საზოგადოება | , ,

ჭარბი წონის პრობლემა ბავშვებში

18 მაისი, 2014 | | 4054
ჭარბი წონის პრობლემა ბავშვებში

მაიასგან განსხვავებით, მშობლების უმეტესობა ბავშვის ჭარბ წონას განსაკუთრებულ პრობლემად არ მიიჩნევს. „გაიზრდება და დაიკლებს” – ასე ამბობენ ხშირად მშობლები და არ ცდილობენ ბავშვის კვების რაციონში პურ-ფუნთუშეული, ცხოველურ ცხიმზე დამზადებული საკვები და ტკბილეული შეზღუდონ.

ბავშვის ჭარბი წონა, რაც განსაკუთრებით ბებია-ბაბუებს ახარებთ, დიაგნოზია. „დიახ, ენდოკრინოლოგიაში სიმსუქნე გამოყოფილია, როგორც დაავადება,” – ამბობს ლია კაკაურიძე, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, აჭარის ენდოკრინოლოგიური ცენტრის ექიმი. იგი მესამე წელია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის მონაწილე ექიმია და საბავშვო ბაღებისა და სკოლების მოსწავლეების ჯანმრთელობას იკვლევს სხვა სპეციალისტებთან ერთად. მისი დაკვირვებით ბოლო ხანს ჭარბწონიანი ბავშვების რაოდენობის მატების ტენდენცია შეიმჩნევა.

არის თუ არა საშიში ჭარბი წონა ბავშვისთვის? – ლია კაკაურიძე შეკითხვას დადებითად პასუხობს და იმ შედეგების ჩამოთვლას იწყებს, რაც ბავშვის ჭარბწონიანობას შეიძლება მოჰყვეს: „დიაბეტი არის ძალიან დიდი რისკ-ფაქტორი, რაც უკვე მოზრდილობის ასაკში შეიძლება განვითარდეს; გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; გულის იშემიური დაავადებები; არტერიული ჰიპერტენზია; სხვადასხვა ხარისხის გულის უკმარისობა; ფილტვისმიერი გულის განვითარება და აპნოეს სინდრომი, ანუ ძილში სუნთქვის შეჩერება, რის დროსაც თავის ტვინი და, ზოგადად, მთელი ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის; საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები; ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები; ღვიძლის გადიდება; კუჭის გადიდება, ქრონიკული კოლიტი; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; შარდ-კენჭოვანი დაავადებები; ჭარბი წონის დროს ძალიან დიდ დატვირთვას განიცდის ძვალ-სახსროვანი სისტემა, ვითარდება ოსტეოართროზი, რაც შემდგომში ინვალიდობის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს; ასევე, ჭარბწონიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ სხვადასხვა სახის ონკოლოგიური პათოლოგიები”.

მიუხედავად სიმსუქნის რისკ-ფაქტორებისა, ლია კაკაურიძე საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად ამბობს, რომ მშობლები იქამდე არ აღიქვამენ სიმსუქნეს პრობლემად, სანამ ბავშვი საგანგაშო წონამდე არ მიდის. „უხარიათ, რომ ბავშვი ფუმფულა და საყვარელია, მაგრამ არ აქცევენ ყურადღებას, თუ რა გართულებები შეიძლება ამან გამოიწვიოს. შეიძლება ბევრ მშობელს არ აქვს ბავშვის სპეციალისტთან მიყვანის საშუალება, მაგრამ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში ბავშვებს ვაძლევთ მიმართვას, ჩაიტარონ უფასო დამატებითი გამოკვლევები, მაგრამ ამითაც არ სარგებლობენ“ – ამბობს ლია კაკაურიძე.

ბავშვის სიმსუქნის მიზეზით რომ ექიმთან მიმართვიანობა დაბალია, ამას პედიატრებიც ადასტურებენ. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის პედიატრი ხათუნა ფარტენაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მის სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მყოფი ბავშვი ჭარბწონიანია, მას ზოგადი რეკომენდაციების გარდა – ჯანსაღი კვება, მეტი ფიზიკური აქტივობა – დიეტოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან ამისამართებენ.

„მნიშვნელოვანია რა მიზეზით არის ბავშვი ჭარბწონიანი. ეს შეძლება იყოს ორგანული, მემკვიდრეობითი ან სოციალური ფაქტორი. მე ვეკითხები მშობელს, როგორ იკვებება ბავშვი დღის მანძილზე, რამდენ ხილსა და ბოსტნეულს იღებს, რა ფიზიკური აქტივობით არის დაკავებული. ბავშვს, რომელსაც ნივთიერებათა ცვლა მოწესრიგებული აქვს, არ ექნება ჭარბი წონის პრობლემა. ნივთიერებათა ცვლა კი მოწესრიგებულია მაშინ, როცა ბავშვი იკვებება სწორად და ასაკის შესაბამისად”.

ხათუნა ფარტენაძე ბავშვთა ჭარბწონიანობის ერთ-ერთ, სოციალურ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იზრდება ბავშვი, რამდენ დროს ხარჯავს თამაშში, სკოლაში ან ბაღში, როგორ იკვებება, ნახევარფაბრიკატებით და ტკბილეულით, თუ ჯანსაღი საკვებით?! დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალა სოციალური პირობები. ეზოში თამაშს ენაცვლება კომპიუტერის წინ ჯდომა. ასეთ დროს ბავშვები პასიურები არიან. ბევრ მშობელს იქვე, კომპიუტერთან მიაქვს საკვები და ბავშვი ისე ასრულებს ჭამას, რომ გემოვნების, დანაყრების შეგრძნება არ აქვს. როცა ბავშვი საბავშვო ბაღში დადის, მეტ-ნაკლებად ეჩვევა მოწესრიგებული კვების რეჟიმს, ეს კარგია. ბავშვების გამოკვება განსაკუთრებით ბებიებს უყვართ ნოყიერი, ცხიმიანი საკვებით, ამიტომაც ამ პრობლემაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს პირველ რიგში მშობლების, ოჯახის წევრების განათლებით, რადგან ისინი ქმნიან ბავშვის ცხოვრებისა და კვების რეჟიმს. ყველა გარემო უნდა იქნეს შესწავლილი და ისე გადაიჭრას პრობლემა. ეს დროში გაწერილი პროცესია და შედეგებიც ნელ-ნელა დგება”, – ამბობს ხათუნა ფარტენაძე.

მკურნალობის მეთოდი ძირითადად ერთია – „აუცილებელია ჯანსაღი კვება, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები; არ შეიძლება ბავშვს ავუკრძალოთ და ვაშიმშილოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. დათვლილი უნდა იყოს კალორაჟი, ბავშვის ასაკის, სიმაღლისა და ფიზიკური დატვირთვის შესაბამისად. ძალიან კარგია სპორტი, ცურვა და სხვადასხვა მასაჟი. ეს პროცესი ადვილი არ არის, მაგრამ სპეციალისტის დახმარებით მიიღწევა.“

ბავშვებს კვების ახალ რეჟიმთან შეგუება უჭირთ. ოთხი წლის ელენემ, რომელსაც ძალიან უყვარს კარაქიანი პური, საბავშვო ბაღში მეგობრების ულუფას კარაქი ააცალა და ბავშვებს არწმუნებდა, რომ მათ პური კარაქის გარეშე შეხვდათ. ელენეს არ დაუჯერეს და ამ საკითხზე საბავშვო ბაღში მისი მშობლებიც კი დაიბარეს. სკოლის მოსწავლე თაზომ კი, მას შემდეგ, რაც სახლში კვების ახალი რეჟიმი დაუწესეს, გამოსავალი ასე იპოვა – თაზო ბიძის ოჯახს სტუმრობდა და იქ ნაყრდებოდა.

მსგავსი შემთხვევების დროს მშობლებს სიმტკიცის გამოჩენა უჭირთ, იმის მიუხედავად, რომ ბავშვის ჯანსაღი კვების რაციონი ყველა საჭირო პროდუქტს შეიცავს. ბავშვი კვების ახალ რეჟიმზე ისე როგორ უნდა გადავიდეს, რომ მას ფსიქოლოგიური დისკოფორტი არ შეექმნას? ფსიქოლოგი ქეთევან ბერიძე ამბობს, რომ ამისთვის ბავშვი ფსიქოლოგიურად უნდა მოვამზადოთ, თუმცა არ არსებობს ერთი, უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ეფექტური იქნება:

„უნდა შევუცვალოთ ბავშვს დამოკიდებულება საკვების მიმართ, სტიმული უნდა მოვუძებნოთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ხასიათზე, კვების მიმართ დამოკიდებულებაზე, მისი ქცევისა და ცხოვრების წესზე. საწყის ფაზაში არ შეიძლება ბავშვის სწრაფი გადაყვანა კვების ახალ რეჟიმზე, არ შეიძლება ავუკრძალოთ ყველაფერი, ჯანსაღი კვების წესამდე უნდა მივიყვანოთ ბავშვი ნელ-ნელა. თუმცა არის მეორე მოსაზრებაც – დარტყმითი რადიკალური ცვლილებები. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ბავშვზე. მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგის ჩართულობა და ბავშვის მომზადება”.

ქეთევან ბერიძე ამბობს, რომ ბავშვის მიერ ზედმეტი რაოდენობით საკვების მიღების მიზეზი არა მხოლოდ ჩვევა, არამედ სხვა მიზეზიც შეიძლება იყოს:

„საკვები არის რაღაცის ჩანაცვლება. შესაძლოა ჭამამ ჩაანაცვლოს აგრესია და ბრაზი. აგრესია უკავშირდება კბილებს, ამიტომ ღეჭვის პროცესი არის აგრესიისგან გათავისუფლების დამხმარე საშუალება. თუ ბავშვმა ვერ გამოხატა თავისი ემოციები, მაგალითად სიბრაზე, მაშინ შესაძლებელია ამის დაკმაყოფილება საკვებით. ძალიან კარგი მეტაფორა არსებობს ჭამასთან დაკავშირებით: რა ემოციებს ჭამ?! საკვებს ვჭამთ, თუ ემოციებს მივირთმევთ?! ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რატომ მიირთმევს ბავშვი ზომაზე მეტ საკვებს და ამის შესწავლის შემდეგ შეგვიძლია კონკრეტული სტრატეგია დავსახოთ მშობელთან ერთად, თუ როგორ შეიძლება შევცვალოთ ბავშვის ცხოვრების წესი, მისი დამოკიდებულება საკვების მიმართ”, – ამბობს ქეთევან ბერიძე.

ჭარბი წონა ბავშვისთვის არა მხოლოდ სომატური დაავადებების, არამედ ფსიქო-ნევროლოგიური დაავადებების, მათ შორის დეპრესიის რისკსაც შეიცავს. ჭარბწონიანი ბავშვი სკოლაში შეიძლება თანატოლების მხრიდან დაცინვის ობიექტიც გახდეს და დაეცეს მისი თვითშეფასება.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ბავშვის არასწორი კვების შედეგად განვითარებული ჭარბწონიანობის მიზეზი, პირველ რიგში, მშობლები არიან. ოჯახში, სადაც მშობლები თავად იკვებებიან ჯანსაღად, იშვიათად თუ შეხვდებით ჭარბწონიან ბავშვს.

ქეთევან ბერიძე ამბობს, რომ ბავშვის ჭარბწონიანობის დასაძლევად მშობლებთან მუშაობაა საჭირო: „თუ მშობელმა შეცვალა დამოკიდებულება საკვების მიმართ და დაიჯერა, რომ, მაგალითად, ორი ნაჭერი პური ბავშისთვის საკმარისია სადილზე, ბავშვიც დაიჯერებს. ჩვენ, ძირითადად, მშობლებთან ვმუშაობთ, რადგან მათგან გამომდინარეობს ეს პრობლემა.მშობელმა უნდა გაითავისოს, რატომ არის საჭირო, რომ მისმა შვილმა წონაში დაიკლოს. იმიტომ კი არა, რომ გამხდარი უფრო ლამაზი იქნება, ვიღაცაზე მიბაძვით არ უნდა შევუქმნათ ბავშვს მოტივები. ვიღაცაზე შედარებებით არ შეიძლება ვაიძულოთ ბავშვი, რომ კვების ქცევა შეცვალოს. ამან შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს, ბავშვმა დაიწყოს „ემოციების ჭამა” და უფრო მეტი არაჯანსაღი საკვები ჭამოს.”

ფსიქოლოგის თქმით, ასევე დაუშვებელია ბავშვის წონის კრიტიკა და აგრესიული შეფასებები ოჯახის წევრების მიერ.
“როდის უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის წონაზე ზრუნვა? პედიატრი ხათუნა ფარტენაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე: „როცა ქალი დედობისთვის ემზადება, მან უნდა გაათვიცნობიეროს, რომ წონაში მისი ზედმეტი მატება აისახება ბავშვის წონაზეც და არ უნდა მიიღოს ზედმეტად კალორიული საკვები. ბავშვის, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანის წონას, მუდმივი ყურადღება სჭირდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი