ნეტგაზეთი | ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა – Netgazeti

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

 

ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ  დელფინარიუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 

„ჩვენს ერთ-ერთ ბინადარს მეტსახელად „ციცის“ ქალიშვილი შეეძინა. პატარას წონა დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა. გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. შემდეგ კი პატარა დედის და მამის – „კაკოს“ სინქრონულად დაცურავდა. რამდენიმე საათის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი სავარაუდოდ 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება.  „ციცი“ მზრუნველი დედაა. მთელ დროს პატარას მოვლას უთმობს, თუმცა დროდადრო ახალშობილს იმავე აუზის ბინადარი, „მაია“ ზრუნავს. ის აქტიურად ეხმარება „ციცის“ შვილის მოვლა-პატრონობაში,“ – ნათქვამია დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.

 

 

 

დელფინი  გასულ კვირას,  13 აპრილს დაიბადა, თუმცა დელფინარიუმებისა და ზოოპარკების მუშაობის საერთაშორისო ნორმებისა და წესების თანახმად ოფიციალური განცხადების გაკეთების უფლება ადმინისტრაციას მხოლოდ დაბადებიდან 10 დღის შემდეგ მიეცა.  პატარა დელფინის დაბადებამდე და განსაკუთრებით შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები უკვე 15 დღეა რაც საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

 

დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო ცვლილებებია ასევე შოუს ქრონომეტრაჟშიც და თავად პროგრამაშიც. თუმცა პატარა დელფინის ნახვას დელფინარიუმის სტუმრები, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, წარმოდგენის დროს შეძლებენ.

 

 ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მესამედ დაფიქსირდა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები