საზოგადოება

როგორ ავიცილოთ კიდურის ამპუტაცია და ვუმკურნალოთ დიაბეტურ ტერფს

20 ნოემბერი, 2013 • • 9230
როგორ ავიცილოთ კიდურის ამპუტაცია და ვუმკურნალოთ დიაბეტურ ტერფს

ბატონო ალექსანდრე, რა იწვევს დიაბეტურ ტერფს?

 

ჯერ დავიწყოთ, ზოგადად, დიაბეტით. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში  მოსახლეობის 3%-ს დიაბეტი აქვს. თუმცა, საერთაშორისო გათვლებით, რეალური ციფრის მისაღებად ამ 3%-ს იგივე მაჩვენებელი უნდა დავუმატოთ, ანუ ის შემთხვევები, რაც ჯერ არ გამოვლენილა.

 

ალექსანდრე ქისტაური
ალექსანდრე ქისტაური

ინსულინის და ტაბლეტირებული ანტიდიაბეტური საშუალებების წარმოების ტექნოლოგიურმა დახვეწამ, კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვამ და  კვალიფიციურმა გამოყენებამ შესაძლებელი გახადა სისხლში შაქრის დონის რეგულირების ოპტიმიზაცია და დაავადების მიმდინარეობის ეფექტური მართვა. შესაბამისად, იკლო  დიაბეტის მწვავე (ანუ სწრაფად განვითარება), სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებებმა (დიაბეტური კომა და სხვ.), თუმცა, პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად, თავი იჩინა შაქრიანი დიაბეტის ე.წ. მოგვიანებითმა გართულებებმა.

 

დიაბეტის ამ რიგის გართულებები, ძირითადად, ორი გზით მიმდინარეობს. ერთი დაკავშირებულია ნერვულ და მეორე, სისხლძარღვოვან სისტემასთან. ზიანდება ან ნერვული, ან სისხლძარღვთა სისტემა. ამას მოყვება ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა დიაბეტური ნეფროპათია (თირკლმის დაზიანება), თვალის დაზიანება, დიაბეტური ტერფი, ქვემო კიდურების განგრენა და სხვა.

 

თავის მხრივ, დიაბეტური ტერფის ორი ტიპი არსებობს – ნეიროპათიური და იშემიური. ნეიროპათიურის შემთხვევაში, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, უხეშდება ფეხის გულები, იქერცლება ქუსლები, ნერვები დეგენერაციას განიცდიან, ირღვევა მგრძნობელობითი, ვიბრაციული, ტკივილის შეგრძნებები –  ან ქვეითდება ან მატულობს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დიაბეტით დაავადებულებმა, შესაძლოა, ისე მიიღონ ფეხის ტერფის დამწვრობა ან სხვა ტიპის დაზიანება (მაგალითად, ლურსმნის შერჭობა), რომ ვერც იგრძნონ. იმის გამო, რომ დიაბეტით დაავადებული ადამიანის იმუნიტეტი დაქვეითებულია, ეს მექანიკური ფაქტორები, უმრავლეს შემთხვევებში, ჩირქოვანი პროცესით რთულდება. თვითგანკურნება ძალიან იშვითად ხდება. მცირე დაჩირქებაც შეიძლება ძვლის დაშლის მიზეზი გახდეს.

 

ნეიროპათიურისგან განსხვავებით, იშემიურს ძლიერი ტკივილი ახასიათებს. იშემიურის დროს ზიანდება სისხლძარღვები, სისხლის მიმოქცევა ირღვევა. ვითარდება ათეროსკლეროზი. ორივე შემთხვევაში, განგრენა ვითარდება.

 

მთლიანობაში, ყველა ამ მიზეზით გამოწვეული განგრენა დიაბეტით დაავადებულთა საშუალოდ 22%-ს ემართება.  

 

რატომ ზიანდება მაინცდამაიც ტერფი?

 

ტერფზეა ყველაზე დიდი დატვირთვა. მთელი ორგანიზმი აწვება ტერფებს. ამ დატვირთვიდან გამომდინარე, პროცესი ჰიპერლოკალიზდება. გარდა ამისა, ხელის მტევნებისგან განსხვავებით, ფეხის დათვალიერება უფრო რთულია. ამიტომ დიაბეტით დაავადებულებს ვურჩევთ, რომ სარკის წინ ყოველ საღამოს დაითვალიერონ ფეხის გულები. მგრძნობელობის დაკარგვის გამო, შესაძლოა, ისე გასკდეს ფეხის გული, ვერ იგრძნო. ამასთან, გაგიგიათ, ალბათ, დიაბეტის დროს პირი უშრებათ, ამ დროს ნერწყვის გამოყოფა კლებულობს. თუმცა მხოლოდ პირი არ შრება. სახსარსაც აქვს თავისი საპოხი სითხე, რომელიც დაავადების დროს მცირდება. მატულობს სტრუქტურების ცვეთა და ზიანდება სახსრები. ვითარდება ართროპათია (სახსრების დაზიანება).

 

როგორია სტატისტიკა დიაბეტური ტერფის?

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, დიაბეტური ტერფი დიაბეტით დაავადებულთა 22%-ს ემართება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელს შაქრიანი დიაბეტის გამო 30 000 ადამიანი კარგავს ფეხს. ჩვენთან ასეთი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ საქართველოზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ხშირად კარგავენ ფეხს იმ დროს, როცა მისი გადარჩენა შეიძლება. ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება, მათ შორის ერთ-ერთი ექიმთა კვალიფიკაციის პრობლემაა. პირადად ჩემთან ბევრი პაციენტი მოსულა და უთქვამს, რომ ფეხი აქვს მოსაჭრელი, თუმცა სწორი მკურნალობის შედეგად კიდური გადაგვირჩენია.

 

სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდურის ამპუტაციის შემდეგ საშუალოდ ერთი წელია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს 20 წელიც უცხოვრია და არის შემთხვევები, როდესაც ოპერაციის დროსვე იღუპება.

 

რატომ ცოცხლობს პაციენტი საშუალოდ მხოლოდ ერთი წელი?

 

წარმოიდგინეთ, ჯანმრთელ ადამიანსაც კი რომ მოაჭრა ფეხი, რა ზიანი ადგება მას. ძალიან დიდი სხეულის მასა იკარგება – სისხლი, კუნთი. უზარმაზარი სტრესია ეს ორგანიზმისთვის, რომელსაც ზოგიერთი უძლებს, ზოგიერთი – ვერა.  

 

არსებობს თუ არა პრევენციული ზომები, რომ არ განვითარდეს დიაბეტური ტერფი?

 

დიაბეტის მოვლა დროული დიაგნოსტიკაა. მნიშვნელოვანია არსებობდეს დიაბეტის, როგორც ქრონიკული დაავადების, დისპანსერიზაციის სამსახური. ასეთი სამსახურები არსებობდა საბჭოთა დროს და ეს სულაც არ იყო ცუდი, პირიქით. ქრონიკული დაავადებების დროს პაციენტი ვალდებული იყო, გეგმიურად გამოკვლევები ჩაეტარებინა.

 

ასეთ დროს სამედიცინო სამსახურმა თავად იცის პაციენტის საჭიროებები, რისკები და არ ელოდება, როდის მივა თავად პაციენტი ექიმთან. თავად უწერს განრიგს. ამის გაკეთება საქართველოში ჯერ-ჯერობით რთულია. თუმცა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში უკვე ჩამოყალიბებულია დიაბეტოლოგიური სამსახური, სადაც პაციენტის ინსულინით მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

 

ამასთან, დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებით ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ქვეყანაში დიაბეტური ტერფის პროფილაქტიკურ–დიაგნოსტიკური და სამკურნალო ქსელის შექმნა. ეს საწინდარი იქნებოდა ქვემო კიდურის ამპუტაციის თავიდან აცილების, გადაჭარბების გარეშე, შემთხვევათა 50%–ში. დიაბეტურ ტერფს ცალკეული სპეციალისტები არ უნდა მკურნალობდნენ, მაგალითად, მხოლოდ ნევროლოგები ან ენდოკრინოლოგები, ან თუნდაც ქირურგები. მას კომპლექსური მიდგომები სჭირდება. ასეთი კაბინეტები საქართველოში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთეულებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი