საზოგადოება

“მოქალაქეობის არქონის გამო პაციენტმა მორფი ვერ მიიღო”

17 ივნისი, 2013 •
“მოქალაქეობის არქონის გამო პაციენტმა მორფი ვერ მიიღო”

უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ორგანიზაციას რამდენიმე პაციენტმა მიმართა, რომელმაც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო მკურნალობა ვერ შეძლო. 

 

ორგანიზაციის იურისტის და ადვოკატის, როლანდ ასაკაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი პაციენტი ორი თვის წინ გარდაიცვალა. 

 

“ის შვილთან რუსეთიდან ჩამოვიდა. ძალიან მოკლე დროში მას კიბოს მე-4 სტადია დაუდგინდა. პაციენტს ესაჭიროებდა ძლიერ ტკვილგამაყუჩებელი – მორფი, რომელიც არ მისცეს იმის გამო, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მორფის გამოწერა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი,”- ამბობს ადვოკატი. 

 

მას შემდეგ, რაც თავად პაციენტმა და მისმა ოჯახმა სახეხლმწიფო სტურქტურებთან პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს, არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართეს. თუმცა მალევე პაციენტი გარდაიცვალა. 

 

იმის გამო, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლია უფასო მკურნალობის მიღება, რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი პაციენტის უფლებები დაირღვა.

 

პაციენტს, რომელსაც ტუბერკულოზის მძიმე ფორმა ჰქონდა, სახელმწიფო მკურნალობის პროგრამაში ვერ მოხვდა. 


“გარდა იმისა, რომ ის სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობას ვერ ღებულობდა, ჯანმრთლობის მხრივ სხვა ადამიანებსაც უქმნიდა საფრთხეს. სახელმწიფო სტრუქტურებში ეუბნებოდნენ, რომ ჯერ ბინადრობის მოწმობა უნდა აეღო და უკვე შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა იმ პროცედურების გავლა, რომელიც მის პროგრამაში ჩასმას უკავშირდებოდა. როდესაც ჩარევა მოხდა არასამთავრობოების მხრიდან, მათ შორის სახალხო დამცველის, უკვე დაგვიანებული იყო, პაციენტი გარდაიცვალა.”


იმისთვის, რომ ასეთ ფაქტები აღარ განმეორდეს, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობაში თანხვედრა უნდა მოხდეს. თუ პაციენტის უფლებების შესახებ კანონითა და კონსტიტუციით ნებისმიერი საქართველოში მცხოვრები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. 

 

ადვოკატის თქმით, მათთან იურიდიული დახმარების მიზნით მისული პაციენტთა უფლებები მხოლოდ მოქალაქეობის არქონის გამო არ ირღვევა. 

 

“პრობლემა იმ დაავადებულ მსჯავრდებულებსაც შეეხება, რომელთაც სასჯელი გადავადებული აქვთ მძიმე ავადმყოფობის გამო. ეს პაციენტები ვალდებულები არიან წელიწადში ერთხელ საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა და სასამართლოს წარუდგინონ. აღნიშნული კვლევები 400-500 ლარი ღირს, რისი შესაძლებლობაც მათ არ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს ამ დასკვნას არ წარუდგენენ, სასამართლოს უფლება აქვს სასჯელი შეუცვალოს. შესაბამისად, მთავრობის მიმართ გვაქვს რეკომენდაცია, რომ ასეთი მჯავრდებულების გამოკვლევები თავადვე უზრუნველყონ.”

 

თამარ გაბისონია, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ იმისთვის, რომ პრობლემები სისტემურად აღმოიფხვრას, არასამთავრობო ორგანიზაციამ კიბოთი გარდაცვლილი პაციენტის “ქეისზე” უზენაეს სასამართლოში შესატანად სარჩელი მოამზადა.


“გვინდა ერთი ასეთი სარჩელით პრობლემა სისტემურად აღმოვფხვრათ,”- ამბობს გაბისონია.


გარდა ამისა, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისთვის “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” დაიწყო კონსულტაციები ჯანდაცვისა სამინისტროსთან და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან. პირველი შეხვედრა, რომელიც დღეს, 17 ივანისს გაიამრთა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ ესწრებოდა.  


მასალების გადაბეჭდვის წესი