საზოგადოება

რამდენად უსაფრთხოა თბილისის ტბებსა და ზღვაზე ბანაობა [Photo/Video]

27 ივლისი, 2013 • 7341
რამდენად უსაფრთხოა თბილისის ტბებსა და ზღვაზე ბანაობა [Photo/Video]

სარეკრეაციო ზონებში წყლის ხარისხის კვლევას ყოველწლიურად აწარმოებს გარემოს ეროვნული სააგენტო. კვლევები 2009 წლიდან, სეზონის დადგომასთან ერთად ტარდება. სააგენტოს გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის თანამშრომლები სინჯებს მაისიდან–სექტემბრის ჩათვლით იღებენ.

თბილისის ზღვა
თბილისის ზღვა

კვლევა წელსაც ჩატარდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლისის ტბაზე სინჯები მაისში და ივნისში აიღო. როგორც აღმოჩნდა, ლისის ტბაში განსაზღვრული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ინგრედიენტების კონცენტრაციები დასაშვებ ნორმას არ აღემატება, თუ არ ჩავთვლით სულფატებისა და კალციუმის კონცენტრაციებს, რაც კვლევის თანახმად, ლისის ტბის ბუნებრივ შემცველობას წარმოადგენს, მკვებავი წყაროებიდან გამომდინარე. ტბა წვიმისა და თოვლის ნადნობის გარდა, ე.წ. გოგირდისა და გრუნტის წყლებით საზრდოობს.

კუს ტბა
კუს ტბა

მაისსა და ივნისში ჩატარდა კვლევა თბილისის წყალსაცავზე, ე.წ. თბილისის ზღვაზე და კუს ტბაზეც. ინგრედიენტების რაოდენობა აქაც დასაშვები ნორმის ფარგლებშია.

თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტო წყლის ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ შემადგენლობას იკვლევს და არ ახორციელებს წყალში დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლების კვლევას. მათ შორის არ ხდება კოლიფაგების, სიცოცხლისუნარიანი ჰელმინთების კვერცხების (ასკარიდა, თავთმიანა, ტოქსოკარი, ფასციოლა) და პათოგენური ნაწლავური უმარტივესების სიცოცხლისუნარიანი ცისტების კვლევა.

თეთრი ტბა
თეთრი ტბა

წყალში დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლების კვლევას წლების მანძილზე სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტი ატარებდა, თუმცა, როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, კვლევები რამდენიმე წელია აღარ ჩატარებულა:

“ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არავითარი კვლევა არ ჩაგვიტარებია იმიტომ, რომ ამ მხრივ დაფინანსება არ ყოფილა. ბოლოს თბილისის სარეკრეაციო ზონებში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბაზე და ლისის ტბაზე კვლევა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით 2005–2006 წლებში, ეს მონაცემები ძალიან ძველია”, – განაცხადა ინსტიტუტის თანამშრომელმა, მარინა ლაშხაურმა.

ლისის ტბა
ლისის ტბა

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმი–ინფექციონისტი ლელა ქველაძე აცხადებს, დაბინძურებული წყლიდან სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელებაა შესაძლებელი, თუმცა, მისი თქმით, თბილისის ტბებისა და წყალსაცავების დაბინძურების შემთხვევაში, საავადმყოფოში დაავადების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდებოდა:

“წყლის დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური დაავადებები, ეს შესაძლოა იყოს ამებიაზი, სალმონელოზი, ლეპტოსპიროზი და სხვა, თუმცა წყალი რომ დაბინძურებული იყოს, დაფიქსირდებოდა მასობრივი მოწამვლა, რაც არ დაფიქსირებულა.

თეთრი ტბა
თეთრი ტბა

 

თუკი ადამიანი ნაწლავური ინფექციით შემოვიდა, იმის დადგენა ვერ მოხდება – წყლის გამო დაავადდა, საჭმლის გამო თუ სხვა რაიმე მიზეზით. მოგეხსენებათ, ზაფხულია და, როგორც წესი, სიცხეში გაფუჭებული პროდუქტის გამო ასეთი დაავადებები ხშირია, მაგრამ ეს რომ იყოს წყლის გამო, გაცილებით მასობრივი სახე ექნებოდა. რამდენიმე წლის წინ იყო ამებიაზის შეტევა, მაშინ ნამდვილად იყო წყალი დაბინძურებული და უამრავი პაციენტი გვყავდა, ახლა კი ორი ავადმყოფიც კი არ შემოსულა ერთსა და იმავე ტერიტორიიდან”, – აცხადებს ლელა ქველაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი