საზოგადოება

გენდერული თანასწორობის ახალი სამოქმედო გეგმა დაუგეგმავი ბიუჯეტითა და აქტივობებით

3 მარტი, 2014 • • 2778
გენდერული თანასწორობის ახალი სამოქმედო გეგმა დაუგეგმავი ბიუჯეტითა და აქტივობებით

პარლამენტარი მანანა კობახიძე ამბობს, რომ გეგმაში გაწერილი აქტივობების განმახორციელებელი ორგანოები სამინისტროები არიან, თუმცა სამოქმედო გეგმაში ზუსტად არ არის გაწერილი კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც სამოქმედო გეგმის მიზნების მიღწევის გარანტი იქნება.

არასამთავრობო ორგანoზაციების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე გეგმა წინა, 2011-2013 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის მსგავსად უშედეგო იქნება.

 

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე ამბობს, რომ გეგმა  ბუნდოვანი არ არის. უბრალოდ, მასში ვერ გაითვალისწინებდნენ ყველა იმ საკითხს, რომელიც შემდეგ სამინისტრობის მიერ უშუალოდ დაგეგმილ ღონისძიებებში შესრულდება.

მიმდინარე გეგმას რვა მიმართულება აქვს: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ეკონომიკის სფეროში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალი და პოლიტიკა, გარემოს დაცვის სფერო, სამართალდამცავი სფერო.

გეგმა გულისხმობს გენდერული აუდიტის ჩატარებას სახელმწიფო დაწესებულებებში, საკანონმდებლო აქტების გენდერული მგრძნობიარობის შემოწმებას, შესაბამისი კადრების მომზადებას, ტრენინგების ჩატარებას სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული ქალებისთვის, საერთაშორისო კონვენციებთან ქართული კანონმდებლობის თავსებადობას.

პირველი სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის მისაღწევად პარლამენტმა 2011 წელს მიიღო, რომელიც 2013 წელს დასრულდა, თუმცა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საჭოს არ შეუფასებია ის, თუ რა შედეგი გამოიღო ამ გეგმის მოქმედებამ და რა შეცვალა თვისებრივად.

არსებულ ვითარებაზე გარკვეულ წარმოდგენას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები გვაძლევს. ერთ-ერთი ბოლო კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ACT ჯგუფმა ჩაატარა. კვლევის შედეგით გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა არათუ 2011-13 წლებში, არამედ ბოლო ათი წელია გენდერული უთანასწორობა და სტერეოტიები უცვლელია.

ანა აბაშიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა სწორედ ამ საკითხის მინიშნებით დაიწყო მოქმედი გეგმის კრიტიკა. იგი ამბობს, რომ ერთგვარი ხარვეზი ამ გეგმისა ის არის, რომ არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა წინა გეგმის მიხედვით და საიდან უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება მოქმედი გეგმის მიხედვით.

 

“რა ბმა არსებობს მიმდინარე გეგმასა და წარსულში არსებულ გეგმას შორის, ამას არ გვთავაზობს,”- ამბობს აბაშიძე.

წინა გეგმის შეუსრულებლობას ყოფილი მთავრობის პასუხსიმგებლობად მიიჩნევს მანანა კობახიძე, პარლამენტის უმრავლესობის წევრი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი. იგი მიანიშნებს იმაზე, რომ წინა მოწვევის პარლამენტის მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა ისიც, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საკუთარი აპარატი არ გააჩნია.

 

კობახიძე ამბობს, რომ ის თავის თანაშემწეს ავალებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმეებს, თუმცა თანაშემწე ძირითადად სხვა საკითხებით არის დაკავებული და თან გენდერის სპეციალისტი არაა.

კობახიძის თქმით, პარლამენტს სურს, რომ მიმდინარე გეგმის მიხედვით გაჩნდეს კადრი პარლამენტში, რომელიც გენდერული თანასწორობის კუთხით იმუშავებს და მას შესაბამისი კვალიფიკაცია ექნება.

 

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო არის ის ორგანო, რომელიც სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს ეწევა.

ფინანასური ნაწილი

 

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად მიაჩნიათ ფინანსური ნაწილის დაუსაბუთებლობა. ბაია პატარაია, “დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწმიფომ არ იცის, რა დაჯდება ამ გეგმის განხორციელება.

 

“ვინაიდან არ არის გამოთვლილი თითოეული საქმიანობის ღირებულება, გაჭირდება პროგრამული ბიუჯეტირებისას მისი გათვალისწინებაც”,- ამბობს ბაია პატარაია.

 

აღნიშნულ შენიშვნაზე მანანა კობახიძე ამბობს, რომ გეგმა სამ წელიწადზეა გათვლილი, მაშინ,  როცა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტია ცნობილი. ამიტომ მისი ფინანსური ნაწილი 2015 და 2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებამდე ცნობილი ვერ იქნება.

 

“არსებული ასიგნებების ფარგლებში, რაც არის გამოყოფილი ცალკეული სამინისტროებისთვის, სწორედ ამ ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება ამ კონცეფციის გატარება”,- აღნიშნა პარლამენტარმა.

ანა აბაშიძე ბაია პატარაიას გამოთქმულ მოსაზრებას აგრძელებს და ეჭვქვეს აყენებს ამ გეგმის შესრულების შესაძლებლობას. მისი თქმით, ფინანური ნაწილის არცოდნით მოქალაქე ვერ დარწმუნდება, რომ ნამდვილად არსებობს რესურსი ამ დებულების განსახორციელებლად.

 

“შესაბამისად, აქაც არის რისკი, რომ 2016 წელს გვეტყვიან, რომ გარკვეული ფინანსური კრიზისების გამო ვერ შესრულდა”,- ამბობს ანა აბაშიძე.

“ნეტგაზეთმა” კითხვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს, თუ რა ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი ამ საქმოედო გეგმის მიხედვით  2014 წელს.

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ სამინისტრო უმაღლესი განათლების ტექნიკური სპეციალობების ქალებისთვის ხელმისაწვდომობაზე მუშაობს.

 

“ვგეგმავთ, რომ ისევ ისეთი მიმართულებები, როგორიც არის ტექნიკური მიმართულებები, საინჟინრო მიმართულებები, რომელიც პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების ნაწილში ჩვენთვის, შევადგინოთ გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ქალბატონების თანამონაწილეობა და მოხვედრა ასეთ მიმართულებებზე უმაღლესებში”,- განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისი თქმით, სხვა ღონისძიება ჯერ დაგეგმილი არ არის. გეგმის მიხედვით 2016 წლამდე განათლების სამინისტრო პასუხიმგებელია განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაში, გრიფირების სისტემაში გენდერული ასპექტების გათვალისწინებაში, ასევე, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის “არაფორმალური განათლების გზით” გენდერული თანასწორობის თემაზე ინფორმაციის მიწოდებაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2014 წელს დაგეგმილია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გენდერული ნიშნის მიხედვით შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციით მუშაობა, ჯანდაცვის სერვისებისადმი ქალისა და მამაკაცისადმი ხელმისაწვდომობის შესწავლა/არსებული ვითარების დადგენა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისას გენდერული ასპექტების გათვალისწინება. დაბადებისას სქესთა თანაფარდობის დარღვეული ბალანსის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

 

ეს ღონისძიებები გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში ჩაწერილია. თუმცა სამინისტროს ამაზე მეტად არ დაუკონკრეტებია მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, გენდერული თანასწორობის მიღწევაზე ზრუნავს. მინისტრის მრჩეველი გენდერის საკითხებში კახა ცეცხლაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე 45 თვითმმართველ ერთეულში დანიშნულია მრჩეველი გენდერის საკითხებში. მისი თქმით,  თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა თვითმმართველ ერთეულს მრჩეველი ეყოლება.

თუმცა მრჩევლები გენდერის სპეციალისტები არ არიან, რადგან საკმარისი კადრები არ არის, აცხადებს ცეცხლაძე. მისი თქმით, მიმდინარე გეგმით განსახორციელებელი ერთ-ერთ მიზანი არის, რომ მომავალი წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებში ასეთი მრჩევლები გენდერის სპეციალისტები იყვნენ.

რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს, რომ ქალთა მონაწილეობა თვითმმართველობის ორგანოებში გაიზარდოს და ამ მიმართულებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციებს აძლევს. ასევე, სამინისტრო აწყობს ტრეინინგებს რაიონებში მცხოვრები ქალებისთვის, რათა წაახალისონ მათი ჩართულობა პოლიტიკაში.

კითხვაზე, რამდენად იქნება რეკომენდაციები საკმარისი, რათა ქალების ჩართულობა, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გაიზარდოს, კახა ცეცხლაძემ გვიპასუხა, რომ ამის ბერკეტი სამინისტროს, რეკომენდაციების გარდა, არ აქვს. მან გაიხსენა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესი, რომელის მიხედვით, იმ პარტიას, რომელიც პროპორციული სიის ათეულში 30% იქნება ქალი იქნება, დაფინანსება გაეზრდებათ

“პოლიტიკურ პარტიებს უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ თავიანთ პარტიულ სიებში უფრო მეტი ქალბატონი ჩაწერონ. მოგეხსენებათ, დაფინანსების წესში შევიდა ცვლილება, რომ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ათეულში ჩასვამს 30% ქალებს, დაფინანასება გაეზრდება. ეს წამახალისებელი მექანიზმია პოლიტიკური პარტიებისთვის”,- ამბობს ცეცხლაძე.

ინდიკატორები

ბაია პატარაია და ანა აბაშიძე ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მიმდინარე გეგმაში, ისევე როგორც წინა გეგმაში, არ არის ჩადებული ის ინდიკატორები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სამოქმედო გეგმით დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების ეფექტურობის გაზომვა.

 

ანა აბაშიძის თქმით, გეგმაში რაოდენობრივ ინდიკატორებზეა საუბარი, თუმცა თვისებრივად რას შეცვლის ჩატარებული სამუშაოები, უცნობი რჩება.

 

 

“ეს ინდიკატორი არ არის შედეგის მაჩვენებელი იმიტომ, რომ ეს ზომავს მხოლოდ იმას, ჩატარდა თუ არა ეს ღონისძიება, ჩვენი, როგორც მოქალაქეების, მოლოდინი სახელმწიფო გეგმასთან დაკავშირებით არის ის, რომ ცნობიერების ამაღლება განხორციელდა თუ არა და სარგებელი მიიღო თუ არა კონკრეტულმა მოქალაქემ.” აცხადებს ანა აბაშიძე.

 

ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ გეგმამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ გაითვალისწინეს,  რა შეცვალა მოქალაქისთვის, რა პრობლემა მოაგვარა ჩატარებულმა ღონისძიებამ.

გეგმის მიღმა დარჩენილი მწვავე საკითხები

 

ანა აბაშიძისგან განსხვავებით, რომელსაც მიაჩნია, რომ სამოქმედო გეგმაში ყველაფერი არ შეიძლება იყოს გაწერილი, რადგან იგი უნდა იყოს კონცენტრირებული კონკრეტულ საკითხებზე, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ გეგმამ ყურადღება არ მიაქცია სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

პატარაია ამბობს, რომ გეგმაში საუბარი არ არის ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, როგორიცაა გოგონების ნაადრევი ქორწინება, ნაადრევი ფეხმძიმობა, რომლის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია. ამ საკითხთანაა მიბმული უმაღლეს განათლებაზე ქალების ხელმიუწვდომლობა, რაც მათი კარიერული წინსვლის შემაფერხებელია.

 

მისი აზრით, გეგმაში უნდა ყოფილიყო საუბარი სქესობრივ დანაშაულებსა და სექსუალურ ძალადობაზე. ეს დანაშაულობები ხშირად გენდერულად განპირობებულია.  

ერთ-ერთი უმწავავეს პრობლემად მიაჩნია გენდერული დისბალანსი წარმომადგენლობით და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე, სადაც ქალების ჩართულობა დაბალია.

“აუცილებელია გენდერული თანასწორობის საბჭომ კვლევისა და ანალიზის პარალელურად შეიმუშავოს სახელმწიფო პოლიტიკა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით. ეს მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა” ამბობს პატარაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი