენგან სახსოვრად შარდსაცავ სისტემას” დღეს რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა 13 კონტეინერი მიიტანეს, რომელშიც, მათი თქმით, შარდი ესხა. თითოეულ კონტეინერს ეწერა – “ავადმყოფისაგან #1, #2 და ა.შ.

 

“რადგან თქვენი მოქაალქეებისგან მხოლოდ ეს გჭირდებათ და ამით ამოიწურება თქვენი დამოკიდებულებები და ინტერესი საზოგადოებასთან; რადგან ადამიანებს ახარისხებთ შარდის ანალიზის მიხედვით და სხვა ცივილური და დემოკრატიული ფორმები არ მოგეპოვებათ თქვენი ე.წ. “ჯანსაღი” გენოფონდის გადასარჩენად, ამიტომ გეტყვით თქვენთვის ყველაზე გასაგებ ენაზე: “ანალიზირუიწე ნა ზდაროვიე!” – აცხადებენ ჯგუფის წევრები. 

 

აქციის მონაწილეების თქმით, “მათი საჩუქრის ღირსშესანიშნაობა არის ის, რომ შარდი კარგი სადეზინფექციო საშუალებაა, არის სისხლის ფილტრატი, შარდის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია მიკროელემენტები, ამინომჟავები, ვიტამინების კომპლექსები, შეიცავს თავისუფალ ელექტრონებს, რომლებიც ერთვება ქიმიურ რეაქციებში და აძლიერებს ენერგეტიკულ პროცესებს. 

 

“დეზინფექტორები” განმარტავენ, რომ “შარდის მჟავა სისტემური ბაქტერიის მოსასპობად გადასარევი საშუალებაა. ეს სისტემური ბაქტერია იწვევს: სიყრუეს, სიბრმავეს, სიჩლუნგეს, გაბოროტებას, სხვა ადამიანების თავისუფლების შეზღუდვის სურვილს, სხვა ადამიანების თავისუფლების ხელყოფის დაუძლეველ ლტოლვას და აშ.”

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საპატრიარქოსთან მოწყობილი “დეზინფექციის” გამო “საჭიროებს დეზინფექციას” ჯგუფის წევრებს “ავადმყოფები” უწოდა. 

 

“ავადმყოფი ადამიანი ბევრია, უფრო სწორად, რამდენიმეა, ბევრი არ არის”, – ასე უპასუხა პრემიერმა ასავალ-დასავალის ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, დაისჯებიან თუ არა ის “უცხოეთიდან დაფინანსებული” აქციის მონაწილე “რეზიდენტები”, რომლებიც მას ეკლესიას, პატრიარქს და სარწმუნეობას” უგინებენ. 

 

31 მაისს მოქალაქეებმა მოაწყვეს აქცია “ბექა კრიმინალი არ არის“. აქცია ბექა წიქარიშვილის მხარდასაჭერად გაიმართა, რომლის წინააღმდეგ მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის გამოძიებაა დაწყებული. მას კანონის თანახმად, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. 

 

ხოლო 2 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მოძრაობამ “2 ივნისი” აქცია გამართა, სადაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოითხოვა. აღნიშული მოთხოვნის საპასუხოდ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი