საზოგადოება

როგორ ისწავლება სტალინი სკოლაში

20 მარტი, 2014 • • 3808
როგორ ისწავლება სტალინი სკოლაში

“ვიცი, რომ იყო ქართველი, წარმოშობით გორიდან და დიდი ბელადი იყო. რუსეთისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ საქართველოსთვის – არა. უარყოფით განწყობას ქმნის. კიდევ ის ვიცი, რომ სოსელოს ფსევდონიმით ლექსებს წერდა, ღარიბი ოჯახიდან იყო, გიმნაზიაში სწავლობდა და ვაჟა-ფშაველა ჰყავს ნაცემი. კიდევ ის ვიცი, რომ დიქტატორი იყო და ბერიამ მოწამლა”, – გვიყვება სტალინის შესახებ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მეათეკლასელი გიორგი კვიჭიძე.

 

ის ამბობს, რომ სტალინის შესახებ ეს ინფორმაცია სკოლის გარეშე წყაროებიდან აქვს მიღებული. მისი აზრით, სკოლის სახელმძღვანელოებში მოცემული მასალები არც სტალინზე და არც რეპრესიებზე სრულყოფილ ინფორმაციას არ იძლევა.

 

“რეპრესიებზე ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი ეს თემა და არც მიფიქრია”, – ამბობს გიორგი.

 

გიორგი ჩვიდმეტი მოსწავლიდან ერთადერთია, რომელიც რაღაც დეტალებს იხსენებს სტალინის, გასაბჭოებისა და პიროვნების კულტის შესახებ. დანარჩენი მოსწავლეები დუმილს არჩევენ.

 

საუბარში ჩართვას თამთა ცეცხლაძეც ცდილობს: “უფროსი თაობისთვის ალბათ მისაბაძი იყო. სახელმძღვანელოებიდან მის შესახებ ცოტა რამ ვიცით. გამიგია, რომ რუსული იმპერიისთვის იბრძოდა და ადამიანები გადაასახლა”.

 

თამთა და გიორგი ამბობენ, რომ სტალინის კულტის შესახებ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზეც მოისმინეს, თუმცა მის მიმართ ბოლომდე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.

 

“ვერ გეტყვით, რატომ უყვართ დღემდე სტალინი საქართველოში. ალბათ იმიტომ, რომ ქართველი იყო. სხვა მოსაზრება არ მაქვს”, – ამბობს გიორგი.

 

სტალინის თემაზე ბათუმის მე-11 საჯარო სკო-ლის მეთორმეტე კლასელებსაც გავესაუბრეთ.

 

“არანაირი განწყობები არ მაქვს სტალინის მიმართ”, – გვეუბნება სულხან ლორთქიფანიძე. თუმცა, ბოლოს დასძენს, რომ “ის ნორმალური და ძალიან კარგი მმართველი იყო. რეპრესიებზე კი ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი”, – ამთავრებს საუბარს სულხანი.

 

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, სულხანს კლასში ოპონენტები გამოუჩნდნენ: “რას ნიშნავს “ძალიან კარგი მმართველი?” მიმაჩნია, რომ ის სასტიკი ადამიანი იყო”, – საუბარში ჩაერთო თეონა ხოზრევანიძე – “მარტო უკრაინაში (ჰოლოდომორში) რამდენიმე მილიონი ადამიანი დახოცეს შიმშილით, ხორბალიც კი არ მისცეს ხალხს. დღეს კი მას ძეგლს უდგამენ. ადამიანები შიშში ცხოვრობდნენ, საკუთარი აზრის გამოხატვისთვის კლავდნენ, რამდენი ცნობილი ქართველი შეეწირა მის რეჟიმს”.

 

რატომ ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი პოზიცია საქართველოში სტალინის პიროვნებასთან და საერთოდ, გასაბჭოებასთან დაკავშირებით? – თეონას აზრით, არაერთგვაროვან განწყობებს ის ადამიანები აყალიბებენ, რომლებიც მხოლოდ მატერიალურ სარგებელს ხედავდნენ საბჭოთა კავშირში: “ეს ოჯახებიდან მოდის, სულ იმაზე ლაპარაკობენ, მანეთად რამდენი რამის ყიდვა შეეძლოთ. არ უნდათ იმის გააზრება, რა ბოროტება იდგა ამის უკან”.

 

სოფო ფუტკარაძის აზრით, ახალი თაობის დამოკიდებულებაც ზოგჯერ გაორებულია სტალინთან დაკავშირებით და ეს იმ სახელმძღვანელოების შედეგიცაა, რომლითაც ისინი გასაბჭოებისა და რეპრესიების ისტორიებს სწავლობენ:

 

“სახელმძღვანელოებში სტალინის, რეპრესიებისა და გასაბჭოების შესახებ მწირი, ზედაპირული ინფორმაციებია. ვფიქრობ, ავტორებს არ აქვთ ნაფიქრი იმაზე, რა და როგორ უნდა ისწავლონ თაობებმა ამ ეპოქაზე. მონაცემები და წყაროები მშრალია და ტექსტებიც ძალიან ცუდი ენითაა გადმოცემული”.

 

სახელმძღვანელოების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი ისტორიის მასწავლებლებიც. ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მასწავლებლის გურანდა ფუტკარაძის აზრით, გამომცემლობა “დიოგენეს” სახელმძღვანელოებში სტალინის მმართველობის პერიოდი უფრო ვრცლად იყო გადმოცემული. წელს შემოტანილი წიგნები კი, მისი აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს:

 

“მოსწავლეს კითხვები რომ გაუჩნდეს, გარკვეული პერიოდი სრულყოფილად უნდა ჰქონდეს შესწავლილი. ახალ წიგნებში ქრონოლოგია არეულია. მხოლოდ მშრალი ინფორმაციაა მოცემული, რაც ნაკლებად გიტოვებს სამსჯელოს. არც დისკუსიის დრო გვრჩება გაკვეთილზე, რომ თემა გავშალოთ”.

 

სასკოლო სახელმძღვანელოებში თითქმის არაფერია ნახსენები რეპრესიებზე, მილიონობით ადამიანის დახვრეტაზე, პატარა ქვეყნების დაპყრობაზე და სხვა არაერთ დანაშაულზე, რომელიც შემდეგში შეფასდა როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
პედაგოგის აზრით, სკოლებში სტალინის ეპოქის სწავლებაზე განათლების პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ არის:

 

“ალბათ, ავტორებსაც აქვთ კომპლექსები სტალინთან დაკავშირებით, რადგან ბევრი ისტორიკოსი დღესაც ამტკიცებს, რომ სტალინი კარგი იყო; რომ “სტალინის დროინდელი რუსეთი გვჭირდება” და ა.შ. ახალი კი არა, ჩემი თაობა რომ ისწავლის კარგად სტალინური ეპოქის შეფასებას, აი, მაშინ შეიძლება დაიწეროს ობიექტური და კარგი წიგნი”.

 

გარდა შინაარსობრივისა, ქრონოლოგიის პრობლემასაც ხედავს ხათუნა ჯანელიძე: “ასე, იქეთ-აქეთ ხტუნვით ისტორია არ ისწავლება. ამას ემატება რთული ენა, მშრალი მასალა. მეშვიდე-მერვე კლასებში გაკვრით არის მოცემული ინფორმაცია, შემდეგ მეცხრე კლასშიც მცირე მონაცემებია, თითქმის იგივე მასალა მეორდება მე-12 კლასშიც – საბჭოთა კავშირის იმპერიაა დამატებული, ოღონდ ლენინიდან გორბაჩოვამდე. ამხელა მასალის ასე მოკლედ შესწავლა, სტალინურ ეპოქაზე მოსწავლეს სრულყოფილ წარმოდგენას ვერ ჩამოუყალიბებს”.

 

პედაგოგების აზრით, სკოლებში ხშირად ღირებულებების ჩამოყალიბების პრობლემაცაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი