“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონი 2012 წლის 8 მაისს გაუქმდა, რის შემდეგაც სამომხმარებლო სფერო რეგულირების გარეშე დარჩა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულმა ჯგუფმა ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო.
როგორც საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე აცხადებს, კანონის გაუქმებისას არსებობდა ილუზია, რომ მომხმარებელი ბაზარს თავად დაარეგულირებდა:
“ილუზიამ, რომ მომხმარებელი თავად დაარეგულირებდა სამომხმარებლო ბაზარს, არ გაამართლა და ჩვენ მივიღეთ შედეგი, როცა გვაქვს უხარისხო პროდუქციის ჭარბი ოდენობა, რომელიც განთავსებულია ბაზარზე. ასევე ეჭვს იწვევს მომსახურების ხარისხიც. აქედან გამომდინარე დადგა აუცილებლობა, რომ შემუშავდეს მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები. ამ კანონპროექტში გათვალისწინებულია ევროკავშირის დირექტივები და სხვა ქვეყნების დადებითი გამოცდილება”, – აცხადებს მადონა კოიძე.
კანონპროექტი რამდენიმე ასპქტს ითვალისწინებს, მათ შორისაა მომხმარებლის ინფორმირებულობა.
პროექტის თანახმად, იმისათვის, რომ მომხმარებელმა გააკეთოს სწორი არჩევანი, მას უნდა შეეძლოს სახელმწიფო ენაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი სხვა ენებზეც, მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, მწარმოებლის, მახასიათებლების, ვარგისიანობის და სხვა მონაცემების შესახებ. ისეთი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლის უსაფრთხოებას უკავშირდება, დატანილი უნდა იყოს პროდუქტის საცალო შეფუთვაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ეს ინფორმაცია პროდუქტს სხვა სახით უნდა ახლდეს თან.
კანონპროექტის თანახმად, პროდუქტი შეძენისას უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელშეკრულებაშია აღწერილი, ან რისი მოლოდინიც არსებობს რეკლამის, ეტიკეტის და ზეპირსიტყვიერად პროდუქტის გაცნობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს- დააბრუნოს პროდუქტი, მოითხოვოს ნაკლოვანების აღმოფხვრა, პროდუქტის შეცვლა, ან ზიანის ანაზღაურება.
თუკი პროდუქტის ნაკლი პროდუქტის საგარანტიო პერიოდშია აღმოჩენილი, მომხმარებელს შეუძლია უსასყიდლოდ მოითხოვოს ნაკლის აღმოფხვრა საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგაც.
ასევე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (როდესაც საქმე ეხება მალფუჭებად, ჰერმეტულად დაცულ, ჰიგიენურ ან სხვა ტიპის პროდუქციასა, ან პროდუქტს დაკარგული აქვს პირველადი სახე), მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე პროდუქციის შეძენიდან 14 დღის განმავლობაში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლია თოდუა ამბობს, დღეს ხშირია შემთხვევები, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი უფლებებით სარგებლობა მხოლოდ სასამართლოს ძალითაა შესაძლებელი:
“ბოლოს იყო შემთხვევა, როდესაც “ტექნო ბუმში” შეძენილი ნოუთბუქი მომხმარებელს გაუფუჭდა, როდესაც მიიტანა, ჩაიბარეს გასაკეთებლად, თუმცა შემდეგ უთხრეს, რომ ლეპტოპი მანამდე გახსნილი იყო და ვერც შეუკეთებდნენ, ვერც ზარალს აუნაზღაურებდნენ. მომხმარებელს ფაქტიურად შესაძლებლობა აღარ ჰქონდა რამე ემტკიცებინა და მიმართა სასამართლოს. სასამართლომ მის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, თუმცა საკუთარი უფლებების დაცვა მაშინ, როდესაც გარანტია არსებობს, სასამართლოს გზით არ უნდა გვიწევდეს”, – აცხადებს ლია თოდუა. მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს პროდუქტის დაბრუნება არა მხოლოდ მაღაზიებში, ბაზარშიც შეეძლება, ამისათვის მან პროდუქტის შეძენისას უნდა მოითხოვოს და შეინახოს ჩეკი.
კანონპროექტში მომხმარებლის უფლებების დაცვა იმ შემთხვევაშიცაა გათვალისწინებული, თუკი მას უსამართლო ხელშეკრულება დაუდეს, ან რეკლამის მეშვეობით შეიყვანეს შეცდომაში.
კანონპროექტის თანახმად, ხელშეკრულების პირობები ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე უნდა შედგეს და “კეთილსინდისიერების პრინციპებს” აკმაყოფილებდეს. ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობები მომხმარებლის სასარგებლოდ განიმარტება და მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. ხოლო რეკლამა, რომელიც მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას შეუქმნის პროდუქტზე, ჩაითვლება შეცდომაში შემყვან რეკლამად.
იმისათვის, რომ მომხმარებელთა ზემოთ აღნიშნული უფლებები დაცული იყოს, კანონპროექტის თანახმად უნდა შეიქმნას მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი. ომბუდსმენს 4 წლის ვადით პრემიერ–მინისტრი დანიშნავს და გარდა მომხმარებლების უფლებების რეალიზაციისა, ის კვლევით და შეფასებით საქმიანობასაც განახორციელებს. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს.
თუმცა, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე აცხადებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბება ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არაა:
“შეიძლება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენიც იყოს, თუმცა ამაზე ჯერ მსჯელობა მიმდინარეობს, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი, არ უნდა დაირღვეს არც ბიზნესის და არც მომხმარებლის უფლებები”, – აცხადებს შალვა თადუმაძე.
დღეს კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა, პარლამენტში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დარეგისტრირდება.
კანონპროექტს დღეს გაეცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე. მისი თქმით, ასეთი კანონის არსებობა ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია:
“რამდენიმე დღის წინ მოხდა ღირსშესანიშნავი მოვლენა, საქართველომ პარაფირება გაუკეთა ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებას, ამის ერთ–ერთი კომპონენტი გახლავთ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის გარკვეული საკითხების მოგვარებას და ამ თვალსაზრისით დღევანდელ შეხვედრას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.