საზოგადოება

მორიგეობა მშენებარე სასტუმროსთან, ფაქტები და მხარეთა არგუმენტები “ბუდაპეშტის” საკითხზე

15 იანვარი, 2014 •
მორიგეობა მშენებარე სასტუმროსთან, ფაქტები და მხარეთა არგუმენტები  “ბუდაპეშტის” საკითხზე

ვაკის პარკში მშენებარე სასტუმროსთან მოქალაქეების მორიგეობა გრძელდება. 

 

 

“ვისაც როდის შეგვიძლია, მაშინ მოვდივართ და ვდგავართ აქ. ვცდილობთ, ხელი შევუშალოთ მშენებლობის განახლებას,”- ამბობს მოქალაქე, რომელიც სამ მცირეწლოვან შვილთან და ქმართან ერთად მშენებარე სასტუმროს შემოსაზღვრულ ტერიტორიასთან რამდენიმე საათის განმავლობაში მორიგეობს. პარალელურად, სასტუმროს მშენებლობის კანონიერების საკითხზე თბილისის მერიაში მოქალაქეთა ჯგუფის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

 

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა თბილისის მერიაში


რამდენიმეკვირიანი დაზუსტებების შემდეგ მერიაში გამართულ სხდომაზე არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის, დავით აბრამიძისგან გაირკვა, რომ სასტუმრო 7-სართულიანი იქნება. თუმცა აქამდე, სასტუმროს პროექტის მიუხედავად, თბილისის მერიისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შენობა 5-სართულიანი იქნებოდა.


კიდევ ერთი სადავო საკითხი მხარეებს შორის “ვაკის პარკის” ტერიტორიის მცნებაა. რეესტრში ოფიციალური ჩანაწერი ვაკის პარკის ზუსტი საზღვრების შესახებ არ არსებობს. შესაბამისად, მხარეებს ერთმანეთისთვის უწევთ იმის მტკიცება, შენდება თუ არა სასტუმრო ნამდვილად ვაკის პარკის ტერიტორიაზე.



მერიაში გამართულ შეხვედრაზე არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა 1998 წლით დათარიღებული ვაკის პარკის საზღვრების საპროექტო ნახაზი წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ “ბუდაპეშტის” ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნის. ეს რუკა ერთადერთი მტკიცებულებაა თბილისის მერიისთვის.


“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლის, ერეკლე ურუშაძის განმარტებით, იმის გამო, რომ ვაკის პარკის ისტორიული საზღვრები იურიდიულად არ არის დადგენილი და ვაკის პარკი აბსტრაქტული ცნებაა, ის ტერიტორია, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს, მაინც ვაკის პარკს ეკუთვნის. ის, რომ მერიის დადგენილებით ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონის (რზ2) ტერიტორიაში შედის, ურუშაძის თქმით, მერიამ აღიარა უკვე, რომ სასტუმრო პარკის ტერიტორიაზე შენდება.


მშენებლობის კანონიერების საკითხზე მერიის იურიდიულ სამსახურმა გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღესვე, 15 იანვარსაც გამოიტანოს.


მშენებარე სასტუმრო


რა გავლენას იქონიებს სასტუმრო პარკში მისულ დამსვენებლებზე და რამდენად სამართლიანად გასცა თბილისის მერიამ ნებართვა მის მშენებლობაზე. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც, ერთი მხრივ, მოქალაქეებისა და გარემოსდამცველების ჯგუფსა და, მეორე მხრივ, თბილისის მერიასა და კერძო ინვესტორს შორის დავა რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება.

 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ არანაირ სამართლებრივ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, როდესაც თბილისის მერმა სასტუმროს მშენებლობაზე 2013 წლის ივლისში განკარგულება გასცა. 

 

“სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ ვხედავ პრობლემას. ზოგადად შესაძლებელია დავა, უნდა იყოს თუ არა იმ ადგილას სასტუმრო. ჩვენი მხრიდან არანაირი კანონდარღვევა არ არის. შენობა არ შენდება პარკის ტერიტორიაზე, უსარგებლო შენობის ნაცვლად შენდება ის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა დათქმა, რომელსაც ითვალისწინებს კანონი, შესრულებული იყო,”- აცხადებს თბილისის მერის მოადგილე. 

 

იმისთვის, რომ მერიას თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოეყენებინა და გამონაკლისი დაეშვა სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რამდენიმე საკანონმდებლო მოთხოვნა უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული. მათ შორის ის, რომ მერიას უნდა დაესაბუთებინა, რომ აღნიშნულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია.

 

ასეთი დასაბუთებული რაიმე ტიპის წერილობითი დოკუმენტაცია არ არსებობს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოქალაქეები აღნიშნულ მშენებლობას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მერია თვითნებურად მოიქცა, როდესაც კერძო კომპანიას სასტუმროს მშენებლობის უფლება მისცა.  

 

“ვერ ვხედავ განსაკუთრებულ საჭიროებას სასტუმროს აქ აშენებისთვის, საიდან გამოვიდა მერია, რომ აუცილებელია ის სწორედ აქ აშენდეს. არ მაქვს არავითარი საფუძველი დავიჯერო, რომ მერიამ აწონ-დაწონა სხვადასხვა საკითხი, რა ტრაფიკი ექნება სასტუმროს და ა.შ.”- ამბობს ერეკლე ურუშაძე. 

 

“ადგილობრივი ეკონომიკური ფორუმის შედეგად იკვეთებოდა, რომ სასტუმროების ბაზარი განუვითარებელია თბილისში. სერიოზული დეფიციტია სასტუმროების. ახალგაზრდული ოლიპიადა ახლოვდებდა. ათასობით სტუმარს ველოდებით. როდესც მერია იღებს გადაწყვეტილებას, რომ აშენედეს სასტუმრო, ამას აქვს კონკრეტული დასაბუთება,” -აცხადებს თბილისის მერის მოადგილე.

 

რას აშენებს ინვესტორი


რესტორანი “ბუდაპეშტი” 1994 წლიდან კერძო მფლობელობაშია. დღევანდელმა მისმა მფლობელმა კომპანიამ “ტიფლის დეველოპმენტმა” ის 2 მილიონ 700 ათას ლარად შეიძინა. ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობისთვის კი კომპანია 22 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

 

კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ კომპანიის კერძო მფობელობაში 2900 კვ.მეტრი ფართობია, თუმცა სასტუმროს ტერიტორია 1300 კვ. მეტრს დაიკავებს. მისივე თქმით, ყველა ინფრასტრუქტურა შენობაშივე იქნება, მათ შორის პარკინგი.

 

მოქალაქეები პრობლემას ხედავენ იმაშიც, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე ყოველდღიურად ავტომობილების დიდი რაოდენობა იმოძრავებს, რაც, შესაბამისად, პარკის დამსვენებლებს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

 

მერიის წარმომადგენელთა განმარტებით, სასტუმროს ტერიტორიაზე ყოველდღიურად 50-70 ავტომობილი იმოძრავებს. მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვის გარეშეც შეეძლო აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორს ავტოფარეხის გაკეთება, რითაც ბევრად დიდი ზიანი მიადგებოდა პარკის დამსვენებლებს. 

 

სადავო საკითხს სასტუმროს პარკინგიც წარმოადგენს. არქიტექტორის, ზურაბ ბაქრაძის თქმით, მერიის მიერ დამტკიცებული პროექტით ასნომრიანი სასტუმროს პარკინგი, რომელიც ნულოვან სართულზე განთავსდება, 19 ერთეულ ავტომობილზეა გათვლილი, რაც საკმარისი არ იქნება და სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მერია იძულებული იქნება პარკინგისთვის დამატებითი ფართობი გამოყოს, რასაც არ ეთანხმება მერიის წარმომადგენელი და ამბობს, რომ ვიზიტორების დაახლოებით 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება, რომლებიც თბილისში საკუთარი ავტომობილით არ გადაადგილდებიან.

 

“რა თქმა უნდა, ქალაქში უნდა აშენდეს სასტუმროები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქალაქის ისედაც მცირე მწვანე საფარის ხარჯზე. თბილისში გამწვანებული ტერიტორიების ფართობი არის კატასტროფულად დაბალი. საბჭოთა სტანდარტი, რომელიც ბევრად დაბალი იყო, ვიდრე დღევანდელი დასავლური სტანდარტები, 15 კვ.მ -ია ერთ სულ მოსახლეზე. საუკეთესო წლებშიც კი, თბილისში 13 კვ.მეტრზე მეტი არასდროს ყოფილა. 2001 წელს ჩატარდა ბოლო შეფასება და 5 კვ.მეტრამდე იყო ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიები, რაც არის კატასტროფულად დაბალი მონაცემი. ამის შემდეგ აღარავის დაუთვლია. თუმცა გამწვანებული ტერიტორიები არც შემატებია თბილისს. ისე შეიძლება თბილისში სასტუმროების აშენება, რომ პარკებს არ შეეხონ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენსართულიანი იქნება ის. მხოლოდ ერთი სამანქანო გზაა იქ, რომელიც ასევე სარბენად გამოიყენება. შესაბამისად, ეს გზაც მოექცევა სასტუმროს ექსპლუატაციის ქვეშ,”- ამბობს ურუშაძე.  


ამასთან, არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი დავით აბრამიძე ირწმუნება, რომ სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში ეკოლოგია ვაკის პარკის ტერიტორიაზე კი არ გაუარესდება, პირიქით – გაუმჯობესდება.

“ეს იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც მაღალი სტანდარტები აქვს ეკოლოგიისა და სანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით. სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს ამ ტერიტორიაზე ჰიგიენური თუ სანიტარული პირობების გაუმჯობესებას და მწვანე საფარის განვითარებას,”- ამბობს აბრამიძე.


თუმცა, ინვესტორ კომპანიას მერიამ 2013 წლის 26 დეკემბერს უკვე მისცა ოფიციალური ნებართვა 9 ხის მოჭრაზე. 


 

გარემოს დაცვის მინისტრის პოზიცია


“გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია არის ასეთი, რომ ქალაქში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში, არ უნდა ხდებოდეს მსგავსი მშენებლობები. თუ სადმე საშუალებაა, პირიქით, უნდა ხდებოდეს ასეთი ადგილების შენარჩუნება, გამწვანება. რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობისთვის,”- აცხადებს ხათუნა გოგალაძე.

 

მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება


იმ შემთხვევაში, თუ მერია მოქალაქეთა სასარგებლოდ არ მიიღებს გადაწყვეტილებას და უკანონოდ არ ცნობს მშენებლობის ნებართვის გაცემას, თბილისის მერის დადგენილების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირები სარჩელს სასამართლოში შეიტანენ.


ერეკლე ურუშაძის თქმით, შექმნილ ვითარებაში ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა, რომ ვაკის პარკში არსებული ტერიტორიის ნაცვლად, მერიამ სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს სხვა, ალტერნატიული ფართი მისცეს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზევე. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი