საზოგადოება

ზუგდიდში იუსტიციის სახლი გაიხსნება

7 ივნისი, 2014 •
ზუგდიდში იუსტიციის სახლი გაიხსნება

იუსტიციის სახლის განცხადებით, ზუგდიდის იუსტიციის სახლის კონცეფციაც, სხვა ფილიალების მსგავსად, სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს.

 

მომსახურების დარბაზი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად − თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცედ.

სწრაფი მომსახურების სივრცეში ზუგდიდელი მომხმარებელი სასურველ სერვისს 1-5 წუთამდე დროში მიიღებს, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში − 15 წუთამდე დროში, ლოდინის პერიოდი კი საშუალო, 15 წამიდან 1,5 წუთამდე გასტანს.  

 

ზუგდიდის იუსტიცის სახლი, რიგით მეცამეტე  ფილიალი, 7 ივნისს, 19 საათზე საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან.  

 

ზუგდიდის იუსტიციის სახლი
ზუგდიდის იუსტიციის სახლი

სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება 300-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტის დაცვით მინიმალურ დროში კომფორტულ გარემოში მიღება.

 

იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობა 2016 წლამდე საქართველოს მასშტაბით კიდევ 6 ქალაქში: ფოთში, მცხეთაში, ყაზბეგში, ლაგოდეხში, თიანეთსა და ბორჯომშია დაგეგმილი;

 

‘ამ დროისთვის კი, იუსტიციის სახლის ფილიალები პრაქტიკულად ყველა  მსხვილ ქალქში მოქმედებს და, ჯამში, დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება”, – აცხადებს იუსტიციის სახლის ადმინისტრაცია.

 

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი  მომხმარებელს  თავაზიანი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფს.

2012 წელს  იუსტიციის სახლი სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი