სოფლის განაპირა მხარეს ერთიმეორის გვერდით რამდენიმე სახლი დგას, მათგან სიძველით ერთსართულიანი ხის ფიცრული გამოირჩევა, სადაც შოთა სოლომონიძე მოხუც დედასთან, მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს.
შვიდსულიანი ოჯახის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა არამარტო ამ ოჯახის წევრების, არამედ მეზობლების თავსატეხიც არის. როგორც ოჯახის დიასახლისი მანანა სოლომონიძე გვიყვება, მათ პურიც კი აღარ აქვთ.
“დღეს პური რომ გამოვაცხო და სკოლიდან მოსული ბავშვები დავაპურო, ფქვილი არ მაქვს. ვფიქრობ, ისევ მეზობელს უნდა გამოვართვა და გამოვაცხო. ბავშვებს შიათ”.

მანანა სოლომონიძე ამბობს, რომ ოპერაციაც აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ვერც ამას ახერხებს. მან იცის, რომ ოპერაციას სახელმწიფო დაუფინანსებს, მაგრამ მგზავრობის და ჭამის ფული არ აქვს, მაგალითად, ბათუმამდე რომ ჩავიდეს.
“ხერხემლის მალები მაქვს დაშორებული და ექვს მალაში – კისტა-ამონაზარდები. პოლუსი გვაქვს, მაგრამ გზაში, საავადმყოფოში, ჭამაში, წამლებში ხომ გჭირდება ფული? ოპერაციას თუ გავიკეთებ, ექვს თვეს უნდა ვიწვე. ექიმმა ასე მითხრა. მე რომ დავწვე, ბავშვებს რა ეშველებათ. ჯერჯერობით ფეხზე ვდგავარ და იმას მაინც ვაკეთებ, რომ ძროხას მოვუარო, მოვწველო და ბავშვებს რძე ვაჭამო. ორი ძროხა და ორი ხბო მყავს”.
მანანა სოლომონიძე საკუთარი ძალებითაც ცდილობს საარსებო წყარო გამონახოს ოჯახისთვის: “სხვისი პირუტყვი მიმყავს იალაღზე, ვუვლი, ვაკეთებ ყველს, კარაქს და მეპატრონეები იქედან ცოტას მაძლევენ, წელსაც ვაპირებ წავიყვანო, ბავშვები დამეხმარებიან პირუტყვის მოვლაში. მიწა რომ მქონდეს, დავამუშავებდი, მაგრამ ძალიან პატარა მიწა მაქვს. არც სამსახური გამაჩნია და ვართ ასე საცოდავ დღეში”.
სოლომონიძეების ოჯახის მძიმე ყოფაზე მიუთითებს სოციალური აგენტის მიერ ოჯახში შევსებული დეკლარაცია – ამ ოჯახის სოციალურ-მატერიალური მდგომარეობა 40 000 ქულით არის შეფასებული და სახელმწიფოსგან 300 ლარის საარსებო შემწეობას იღებს, მაგრამ როგორც მანანა ამბობს, ეს ფული ყოველთვიურად, ბანკის კრედიტის დაფარვას ხმარდება.
“ჩვენი შემოსავალი დედამთილის პენსია და საარსებო შემწეობაა, მაგრამ ხელზე მხოლოდ 50 ლარს ვიღებ. შარშან ძალიან ცუდად რომ გავხდი, დედამთილმა პენსია წინასწარ გამოიტანა. ჩემ ავადმყოფობას შვილის ავადმყოფობაც დაემატა – მოულოდნელად ცუდად გახდა, სასწრაფომ პირდაპირ ბათუმში გადაიყვანა და 4 დღე რეანიმაციაში მოათავსეს. ბანკიდან სესხი – 4000 ლარი ჩემი და ჩემი შვილის მკურნალობისთვის გამოვიტანეთ. დროზე რომ ვერ დავხურე, პროცენტი პროცენტს დაემატა… ავადმყოფი ბავშვები ახლაც ექიმთან მყავს მისაყვანი, მაგრამ ვერც ერთი მიმყავს საავადმყოფოში”.
სოლომონიძეების სახლში კარები და ფანჯრები არ იხურება. იატაკი ამოცვენილია, სახურავი დაზიანებული და წყალი ჩამოდის, მათი ავეჯი შეშის ღუმელი, მაგიდა, რამდენიმე ხის სკამი, საწოლები, ტელევიზორი და ორი დაშლილი კარადაა.
“ელექტროგაყვანილობა ძველია და მეშინია ხანძარი არ გაჩნდეს. ერთხელ გაეკიდა, მეზობელმა დაინახა, დამიძახა და ასე გადავრჩით. ვიყიდე 20-თეთრიანი სანთებელა და იმას ვანთებ. ელექტრიკოსი მოვიყვანე, მითხრა გაყვანილობა გამოსაცვლელია მთლიანადო. მივმართე გამგეობას დამეხმარეთ-მეთქი, იქნება მეორადი სახურავით, საშენი მასალით ან საწვავით დაგვეხმარონ. ჩვენი დამხმარე და მომკითხავი არავინაა. წლებია მეზობლის წყლით ვსარგებლობ, რომ გამითიშოს, დასალევი წყალიც არ მექნება. კარგი მეზობლები მყავს, ამაში გამიმართლა. ბავშვი ავად რომ გახდა, ხალიჩა გვიყიდა, ბავშვები არ გაცივდენო და იატაკზე დავაგეთ”, – ამბობს მანანა.
იმის შიშით, რომ შეიძლება შემწეობა მოუხსნან, მანანას მეუღლე თურქეთშიც ვერ მიდის სამუშაოდ: “ერთხანს ვიფიქრე სამუშაოდ წავიდე ქმართან ერთად-მეთქი. მერე ვთქვი, რომ ვერ შევძლო… მძიმე სამუშაო. ტყუილად დავრჩებოდი გადასული. თანაც, ვინც თურქეთში გადავიდა, ყველას მოუხსნეს დახმარება, ესეც რომ მომიხსნან, რაღა მეშველება მერე? ქმარიც ეძებს სამუშაოს, მაგრამ ვერსად იპოვა, ვინმეს ტყეში დახმარება თუ დასჭირდება, მიყვება და ერთ-ორ ლარს აძლევენ. ბიჭიც ეხმარება, ბავშვია, მაგრამ მამა ეცოდება და დაყვება ტყეში”.
ოჯახის მეზობელი თემურ სოლომონიძე ამბობს, რომ მეზობლებს შეძლებისდაგვარად ეხმარება, მაგრამ არსებობისთვის ეს ძალიან მცირეა: “ამ ოჯახს ძალიან უჭირს, იქნებ ამბავი მიიტანოთ ხელისუფლების ყურამდე და გამოუჩნდეს დამხმარე, გასულ თვეს პურის ფქვილი და შაქარი მე ვუყიდე. ყოველთვის დავეხმარები, მაგრამ ხომ იცით სოფლის ამბავი, ყველას მისთვის ძლივს აქვს. ადამიანი თვითმკვლელობას რომ გადაწყვეტს, მიხვდე უნდა რა დონეზე უჭირს”.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა მევლუდ წულუკიძემ თქვა, რომ სოლომონიძეების ოჯახთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა დასძინა, რომ ახლა აღრიცხვაზე აიყვანენ და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.




