საზოგადოება

საქართველოში ქალთა 17% თვრამეტი წლის შესრულებამდე ქორწინდება

27 მაისი, 2014 • • 5437
საქართველოში ქალთა 17% თვრამეტი წლის შესრულებამდე ქორწინდება

სახალხო დამცველი საგანგაშოს უწოდებს იმ შედეგებს, რის წინაშეც ადრე დაქორწინებული ქალები დგებიან და სახელმწიფოს მიმართავს უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, რათა ნაადრევი ქორწინების პრევენცია მოხდეს.

 

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, 2013 წლის მონაცემებით საქართველოში მცხოვრები ქალების 17% თვრამეტი წლის შესრულებამდე ქორწინდება, ხოლო ადრეული ქორწინება პირდაპირ კავშირშია ოჯახში ძალადობასთან. ასევე, ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში ქალებს არ ეძლევათ სწავლის გაგრძელების საშუალება:

 

“აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება შესაძლო შედეგებზე, რაც შეიძლება ნაადრევმა ქორწინებამ გამოიწვიოს. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ კავშირი არსებობს ოჯახურ ძალადობასა და ნაადრევ ქორწინებას შორის. უნდა მოხდეს მშობლების, პედაგოგების და უშუალოდ ახალგაზრდების ინფორმირება. ამ მხრივ, სამწუხაროდ, არანაირი კამპანია საზოგადოებაში არ ყოფილა ჩატარებული”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

გარდა ადამიანების ინფორმირებულობისა, ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ზუსტი სტატისტიკის წარმოება, რადგან დღეს არსებული მონაცემები შესაძლოა სრულ სურათს არ ასახავდეს.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე ამბობს, რომ ხშირად ბავშვების ქორწინება ეთნიკური, რელიგიური და სხვა ფაქტორებითაა განპირობებული და პრობლემას უფრო ფართოს ხდის ის, რომ ქალთა ადრეული დაქორწინება მშობლების თანხმობითაც ხდება:

 

“არის შემთხვევები, როდესაც 12–13–14 წლის გოგონების დაქორწინება ხდება, აქ მოქმედებს გარკვეული რელიგიური, ეთნიკური, კულტურული ფაქტორები, მძიმე სოციალური ფონი, რომელიც ოჯახს აიძულებს, რომ გოგონა გადააბაროს სხვა ოჯახს. მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ეკონომიკურ სარგებელზეც იყოს საუბარი. ასე ექცევიან, სამწუხაროდ, გოგონებს და ჩვენ ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ”, – აცხადებს მანანა კობახიძე.

 

მისი თქმით, აუცილებელია 2014–2016 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც პარლამენტმა მიიღო გენდერული თანასწორობის კუთხით, მოხდეს ამ საკითხების ინტეგრირებაც. კობახიძე მიიჩნევს, რომ პრობლემა მოგვარებადია:

 

“ვფიქრობ, რომ დაძლევადია ეს პრობლემა და უახლოეს მომავალში მაინც გარკვეული შედეგები უნდა იყოს მიღწეული, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვთქვათ, რომ ბავშვებს აქვთ უფლება იცხოვრონ ნორმალურ პირობებში, იყვნენ დაცული ე.წ. იძულებითი ქორწინებისგან, რადგან ადრეულ ასაკში ქორწინება არა გაცნობიერებული არჩევანია მათი, ეს არის იძულების შედეგი”, – აცხადებს მანანა კობახიძე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით საქართველოში 2013 წელს ადრეული ქორწინების შესახებ სიტუაციური ანალიზი ჩატარდა. როგორც საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი აცხადებს, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რამდენიმე რეგიონში:

“გაეროს მოსახლეობის ფონდი ჩართულია ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში, რომელიც შეეხება ადრეულ ქორწინებას. ეს პრობლემას რჩება საქართველოში, არა მთლიანად ქვეყანაში, არამედ რამდენიმე რეგიონში. არის რეგიონები, სადაც გოგონებს აიძულებენ, რომ გათხოვდნენ ადრეულად. ეს ძალიან ბევრ რამეს ცვლის მათ ცხოვრებაში, არღვევს მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებას, ირღვევა მათი განათლების უფლებაც, ეს აისახება მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებაზეც. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს”, – აცხადებს ნილს სკოტი.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ–ერთი ყველაზე მაღალია.

საქართველოს მაჩვენებელი მაღალია თურქეთთან შედარებით, სადაც ნაადრევად ქალების 14% ქორწინდება, საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოლდოვას აქვს – 18%.

 

ლელა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის პრევენციისა და მოგვარებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაც:

 

“სიღრმისეული განხილვა უნდა მოხდეს საკანონმდებლო ბაზის, მოხდეს ამ საკითხის ფართოდ ინტეგრაცია სახელმწიფო პოლიტიკასა და გეგმაში. სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებულობას. გოგონებს არ უნდა წავართვათ ბავშვობა, უნდა მივცეთ საშუალება მიიღონ განათლება და შევიდნენ ისეთ ქორწინებაში, რომელიც მათთვის მისაღები და მათი არჩევანი იქნება”

მასალების გადაბეჭდვის წესი