ნიგერიელი ჩიბუიკე უბანი რვა წელია საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს. მას აქ მიშას ეძახიან, რადგან ამბობს, რომ ქართველებისთვის ეს სახელი უფრო ახლობელია. ოთხი წლის წინ მან თიკო კოტრიკაძეზე იქორწინა, ჰყავთ სამი წლის ბიჭი ჩიკო. ჩიბუიკე უბანი ამბობს, რომ განსხვავებული კანის ფერის გამო ის ხშირად გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამბობს, რომ – “ფუ, რას ჰგავს” – რვა წლის განმავლობაში როგორც პირისპირ, ასევე ზურგსუკანაც მოუსმენია.
“ადრე ვერ ვითმენდი და მეც ვერთვებოდი ჩხუბში, ბათუმში, მგონი, პოლიციის განყოფილება აღარ დარჩა, მე რომ არ ვიყო ნამყოფი. უმიზეზოდ მაგინებდნენ და პოლიციას მაინც მე მივყავდი. “წადი, აქედან დაახვიე”, პოლიციელი რომ გეტყვის – ეს არ არის დისკრიმინაცია? ახლა 42 წლის ვარ, მრცხვენია უკვე ჩხუბი და კამათი. არც ჩემს სტატუსს შეეფერება, რადგან საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობაზე და ინგლისურ ენასაც ვასწავლი”.
საუბარში მისი მეუღლე, თიკო კოტრიკაძე გვერთვება. ამბობს, რომ რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემას პირველად საკუთარ ოჯახში წააწყდა: “ოჯახს ძალიან გაუჭირდა მისი მიღება. თუმცა, დღეს ეს პრობლემა დაძლეულია”.
“ახლა ჩემს სიდედრს მზე ამოსდის ჩემზე”, – გვეუბნება ჩიბუიკე. თიკო კი ამბობს, რომ ქართველი რძალი ნიგერიელებმა გაცილებით სიყვარულით მიიღეს, ვიდრე ქართველებმა მისი ქმარი სიძედ: “იქ სულ შავკანიანები არიან, მაგრამ კანის ფერზე არავის აქვს გართულება. იცით, რა ზიზღი მიგრძვნია აქ ადამიანებისგან? ხშირად არაფრის გამო გვქონია შეკამათება უცხო პირებთან. ერთხელ ვიღაც კაცი აგვიხირდა ავტობუსში, ამის გვერდით რატომ ხარო”.
ზიზღის თემას ისევ ჩიბუიკე აგრძელებს: “მარშრუტკაში ზიხარ, გვერდით ადგილი ცარიელია, გოგო დგას და არ ჯდება. რა ვქნათ, შავკანიანებმა საკუთარი მარშრუტკებით ვიაროთ?”
ჩიბუიკე უბანი ინტეგრაციის პრობლემაზეც აკეთებს აქცენტს. მისი აზრით, ქართველების ქსენოფობიის მიზეზი კარჩაკეტილობაა:
“თვითონ არ დადიან საზღვარგარეთ. მე ვცხოვრობდი ინგლისში, დუბაიში, ახლა აქ ვარ. ხალხი, რომელიც ამბობს, რომ უნდა ნატო და ევროკავშირი, არ შეიძლება ასეთი მენტალიტეტით ცხოვრობდეს. მესმის, რომ რასიზმი იყო ბევრი ქვეყნის პრობლემა, მაგრამ დღეს მსოფლიო ამბობს: “უთხარი რასიზმს არა!”
რესპონდენტის აზრით, საქართველოში არც განსხვავებული რწმენის ადამიანები უყვართ: “მონათლული ხარ? ბავშვი მონათლე? ყველგან ამას გეკითხებიან. აღდგომას ეკლესიაში რომ მივედი, მომესმა – “ამ ზანგს აქ რა უნდა”. ქუჩაში ხომ იგინებიან, ეკლესიაშიც იგინებიან. ეს არის რწმენა? ჩვენთან რელიგიის დაძალება გამორიცხულია. დედა სხვა ეკლესიაში დადის, მამა – სხვა, მაგრამ სახლში მშვიდობა გვაქვს”.
როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილი დაცულია რასობრივი დისკრიმინაციისგან? – ვეკითხები მათ. თიკოს მიაჩნია, რომ ახალი თაობა დისკრიმინაციას დაძლევს, ჩიბუიკე კი ფიქრობს, რომ ალბათ მის შვილსაც გაუჭირდება.
“ერთხელ მეუბნება, – “დედა, მე ზანგი ვარ?” ბუნებრივია, ეს ბავშვებისგან მოისმინა ქუჩაში. ეს ყველაფერი ოჯახებიდან მოდის. მაინც მგონია, რომ ახალი თაობა უფრო ლიბერალური იქნება, მით უმეტეს, ჩემი შვილი აქ დაიბადა”, – იმედიანადაა თიკო.
ჩიბუიკეს აზრით, მთავარი პრობლემა განათლებაშია: “ბევრი რამეა გასაკეთებელი განათლებაში. ქართველები რეალურად ძალიან თბილი ხალხია. სხვანაირად აქ რა გამაჩერებდა, როცა ესმით, რომ ქართულად ესაუბრები, მათაც კი, ვინც გეჩხუბებოდა, ცოტა ხნის შემდეგ დამოკიდებულება ეცვლებათ. მეტი ურთიერთობა, მეტი განათლებაა საჭირო. ბათუმი ტურისტული ქალაქია და უცხოელები უნდა უყვარდეთ. რვა წელია ნაქირავებში ვცხოვრობ და ბინის პატრონს 300 დოლარს ვუხდი. ფაქტობრივად, ის ჩემს ხარჯზე ცხოვრობს. ამის გამო მაინც მცეს პატივი”.
ირინკა ალიაშვილი”ბათუმელებთან” საუბარში შავკანიანთა დისკრიმინაციის შემთხვევებს იხსენებს.
“შევესწარი ფაქტს, როდესაც “მარშრუტკაში” ამოვიდნენ შავკანიანი გოგო და ბიჭი. ერთმა მგზავრმა ქალმა ეს გააპროტესტა და ტრანსპორტიდან ჩავიდა. მან მძღოლი გალანძღა, როგორ ბედავ და სუნიანებს უშვებ “მარშრუტკაშიო” და კარიც გაიჯახუნა. ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები, “სუნიანები”, “უჯიშოები”. დისკრიმინაცია ზოგჯერ იმდენად წვრილმან და დამამცირებელ შემთხვევებამდე დადის, რომ მოყოლაც კი მეუხერხულება”.
ირინკა ამბობს, რომ რასობრივი დისკრიმინაცია საკუთარ ნათესავებზეც გამოსცადა: “ჩემს ბიძაშვილს ჰყავს შავკანიანი ცოლი. შარშან იყვნენ ჩამოსულები საქართველოში და ლისის ტბაზე სეირნობდნენ. მოვიდა რამდენიმე თბილისელი და ფოტოების გადაღება დაიწყო. ძალიან დაიბნა ის გოგო. ბიძაშვილის შვილი და მეგობრის ბავშვი თამაშობდნენ იქვე და ერთ-ერთმა გამვლელმა ხმამაღლა თქვა – “თეთრი მაინც ჯობიაო”. ეს ძალიან ეწყინა ჩემს ბიძაშვილს და ეკამათა კიდეც”.
ირინკა ამბობს, რომ ის ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგია, მით უმეტეს კანის ფერის გამო.
“ჩემს ძმასაც ჰყავს შავკანიანი შეყვარებული, ის ლონდონში გაიცნო. თავიდან დედასაც საშინელი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ როცა გაიცნო, მგონი მთლიანად შეიცვალა მისი ღირებულებათა სისტემა. ასე შეიცვლება ალბათ საზოგადოებაც”.
რასობრივ დისკრიმინაციას ვაწყდებით არა მარტო ქუჩაში ან სოციალურ ქსელებში, ის თავს იჩენს სახელისუფლებო წრეებშიც კი.
“საფრანგეთში ხართ ნამყოფი, გაუხსნიათ თქვენი ჩანთა? ჩვენ ზანგები ვართ თუ რა, რატომ ვიქცევით ველურებივით?” – ორი წლის წინ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ ფრაზას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შავკანიანების ველურებად მოხსენიების შემთხვევები ხშირია საზოგადოებრივ ადგილებში.
“ზანგო, მაიმუნო, მახინჯო, წაეთრიე ჯუნგლებში”; “წადი წაეთრიე შენს ქვეყანაში”… “დიდი ხანია ტანზე ჩაიცვით?” – ეუბნება შუახნის მამაკაცი შავკანიან ქალს, რომელიც დამტვრეული ქართულით ცდილობს თავის დაცვას: “შენ ხარ მაიმუნი, შენი ოჯახი მაიმუნი”.
შავკანინ სტუდენტთა დისკრიმინაციას ერთი წლის წინ ადგილი ჰქონდა მახინჯაურშიც – ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში უცხო პირები შეიჭრნენ 13 ნიგერიელი სტუდენტის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზნით. მსგავსი ფაქტები ქუთაისისა და თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელშიც არაერთგზის დაფიქსირდა.
ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორის, აგიტ მირზოევის თქმით, რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევები დიდი ხანია არსებობს საქართველოში, თუმცა ის საზოგადოების მხრიდან აქტიური განსჯის თემა არ გამხდარა:
“არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს, რომ ისეთ მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რასობრივ დისკრიმინაციაზე მიუთითებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ამიტომაც არ არსებობს რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის სტატისტიკა. ამ ნიშნით ჩადენილი დანაშაული დღემდე ფიქსირდება როგორც ხულიგნობა. თავად მოსამართლეებისა და ძალოვანი უწყებების განათლებაშიც არის პრობლემები და არ არის მათ ქმედებებში დაცული საერთაშორისო სტანდარტები. მეორე საკითხია, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც დანაშაულს მისცემს დისკრიმინაციის კვალიფიკაციას. იყო საუბარი სიძულვილის ენის კრიმინალიზაციაზე, მაგრამ აქაც გაჩნდა იმის პრობლემა, რომ მას უმრავლესობა სათავისოდ გამოიყენებდა. სიძულვილის ენა კი მრავლდება.
არის შემთხვევები, როდესაც სხავადასხვა ჯგუფი პირდაპირ მოუწოდებს ადამიანებს დისკრიმინაციისკენ, არ გავაზვიადებ თუ ვიტყვი, რომ ეს დიდი რისკის შემცველია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. საზოგადოებრივი დისკურსიც უნდა იყოს სათანადო, რომელიც ასევე სერიოზულ დეფიციტს წარმოადგენს. თუ საზოგადოებაში არ არის სამართლებრივი მუხტი, მაშინ პრობლემას ვერც სამართლებრივი ბაზა უშველის”.
აგიტ მირზოევის აზრით, რასობრივი დისკრიმინაციის ზრდა მიგრანტების ზრდას უკავშირდება.
“მიგრანტები გამოწვევაა მსოფლიოსთვის. თუმცა, მიმაჩნია, რომ დისკრიმინაციის პრობლემები მაინც კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს. დისკრიმინაციის აღმოფხვრის საუკეთესო საშუალება კი, განათლებაა. სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამოქალაქო განათლებას, რომელიც სწორედ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხებს უნდა მოიცავდეს. პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში მრავალფეროვნების მართვის ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს”.