საზოგადოება

მოსწავლე ცოლისა და დედის როლში [Video]

6 ივნისი, 2013 • 2467
მოსწავლე ცოლისა და დედის როლში [Video]

 

სოფო სამ თვეში დედა გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა, ის სწავლას აგრძელებს. მომავალ წელს, მეთორმეტე კლასში, მას გაკვეთილების მომზადებასთან ერთად შვილზე ზრუნვაც მოუწევს. იგი ფიქრობს, რომ მისი გადაწყვეტილება სწორია: „მე-11 კლასში გავთხოვდი, ეს გადაწყვეტილება არც ისე რთული იყო, არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას და არა მგონია ოდესმე ვინანო“ – ამბობს სოფო.

სოფოსგან განსხვავებით 17 წლის სალომე ჯაყელი სკოლაში აღარ დადის. ახლა მისი მთავარი საზრუნავი ოჯახი და საოჯახო საქმეებია. სალომე ამბობს, რომ სკოლაში მისვლის ერიდება, არ იცის როგორ შეხვდებიან კლასელები და მასწავლებლები, რადგან აქამდე დაქორწინებული მოსწავლეები მისთვის იყო ხუმრობის თემა: „არ შემიძლია, ჩემი კომპლექსია ეს, გათხოვილი ვარ და ვიარო სკოლაში…“ – ამბობს სალომე. 

ბოლო სამი წლის მანძილზე ბათუმის თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ჰყოლიათ დაქორწინებული მოსწავლე. მათი უმრავლესობა გოგონაა.

ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, საშუალო განათლება ბავშვებისთვის სავალდებულოა. თუმცა ბავშვები, რომლებიც ქორწინდებიან, განსაკუთრებით გოგონები, ხშირად იძულებულნი არიან, მიატოვონ სკოლა.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბავშვთა ქორწინება ადრეულ ასაკში დღემდე გოგონათა უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხს წარმოადგენს. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, „ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი დანაშაულად აღიარებს სრულწლოვნის სქესობრივ კავშირს 16 წლის ასაკს მიუღწეველ მოზარდთან. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

„მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს, განსხვავებული მდგომარეობაა პრაქტიკული თვალსაზრისით“, –  ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

თეონა დოლიძე მეცხრე კლასში იყო, 15 წლის, როცა დაქორწინდა და სკოლაში სწავლა შეწყვიტა: „მეცხრე კლასში ვიყავი. საცხოვრებლად თბილისში გადავედი და ამიტომ აღარ გამიგრძელებია სკოლაში სიარული.“ – იხსენებს თეონა, რომელიც ახლა 24 წლისაა და ხუთი წლის შვილი ჰყავს. მისთვის გათხოვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სკოლის გაკვეთილების მომზადების ნაცვლად თეონას პასუხისმგებლობები სხვა იყო: „რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ვდგები დილით, ვუვლი ჩემს შვილს, შემდეგ ჩემს მეუღლეს ვამზადებ სამსახურისთვის, ვუმზადებ საუზმეს და ყავას. შემდეგი ეტაპი სახლის მოვლას ეთმობა. ვცდილობ რაც შეიძლება მალე მოვრჩე ოჯახურ საქმიანობას, იმიტომ, რომ ჩემს მეუღლეს არ უყვარს, როცა მთელი დღე სახლში ვარ გამოკეტილი და მეც გავდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად.“

ადრეულ ასაკში ქორწინება არამხოლოდ შემაფერხებელი გარემოებაა განათლების მიღებისას, არამედ ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც შეიცავს საფრთხეს. იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში, რომელიც ამ ტიპის ყველაზე დიდი დაწესებულებაა აჭარაში, არასრულწლოვანი პაციენტები იშვიათობა არ არის. ბოლო წლის მანძილზე აქ 250-მა არასრულწლოვანმა გოგონამ იმშობიარა.

 რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ქალისათვის ადრეულ ასაკში მშობიარობას? ექიმი-რეპროდუქტოლოგი ნანა ფუტკარაძე ამბობს, რომ ადრეულ ასაკში მშობიარობა ქალის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს: „ამ ასაკში ორსულობა ბევრ გართულებასთან არის დაკავშირებული. მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი ანომალიები, ანემია და ა.შ. ამ ასაკში გოგონების ორგანიზმის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და განვითარების პროცესშია.“ –  ამბობს ნანა ფუტკარაძე. იგი დასძენს, რომ არასრულწლოვანის ფეხმძიმობა იმ თვალსაზრისითაც არის რთული, რომ მომავალი ნორჩი დედები ჯერ თავადაც ბავშვები არიან და ექიმის რეკომენდაციებს ყურადღებით არ ეკიდებიან. 

რატომ ქორწინდებიან მოზარდები ადრეულ ასაკში? ფსიქოლოგი ნონა ნაკაშიძე ამბობს, რომ მოზარდების მიერ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება იმპულსური ნაბიჯი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი ადამიანის გაცნობიერებული არჩევანი: „ეს ბევრი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუნდაც გარემოს გამოცვლით. მიკრო-სოციალურ გარემოში, ოჯახში შესაძლებელია იყოს ურთიერთობების, კომუნიკაციის პრობლემა. გარდატეხის ასაკი ზუსტად ის ასაკია, როცა ადამიანი თავის მშობლებთან მიჯაჭვულობაზე მყისიერად ამბობს უარს და ეძებს ცხოვრებაში ახალ მიჯაჭვულობას. შესაძლებელია ზუსტად ამ გარდამავალი პერიოდის დროს, ხშირ შემთხვევაში პროტესტის ან რაღაც სიახლის ძიების მიზნით, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. და კიდევ ერთი, ჩვენ საზოგადოებაში ქორწინებაში არსებული ურთიერთობები ლეგალიზებულია, არ განისჯება, არც სტიგმატიზებული არ არის. თუმცა რასაც ისინი ოჯახს ეძახიან, იმას უმრავლეს შემთხვევაში ოჯახი არ ჰქვია.“ – ამბობს ფსიქოლოგი.

 

გასულ წელს საქართველოში 20 წლამდე ასაკის 14 მამაკაცი და 55 ქალი განქორწინდა, თუმცა ეს სტატისტიკა ვერ ასახავს რეალობას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 16 წლამდე ქორწინების რეგისტრაცია არ წარმოებს. ასევე, ბევრი წყვილი, რომლებიც დაქორწინებულად მიიჩნევიან, არ ახდენენ ქორწინების რეგისტრაციას, შესაბამისად, ადრეულ ასაკში განქორწინებათა ზუსტი რაოდენობის შესახებ უცნობია.

„პატივისცემით მინდა მოვეპყრო ახალგაზრდა ადამიანების გადაწყვეტილებას და შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში ეს მათი კარგად დაფიქრებული ნაბიჯიც იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის გაუწონასწორებელ მდგომარეობაში გადადგმული ნაბიჯი. ოჯახი, რომელიც იქმნება იმპულსურად, აფექტის მდგომარეობაში, ხშირად დიდხანს ვერ ძლებს.“ – განმარტავს ნონა ნაკაშიძე. მისივე თქმით, „ემოციების გავლის შემდეგ მყარ მიჯაჭვულობებს ადამიანი ვეღარ პოულობს, რადგან ემოციური ეფექტები შეიძლება იყოს მძაფრი, მაგრამ როცა ეს ემოციები ჩაცხრება, პირველივე დაბრკოლებაზე დიდი შანსია შეიცვალოს და ნეგატიური გახდეს ურთიერთობა. ამიტომაც არის ხშირად, რომ ახალგაზრდა ოჯახები მალე ინგრევა. აუცილებელია, რომ მშობლის როლში მყოფი ადამიანი თვითონ იყოს ზრდასრული, რომ მერე გაზარდოს მომავალი თაობა. სამწუხაროდ უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოში ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ისინი მფარველობის და მეთვალყურეობის ფონზე აგრძელებენ ისევ ცხოვრებას. მათ ორმაგი ცხოვრება აქვთ, ერთი მხრივ, ისინი ბავშვის და მოზარდის როლში არიან და მეორე მხრივ, მათ აქვთ დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი ნახევრის როლი.“

14 წლის, მეცხრეკლასელი ი. გ. არასრულწლოვან ასაკში დაქორწინების ერთ-ერთ მიზეზად მშობლების მხრიდან წინააღმდეგობას ასახელებს. „ვეღარ ვკონტაქტობდით, რადგან მამაჩემმა ტელეფონი ჩამომართვა. თან, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ოჯახის წევრები სხვა ქალის შერთვას უპირებდნენ, რომელიც არ უყვარდა. ძალიან რთული იყო, მაგრამ გადავწყვიტე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც დაიტანჯებოდა, მეც და ის ქალიც. ასე უცებ შევქმენით ოჯახი.“ _ გვიამბობს ი. გ. მისი თქმით მშობლებს ძალიან გაუჭირდათ მისი გადაწყვეტილების მიღება. 14 წლის გათხოვილი გოგონა ამბობს, რომ მისი ცხოვრება ქორწინებს შემდეგ რადიკალურად შეიცვალა:

„ჩემს მშობლებთან რომ ვიყავი, რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი, როცა მინდოდა, მაშინ ვდგებოდი, როცა მინდოდა, მაშინ ვალაგებდი სახლს და ვაკეთებდი საჭმელს, ახლა სულ სხვანაირადაა. დილით უნდა ავდგე, დედამთილს მომსახურება უნდა, ქმარს, ოჯახის სხვა წევრებს. ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ყველაფერს კარგად გავართვა თავი. მაინც ძნელია, როცა ყველა შენ გიყურებს, „გამოწმებს“- მეზობლები, ნათესავები…“

ი. ამბობს, რომ სკოლაში კარგად სწავლობს და უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს, თუმცა მე-9 კლასიდან სკოლაში სიარულს აღარ აპირებს. იგი იმედოვნებს, რომ გამოცდებს ექსტერნად ჩააბარებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად დაქორწინებული 16-19 წლის თინეიჯერების რიცხვი 2002 წლიდან 2009 წლამდე გასამმაგდა, 2010-2011 წლებში მონაცემები მცირედით შემცირდა. ყველაზე მეტმა თინეიჯერმა 2009 წელს იქორწინა: 1271 ბიჭი და 5596 გოგონა. 

ქალთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის მონაცემების თანახმად ნაადრევად დაქორწინებულ წყვილთა პროცენტული მაჩვენებლის სიას მსოფლიოს ქვეყნებს შორის 2000-2012 წლების მიხედვით, ნიგერია უდგას სათავეში 75%-ით, მას მოსდევს ჩადი 72%-ით, მესამე ადგილი კი ბანგლადეშს უჭირავს 66%-ით. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ გოგონები ღარიბი ოჯახებიდან უფრო ხშირად თხოვდებიან ნაადრევად, ვიდრე გოგონები უფრო მდიდარი ოჯახებიდან. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინებით. მას მოსდევს თურქეთი და ტაჯიკეთი.

ევროპაში პირველი ქორწინების ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი შვედეთშია  – 30.4 წელი, ხოლო ყველაზე დაბალი ბელგიაში –  26.6 წელი.   

მასალაზე მუშაობდნენ “ბათუმელების” მედიასკოლის სტუდენტები: ანა გვარიშვილი, თამთა კახაბერიძე, მარი მუთიძე, ხატია ზუხუბაია, თათია ბოლქვაძე, ნინო ბერიძე, ირმა დიმიტრაძე და დემურ ბოლქვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი