ენდოკრინული ორგანოების პათოლოგიებს შორის სიხშრით, შაქრიანი დიაბეტის შემდეგ, მეორე ადგილს სწორედ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები იკავებს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მაჩვენებელი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, განვითარებულ ქვეყნებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ახლად გამოვლენილმა შემთხვევებმა, ქალებში -დაახლოებით 52% და მამაკაცებში 17%-მდე შეადგინა. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქეთევან ხითარიშვილი საუბრობს:

 

ქეთევან ხითარიშვილი
ქეთევან ხითარიშვილი

ქალბატონო ქეთევან, თქვენი, როგორც მოქმედი ენდოკრინოლოგის დაკვირვებით, იზრდება თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით მომართვიანობა?

 

მხოლოდ ერთ კონკრეტულ სპეციალისტთან მისულ პაციენტთა რაოდენობით შეფასება მაჩვენებლის, არასწორი იქნება. ზოგადად კი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში იმატა, როგორც ავტოიმუნური დაავადებების წილმა, ასევე, კვანძოვანი წარმონაქმნების, მათ შორის სიმსივნური წარმონაქმნების წილმა. სავარაუდოდ, საქართველოშიც იგივე ტენდენცია ფიქსირდება.

 

რას უკავშირდება აღნიშნული დაავადებების ზრდის ტენდენცია?

 

გააჩნია, ფარისებრი ჯირკვლის რომელ პათოლოგიაზეა საუბარი. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნების ზრდა მთელ მსოფლიოში გარემო და გენტიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ანუ გენეტიკურად კოდირებული მდგომარეობები, რომლებიც უკვე შემდგომ, გარკვეული გარემო ფაქტორებით აქტიურდება, ეს შეიძლება იყოს არასრულფასოვანი კვება, საკვები დანამატები, მომატებული რადიაციული ფონი, დაბიძურებული გარემო და ა.შ. გენების გააქტიურებაზე და შემდეგ უკვე პათოლოგიის ჩამოყალიბებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების წილი იმატებს ჩვენს ქვეყანაშიც.

 

რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნურ (მათ შორის ტოქსიკური ჩიყვი) დაავადებებს, აქაც გამშვებ მექანიზმად გარკვეული გენების გააქტიურება გვევლინება. ასევე, ინფექციები, სტრესი, ვირუსული დაავადებები, გრიპის რომელიმე ვირუსი. გენეტიკურად დეტერმინებულ ავტოიმუნური დაავადებების გამომჟღავნებას გარკვეული პირობები ესაჭიროება. როდესაც გენი არსებობს, მის გაღვიძებას ესაჭიროება გარკვეული პირობები. ამ პირობების ჩამონათვალი კი დიდია.

 

არსებობს თუ არა პრევენცია ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე კონკრეტული პათოლოგიის თავიდან ასაცილებლად?

 

არ არსებობს კონკრეტული პრევენცია. ერთადერთ საპრევენციო ღონისძიებად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად არის იოდის მიღება იმ მოსახლეობაში, რომელიც დადასტურებულად იოდდეფიციტურ რეგიონებში ცხოვრობს. იოდდეფიციტური რეგიონები საქართველოშიცაა. ძირითადად, ეს მთიანი რეგიონებია, მაგალითად, სვანეთი, რაჭა, თუმცა, არის დაბლობი რეგიონებიც, სადაც ასევე არის იოდის დეფიციტი.

 

რას ურჩევთ სპეციალისტები მოსახლეობას, რომელიც სწორედ ასეთ რეგიონებში ცხოვრობს?

 

იოდიზირებული მარილის მიღებას. იოდის ფარმაკოლოგიური დოზები იწყება 1000 მიკროგრამიდან. სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-200 მიკროგრამს.

 

აუცილებელია თუ არა, რომ ექიმმა დანიშნოს დოზა?

 

ექიმის მიერ დანიშნული დოზა არის კონკრეტულ პაციენტზე გათვლილი დოზა და არ განეკუთვნება საპრევენციო ღონისძიებას.

 

რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ადამიანებმა ექიმს?

 

ერთი და ორი კონკრეტული ჩივილი ამ პათოლოგიებს არ ახლავს თან. გააჩნია, როგორ მიმდინარეობს ეს პათოლოგია, ამაზეა დამოკიდებული ეს ჩივილებიც. გააჩნია, ფარისებრივი ჯირკვლის მომატებული ფუნქციაა (ჰიპერთირეოზი) თუ დაქვეითებული (ჰიპოთირეოზი). ასევე გააჩნია, რა პათოლოგიაა, მიმდინარეობს ჩიყვით თუ ჩიყვის გარეშე. არის თუ არა ჩანართები მასში და ა.შ.

 

თუ შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს სხვა დაავადების გამოწვევა, მაგალითად, თუ ვნებს ის სხვა ორგანოებს?

 

რა თქმა უნდა, თუკი ხანგრძლივად მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის დისფუქნცია. როგორც მომატებულ ფუნქციას, ასევე, დაქვეითებულს, შეუძლია სხვა დაავადებების გამოწვევა.

 

ძირითადად, თირეოტოქსიკოზის დროს ირღვევა გულის გამტარებლობის სისტემა. ჰიპოთირეოზების დროს იწყება არითმია, ვინაიდან ყალიბდება კარდიომიოპათია, კუჭნაწლავის სერიოზული დაზიანება, თავის ტვინის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.

 

თუკი პრობლემა ადრეულ ეტაპზე არ გამოვლინდა, ხანგრძლივმა დისფუქნციამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევადი პროცესიც გამოიწვიოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *