საზოგადოება

სინათლის გარეშე [VIDEO]

8 მაისი, 2014 •
სინათლის გარეშე [VIDEO]

ილორის ქუჩაზე დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი “დიოსკურია” 1996 წლიდან ფუნქციონირებს. შენობის მეორე სართულზე კი 6 თვის წინ სოციალურად დაუცველები შესახლდნენ. ისინი პოლიკლინიკისგან ელექტროენერგიითა და წყლის სარგებლობის უფლებას ითხოვენ.

როგორც ერთ–ერთი სოციალურად დაუცველი, მარინე ხუნაშვილი აცხადებს, შენობის მეორე სართულზე ამჟამად სულ 7 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვიც. პირველ სართულზე განთავსებული პოლიკლინიკის ხელმძღვანელობამ კი მათ დენი ჩაუჭრა და წყალი გადაუკეტა:

“ისეთ პირობებში ვცხოვრობთ, არა მგონია, ამ საუკუნეში ჩვენსავით ვინმე ცხოვრობდეს. წყალს კილომეტრიდან ვეზიდებით, მერე ფეჩზე ვაცხელებთ და ტაშტებში ვბანაობთ. ბავშვებს მკლავები მოწყვეტილი აქვთ წყლის ზიდვით. არც დენი გვაქვს, ბავშვები გაკვეთილებს ლამპის შუქზე მეცადინეობენ. დენი და წყალი პოლიკლინიკის ხელმძღვანელობამ გადაგვიკეტა, ამოვიდნენ და ყველა ონკანი მოჭრეს. ვეუბნებით, რომ მზად ვართ გადასახადი გადავიხადოთ, მაგრამ მაგათთან ლაპარაკი არ შეიძლება”, – აცხადებს მარინე ხუნაშვილი.

“ზამთარში კიდევ უფრო გვიჭირდა, ეზოში ის ონკანიც იყინებოდა, საიდანაც წყალს ვეზიდებოდით. ერთხელ ორივე ბავშვი ერთმანეთის ნაბან წყალში ვაბანავე, სხვა გზა არ მქონდა. სხვაგან წასასვლელი რომ გვქონდეს, ასეთ პირობებში ნამდვილად არ გავჩერდებოდით”, – ამბობს კიდევ ერთი მაცხოვრებელი რუსუდან ტრაპაიძე.

სოციალურად დაუცველების თქმით, პირველი სართულიდან მათ დამაგრძელებელი შნურით დენი ამოიყვანეს, რომ ერთი ნათურა მაინც აენთოთ და დერეფანი გაენათებინათ, მაგრამ ორი დღის წინ ესეც ჩაუჭრეს.

გარდა წყლის და ელექტროენერგიის პრობლემისა, სოციალურად დაუცველებს კიდევ ერთი საკითხი აწუხებთ. იმის გამო, რომ პირველ სართულზე პოლიკლინიკა მდებარეობს, საღამოს შენობის კარი იკეტება და შენობიდან გასვლის ან შემოსვლის შემთხვევაში მათ დარაჯთან დარეკვა უწევთ:

“ერთხელ შუაღამეზე სასწრაფო დაგვჭირდა, პირველ საათზე მოსული ექიმები შენობაში ღამის 4 საათზე შემოვიდნენ, სანამ დარაჯი მოვიდა და კარი გააღო, კინაღამ მოკვდა ადამიანი”, – ამბობს სოციალურად დაუცველი ფატმან კაკაბაძე.

სოციალურად დაუცველები
სოციალურად დაუცველები

პოლიკლინიკაში კი ამბობენ, რომ თუ ვინმეა დაზარალებული ამ სიტუაციაში, ეს პოლიკლინიკის ხელმძღვანელობაა, რადგან 7 ოჯახის გადასახადები მათ აწვებათ:

“ჩვენ ვართ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ამიტომ გადასახადებს ისედაც მეტს ვიხდით, ვიდრე ფიზიკური პირები იხდიან. რაც სოციალურად დაუცელები შემოსახლდნენ, ჯერ შენობა გაანადგურეს, მთელი პარკეტი აყარეს და დაწვეს, გარდა ამისა, ჩვენგან ჩუმად სარდაფიდან შეუყვანიათ დენი და ამდენი თვე გადასახადი ჩვენ გვაწვებოდა. ის, რომ დასალევ წყალს არ ვაძლევთ, ტყუილია, მაგრამ მათ უნდათ შვიდივე ოჯახმა ჩვენ ხარჯზე იცხოვროს, რაც შეუძლებელია”, – აცხადებს პოლიკლინიკის დირექტორი ნანა გერგედავა.

მისი თქმით, პოლიკლინიკამ სოციალურად დაუცველებს უფლება მისცა პირველ სართულზე ჩასულიყვნენ დასალევი წყლისთვის, ან მობილურის დასატენად, მაგრამ ყველა ოჯახისთვის დენის და წყლის შეყვანის შემთხვევაში ისინი გადასახადს ვერ გადაიხდიან:

“გვეუბნებიან, გადმოგვიყვანეთ და გადაგიხდით ფულსო, მაგრამ ეს არაკანონიერია, მერე ჩვენთან რომ მოვა საგადასახადო, რა ვუთხრათ, რატომ ვიღებთ ამ ადამიანებისგან ფულს? რომ გვითხრან, ქრთამს ხომ არ იღებთო, რა პასუხი გავცეთ? თუ დასახლდებიან და დაისაკუთრებენ ამ ადგილს, დარეგისტრირდნენ ცალკე აბონენტად და შეიყვანონ დენიც და წყალიც, ჩვენ ხელს არ შევუშლით”, – აცხადებს ნანა გეგედავა.

რაც შეეხება შენობის კარის ჩაკეტვას, პოლიკლინიკის დირექტორის თქმით, შენობაში ძვირადღირებული აპარატურაა, მათ შორის რენტგენისა და ეხოსკოპიის აპარატები და ღამე კარი ღია ვერ იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია აცხადებს, რომ სამინისტრო ამ ადამიანებს ვერაფრით დაეხმარება:

“სოციალურად დაუცველობა იმას არ ნიშნავს, რომ კანონი უნდა დაარღვიო და სხვის საკუთრებაში შეიჭრა. რეალურად ხალხმა კანონი დაარღვია და მე შუამდგომლობას ვერ მივცემ, სხვისგან დენი გადაჭიმონ, ან წყალი შეიყვანონ. პოლიკლინიკამ პოლიციას მიმართა, მაგრამ პოლიცია არ აღასრულებს ამ კანონს იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველებს ქუჩაში ვერ გამოყრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვის ფართს მათ ვინმე დაუკანონებს და იქ ვინმე წყალს შეუყვანს და დენს მისცემს”, – აცხადებს გია კაკაჩია.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველთა დახმარების საკითხზე ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს:

“საკითხი განხილვის პროცესშია, როგორ უნდა მოხდეს მათი დახმარება, გადაწყვეტილება როდესაც იქნება მიღებული, მათაც გავაცნობთ და საზოგადოებისთვისაც იქნება ცნობილი”, – აცხადებენ მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი