საზოგადოება

შვლები გამოსაზამთრებლად სოფელს აკითხავენ

25 დეკემბერი, 2013 • • 2170
შვლები გამოსაზამთრებლად სოფელს აკითხავენ

გასულ კვირას სოფელ ირემაძეების მცხოვრებნი მდინარე ღორჯომისწყალზე ჩამოსულ ორ შველს დაეხმარნენ. შვლები მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოვიდნენ, თუმცა იმის გამო, რომ დიდი თოვლი იყო, გადაადგილება და უკან დაბრუნება გაუჭირდათ. სოფლის მცხოვრებლებმა კი მათ გზა გაუკვალეს.

 

„როდესაც დიდი თოვლი მოდის, წყალი აღარაა მთაში. წყლის დასალევად ჩამოდიან მდინარეზე და მერე ზემოთ ვეღარ მიდიან. ახლაც ორი შველი იყო ჩამოსული. ერთი დიდი, მეორე – პატარა. დიდი წავიდა და პატარამ გამოსვლა ვეღარ შეძლო. ძალიან შეშინებული იყო. ამიტომაც გზა გავუკვალეთ და წავიდა მერე,” – ამბობს სოფელ ირემაძეებში მცხოვრები იმედა ირემაძე.

იმედას თქმით, მსგავსი შემთხვევები გასულ წლებშიც არაერთხელ ყოფილა. ზოგიერთ მოსახლეს დიდთოვლობისას შვლებისთვის საქონლის სადგომიც დაუთმია და გამოუზამთრებია.


„თივას არ ჭამენ, ამიტომ ხის ტოტებს ვაჭმევდით ხოლმე. როცა გამოიდარებდა, მთაში ვუშვებდით. გასულ წლებში იყო ისეთი შემთხვევები, როცა პოლიციამ წაიყვანა ვითომდა გადასარჩენად. თუმცა მერე ჩვენ არ გაგვიგია რა უქნეს ამ შვლებს და დააბრუნეს თუ არა ტყეში. როცა ჩამოდიან, გვირჩევნია მოვუაროთ და მალე გავუშვათ უკან, ასე უფრო დაცულები იქნებიან,” – ამბობს იმედა.


სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ბადრი ირემაძის თქმით, შვლები ძირითადად სოფელში წყლის დასალევად ჩამოდიან, თუმცა ისეც ხდება, როცა მგლები ჩამორეკავენ ხოლმე.


„ორი მდინარე ჩამოდის, შვლები ხან ერთგან ჩამოდიან, ხან მეორეგან. მიზეზი ძირითადად წყალია, მაგრამ მგლებიც ხშირად აედევნებიან და თავს სოფელს აფარებენ,” – ამბობს ბადრი ირემაძე.


სოფლის მცხოვრებლების თქმით, შვლებს ისინი ყოველთვის ბუნებაში აბრუნებენ. ამასთან ცდილობენ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინონ, ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ფოტო მოგვაწოდა იმედა ირემაძემ. მისი თქმით, შველი შეშინებული იყო, გაქცევას ცდილობდა და თოვლში ეფლობოდა. ამიტომ ფეხი თოკით შეუკრეს და ისე ჩაიყვანეს მდინარის პირას
ფოტო მოგვაწოდა იმედა ირემაძემ. მისი თქმით, შველი შეშინებული იყო, გაქცევას ცდილობდა და თოვლში ეფლობოდა. ამიტომ ფეხი თოკით შეუკრეს და ისე ჩაიყვანეს მდინარის პირას

„მსგავსი ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენაა. დიდთოვლობის დროს, სადაც ნაკლები თოვლია, იქ მივიდნენ. მთავარია, მოსახლეობამ არ დახოცოს და უკან დააბრუნოს ბუნებაში. თუ მოსახლეობა ზრუნავს შვლებზე, ეს კარგია,” – აღნიშნა „ბათუმელებთან” თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელმა ზურაბ გურიელიძემ.


საქართველოში და მათ შორის აჭარაშიც, მხოლოდ ერთი სახეობა – ევროპული შველია გავრცელებული. დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ 7000 შველია, აქედან დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2007-2012 ანგარიშის მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს დაახლოებით 2100 შველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი