საზოგადოება

სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

11 ოქტომბერი, 2013 •
სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

“ნელ-ნელა ყველა ახლობელი შემოგვეცალა, ჩვენთან ურთიერთობაზე ნათესავებმაც უარი თქვეს, მეზობლები თავს გვარიდებენ. ნდობის ტელეფონი ერთდაერთია, რაც ჩემს შვილს ეხმარება. როცა უნდა რეკავს და საათობით ესაუბრებიან. ვერ აგიწერთ, როგორი შვებაა ეს ჩემთვის,”- ამბობს მშობელი, რომლის შვილსაც წლების განმავლობაში ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

პაციენტების დახმარებისთვის 24- საათიანი ნდობის ტელეფონის სერვისი, რომელიც წლებია დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით არსებობს, უახლოეს პერიოდში იხურება. შესაძლოა, ამ და სხვა დამხმარე სერვისების გაგრძელების ფინანსური ვალდებულება სახელმწიფომაც ვერ აიღოს.

 

ნდობის ტელეფონის სერვისის გარდა, პაციენტებს საქართველოში მობილური ჯგუფის სერვისი და ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო ცენტრები სჭირდება. დღესღღეობით ეს სერვისები ქვეყანაში არსებობს, თუმცა შეზღუდული რაოდენობით და ისინიც ძირითადად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ერთ-ერთი პაციენტის მშობელი ყვება, რომ მისი 38 წლის, ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილის გამო მეზობლებთან ურთიერთობა რთული გახდა. დახმარება სწორედ მობილურმა ჯგუფმა გაუწია.

 

“უბნის პოლიციის დონზე ვერ მოვახერხე მეზობლებთან ურთიერთობის დარეგულირება, მობილურმა ჯგუფმა შეძლო ეს,”- ამბობს პაციენტის მშობელი.

 

სპეციალისტებისგან შემდგარი მობილური ჯგუფი, რომელიც პაციენტებს, მის ოჯახის წევრებს ეხმარება და საჭიროების შემთხვევაში გარშემომყოფებთანაც მუშაობს, მხოლოდ ერთია. მისი საჭიროება კი, როგორც ექიმები და პაციენტების ახლობლები ამბობენ, ძალიან დიდია.

 

მარიამი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში 10 ოქტომბერს გამართულ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა. მარიამი მიყვება, რომ სწორედ მობილურმა ჯგუფმა შეძლო ოჯახის წევრებთან მისი ურთიერთობის დალაგება.

 

წლების წინ ოჯახის წევრებთან მუდმივი კონფლიქტი მქონდა ჩემი ჯანმრთელობის გამო, დღეს დავარეგულირე ეს ურთიერთობა მათი დახმარებით,”- ამბობს მარიამი.

 

მობილური ჯგუფის გარდა, მარიამი ამბობს, რომ  წლების წინ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის არსებობამ გადაარჩინა.

 

“2000 წლამდე 7-ჯერ მოხვდი სტაციონარში. ამის გარდა, თვეში ერთხელ დავდიოდი დისპანსერში ექიმთან. ერთ-ერთი ვიზიტის დროს გავიგე, რომ არსებობს ასეთი ცენტრი და თუ ჩემი დიაგნოზი შეესაბამება მოთხოვნებს, შემიძლია ცენტრის სერვისებით ვისარგებლო. მიმიღეს. დაახლოებით 15 წელია რემისია მაქვს.”

 

ტრენინგები კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებში, სიმპტომების მართვა, მედიკამენტების მიღება ექიმის გარეშე, არტთერაპია, ერგოთერაპია, მუსიკო თერაპია და ა.შ. ამ სერვისების ყოველდღიურად მიღების რეჟიმში მარიამი ამბობს, რომ იცის, რა სიმპტომის დროს რა უნდა გააკეთოს, როდის მიიღოს წამალი, როგორ მოიქცეს კონფლიქტურ სიტუაციაში, რა თქვას, როგორ მოითხოვს, როგორ მართოს საკუთარი ბიუჯეტი და სხვა.

 

“გარდა ამისა, ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, რაც ძალიან მაკლდა იქამდე. ჯერ კიდევ წლების წინ რომ ყოფილიყო ასეთი ცენტრი, ვფიქრობ, არ მომიწევდა სტაციონარში მკურნალობა.”

 

როდესაც საუბარია ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვის რეფორმაზე, რეფორმაში ფსიქიატრები სწორედ საავადმყოფოს გარე სერვისების განვითარებაზე საუბრობენ, სადაც ამჟამად სახელმწიფოს წილი მინიმალურია.

 

“ეს სერვისები დახურვის პირასაა ახლა. გარდა იმისა, რომ პაციენტები დარჩებიან მათ გარეშე, დაიფანტებიან კარგი სპეციალისტებიც, რომლებიც წლებია ამ დარგში მუშაობენ, დაიკარგება გამოცდილება და დონორული თანხები წყალში გადაიყრება,”- ამბობს ფსიქიატრი მანანა შარაშიძე.

 

“ 7 წელია ყოველდღე აქ დავდივარ, დილის 11- დან საღამოს 4 საათამდე. იქამდე ასათიანის კლინიკაში დავდოდი. ძალიან მეხმარება ეს ცენტრი. მართალია, ყოველდღიურად ისევ ვსვამ წამლებს, მაგრამ არ ვარ ჩაკეტილი, მაქვს ურთიერთობა ხალხთან, ვცეკვავთ, ვმღერით კარაოკეზე, კინომოყვარულთა კლუბი გვაქვს, ხეზე ჭრას ვსწავლობთ, მინანქარზე მუშაობას, მალე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს თბილისში და ამისთვისაც ვემზადები. სულ ახლახან ფეისბუქის გვერდიც გავხსენი ჩემი. მოკლედ, ბევრად ჭკვიანი ვარ, ვიდრე ფსიქიკურად ჯანმრთელი ბევრი ადამიანი,”- ამბობს ცენტრის ბენეფიციარი.

ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრები
ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრები

საქართველოში მომუშავე ფსიქიატრები ამბობენ, რომ მსგავსი დამხმარე სერვისები არა მხოლოდ საავადმყოფოების გარეთ უნდა არსებობდეს, – სტაციონარში მყოფ პაციენტებს თავიდანვე უნდა სარგებლობდნენ ამ სიკეთით.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა ქვეყანაში 2011 წელს დაიწყო. რეფორმის ფარგლებში გარემონტდა და ფინანსდება 5 ფსიქიატრიული დაწესებულება, ფსიქიატრიული განყოფილებები, საერთო პროფილის 3 საავადმყოფო, 3 კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და 16-მდე ამბულატორია, სადაც ფსიქიატრიული კაბინეტებიც არის გახსნილი. ქრონიკული პაციენტებისთვის გრძელვადიან დაწესებულებში სახელმწიფო თვეში 450 ლარს იხდის.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარიამ ჯაშის თქმით, სახელმწიფოს მიერ დამატებითი ფინანსების მობილიზება აზრს დაკარგავს, თუკი ქვეყანას არ ექნება გრძელვადიანი სტრატეგია ამ სფეროში.

 

“დღემდე არის ამ დარგში ერთიანი მიდგომის პრობლემა. ეროვნულ კონცეფიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, სამუშაო ვერსია უკვე არსებობს. ხდება საბაზისო მონაცემების დეტალური შეფასება,”- ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო დამხმარე სერვისების ვალდებულებას მალევე ვერ აიღებს საკუთარ თავზე და რეალური საფრთხე შეიქმნება მათი შეწყვეტის, სამინისტრო დონორებთან შეეცდება მოლაპარაკებას. 

 

ფსიქოსოციალური ცენტრის ეზო
ფსიქოსოციალური ცენტრის ეზო

 

საქართველოში ფსიქიკურ აშლილობათა გავრცელების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ოფიციალურად, დაახლოებით 80 000 ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანია აღრიცხული.  ბოლო 5 წელიწადში ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია 1500-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა. 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური დარღვევები აღენიშნება. გარდა ამისა, 350 მილიონი ადამიანი დეპრესიით არის დაავადებული. ჯანმოს თანახმად, დეპრესიული აშლილობა ინვალიდობის მომწვევ დაავადებათა შორის მესამე წამყვანი მიზეზია და 2030 წლისთვის, ჯანმოს გათვლებითვე, პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი