საზოგადოება

ტოქსინები კონსერვის ქილაში

7 აგვისტო, 2013 • 5054
ტოქსინები კონსერვის ქილაში

ზოგადად, ბოტულიზმის ბაქტერიები ნიადაგში არსებობს, რომელიც იქ საქონლის ან ფრინველის ნაწლავებიდან განავლის სახით ხვდება. ნიადაგში არსებული ბაქტერიები დიდხანს ინარჩუნებს სიცოცხლეს. შესაბამისად, ამ ბაქტერიებით ხილის, ბოსტნეულის ან წყლის დაბინძურების რისკები ჩნდება. ადამიანის ორგანიზმში ბოტულოქსინის მოხვედრა  ბოტულიზმის დაავადებას იწვევს.

 

როდესაც საკვები უჟანგბადო პირობებში ინახება, ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიები მრავლდება და ხდება შხამის გამოყოფა. ამიტომაც მიიჩნევა, რომ საშინაო პირობებში დამზადებული საკვები – კონსერვების სახით, რომელიც უჟანგბადო პირობებშია, ყველაზე მეტად არის, ამ მხრივ, საფრთხის შემცველი. თუმცა, შესაძლოა, ძეხვეული ან შებოლილი თევზიც გახდეს დაავადების გამომწვევი, თუ მათი დამუშავება არასათანადო პირობებში, ტექნოლოგიური რეჟიმის დარღვევით მოხდა.

 

მიიჩნევა, რომ საშინაო პირობებში საკვების დაკონსერვების დროს, შესაძლოა, არ იყოს დაცული დაკონსერვების წესები, მაგალითად, არ იყოს ჰერმეტულად მოხუფული.

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ის ნედლეული, რომლისგანაც ბადრიჯნის, ლობიოს, წიწაკის და სხვა ნედლეულის კონსერვები მზადდება, არაიშვიათად ბოტულიზმის სპორებითაა დაბინძურებული.

 

“ბოსტნეულის კონსერვების მზადებისას 20-30 წუთით (მეტი დროც) წამოდუღება სპორების გასანადგურებლად აბსოლუტურად არასაკმარისია (სპორები დუღილს უძლებენ 5-6 საათის განმავლობაში). ქილების ჰერმეტული დახურვის შემდეგ ცოცხლად დარჩენილი სპორები გადადიან ვეგეტაციურ ფორმაში და იწყებენ შხამის გამომუშავებას. ასეთი პროდუქტის საკვებად მიღება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს,”- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

 

რაც შეეხება მურაბებსა და კომპოტებს, რომელიც საშინაო პირობებში მზადდება, აქ ბოტულიზმის რისკები ნაკლებია – როდესაც ხილი დიდი დროის განმავლობაში შაქარში იხარშება (100 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე) პროდუქტი პრაქტიკულად სტერილური ხდება.

 

ბოტულიზმი, ძირითადად, საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწყება. ეს პერიოდი დამოკიდებულია ორგანიზმში მოხვედრილი შხამის რაოდენობაზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მოკლეა ეს პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.

 

რაც შეეხება სიმპტომებს, თუკი ბოტულიზმს ინფექციაც არ დაერთო, ის ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობს. სხვა სიმპტომებიდან კი დაავადებულს აქვს თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, თავის ტკივილი. აღნიშნულ სიმპტომებს თანდათან ემატება სხვა ნიშნებიც, მაგალითად, მხედველობის მოშლა, ქუთუთოების, კუნთების დამბლა, ძნელდება ყლაპვა, სუნთქვა. მოგვიანებით ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავდება.  

 

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბოტულიზმით დაავადებულის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება აღმოჩენილი სათანადო სამედიცინო დახმარება.

 

რაც შეეხება მკურნალობას, აუცილებელია, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდეს, სადაც მას ბოტულოტოქსინის საწინააღმდეგო შრატის გამოყენებით უმკურნალებენ.

 

პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ბოსტნეულის დაკონსერვებისას აუცილებელია დაცული იყოს ზოგიერთი წესი, რომელიც  ბოტულიზმის საფრთხეს რეალურად ამცირებს. პირველ რიგში, ეს არის ნედლეულის პირველადი დამუშავება:

 

“იგი საკმაო ხნით უნდა იყოს წყლით დაფარული, რათა შემდგომში გარეგანი დაბინძურების მოშორება გაადვილდეს. ჩალბობის შემდეგ ბოსტნეული გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში. ასევე გულდასმით უნდა დამუშავდეს კონსერვირებისათვის გამოსაყენებელი ჭურჭელი. მიუხედავად ყოველივე ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ქილაში მოთავსებულ ბოსტნეულს ბოტულიზმის გამომწვევი სპორები შეჰყვეს. ასე რომ, კვლავ და კვლავ სიფრთხილე გვმართებს.”

 

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი რეკომენდაცია – საკვებად გამოყენების წინ კონსერვის ქილის დათვალიერება უნდა მოხდეს. სახიფათო ნიშანია, თუ თავსაფარი ამობურცული და შებერილია. ასეთი ქილები დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. თუმცა ხშირად გარეგანი დათვალიერება საკმარისი არ არის. შესაბამისად, სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია თერმული დამუშავებაც – საჭიროა მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში მისი დუღილი.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ჯერჯერობით ბოტულიზმის მხოლოდ ეს ფორმაა აღწერილი. მაგრამ არსებობს სხვა ფორმებიც –  იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება განვითარდეს ბოტულიზმი არა შხამის, არამედ სპორების მიღების ხარჯზე. პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს ეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ უიშვიათეს შემთხვევებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე პათოლოგიების ან არსებითი ცვლილებების დროს, შეიძლება ბოტულიზმი განვითარდეს, როგორც ინფექცია მოშხამვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი