საზოგადოება

“ლოცვის უფლება ყველას აქვს” [Video]

14 ივნისი, 2013 •
“ლოცვის უფლება ყველას აქვს” [Video]

აქცია პირველ საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში საქართველოს მოქალაქე მუსლიმებისთვის პარასკევის ტრადიციული ლოცვის ხელშეშლა გააპროტესტეს.

 

“ამათაც საძინებელში ილოცონ?”,”ყველას აქვს ლოცვის უფლება”, “გიყვარდეს მოყვასი შენი”, “მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა ისინი გექცეოდნენ” – ასეთი ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა მეიდანზე, ტროტუარზე შეკრება პირველ საათზე დაიწყეს. აქციის გამართვის შესახებ მისმა ორგანიზატორებმა პოლიციასა და მერიას წინასწარ შეატყობინეს.

 

მეიდნის გარდა, პოლიცია იყო მობილიზებული აბანოთუბანში მდებარე სკვერთან, სადაც თბილისის მთავარი მეჩეთი მდებარეობს. აქცია პირველ საათზე, მუსლიმების პარასკევის ლოცვის დროს სპეციალურად დაამთხვიეს. პირველის ნახევარზე აქციის მონაწილეებმა თბილისის ჯუმა მეჩეთის წინ გადაინაცვლეს. ამ დროს მეჩეთში ლოცვა მიმდინარეობდა. მეჩეთის წინ შეკრებილ ხალხს ნინო დანელიამ აცნობა, რომ სოფელ სამთაწყაროში საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იყო ჩასული და სამთაწყაროს მცხოვრებლებს ლოცვის საშუალება მიეცათ.

 

აქცია პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ, 2 საათზე დაიშალა. აქციის დაშლამდე სამლოცველოდან გამოსული მუსლიმები აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდნენ.

 

დღევანდელი აქცია “ლოცვის უფლება ყველას აქვს” დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მართლმადიდებელი მოსახლეობის მხრიდან მუსლიმ მოსახლეობაზე ზეწოლას აპროტესტებდა.

 

სოფელში მცხოვრებმა მუსლიმებმა 2012 წელს სალოცავის მოსაწყობად სახლი შეიძინეს. მუსლიმების სურვილს ადგილობრივი მართლმადიდებლები ეწინააღმდეგებიან. ადამიანების ჯგუფმა, ვინც საკუთარ თავს მართლამდიდებლად მიიჩნევს, სამჯერ- 24, 31 მაისს და 7 ივნისს ლოცვის უფლება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი