სოფელ ციხისძირში მცხოვრები ომარ დოლიძის თქმით, საპროტესტო აქციაში 60-70 ადამიანი მონაწილეობდა:
„ძირითადი მოთხოვნა იყო, რატომ არ დააკავეს მესამე პირი. ორი დააკავეს და გაუშვეს და მესამე რატომ არ არის დაკავებული? ბატონი ანზორიც იყო (ანზორ თხილაიშვილი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი – ავტ.), პროკურატურიდანაც იყვნენ და გასცეს პასუხები. გვითხრეს, რომ აუცილებლად დავაპატიმრებთო. აქციის ორგანიზატორები 14 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულები იყვნენ“.
ონისე ხუბულავას დაუკავებლობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს ბრალდებულ პაატა გვილავასაც. მან თავისი პრეტენზიების შესახებ უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს, როცა ეს უკანასკნელი 20 აპრილს გვილავას დაკავების საკითხს განიხილავდა:
“მესამე პირი, რომელიც მიმალვაშია, დღემდე არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებიათ, რომ წარმოადგინონ იგი. ამბიდან მეორე დღეს ბატონი ონისე ხუბულავა იმყოფებოდა სამსახურში. ელემენტარული უწყებაც კი არ გაუგზავნიათ, არც კი დაურეკავთ, რომ მოსულიყო. ჩამოვათრევთო, ამ სიტყვებით აღნიშნეს. რატომ არ ჩამოათრიეთ, ბატონო პროკურორებო, მესამე, რომლის ჩვენებაც მნიშვნელოვანია ამ საქმეში?”
პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მაშინ მოსამართლეს განუცხადა, რომ ონისე ხუბულავას დაკავების მიზნით ყველა ღონისძიება გაატარეს.
აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გიორგი თორდიას თქმით კი, დღევანდელ აქციაზე ციხისძირში თვითონაც იყო მისული:
„მეც ვიყავი დღეს ციხისძირში და ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. მოთხოვნა იყო ერთადერთი, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა – პატიმრობა არ შეუფარდა აღნიშნულ პირებს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ ქუთაისის სასამართლოში და ველოდებით პასუხს. ამ საკითხზე იყო შეკრება და არა მესამე პირის დაკავებაზე. მე იქ ვიყავი, ანზორ თხილაიშვილი იქ იყო და არ დაყენებულა ეგეთი საკითხი. მაგაზე ვერაფერს გეტყვით“.
გიორგი თოდრიას თქმით, ძებნის სამსახური შს სამინისტროს დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, ძებნილების დაკავების ოპერაციას ეს სამსახური ატარებს:
„ჩვენ შევადგინეთ დადგენილება ძებნის გამოცხადებაზე, გადავუგზავნეთ სასამართლოს განჩინება პირის დაკავებაზე… პროკურატურა არ ახდენს აღნიშნული სამძებრო ღონისძიების გატარებას“.
სამხედრო პირები – მალხაზ მამფორია და პაატა გვილავა, რომლებიც ციხისძირში მცხოვრები ხუთი მოქალაქის შეურაცხყოფაში არიან ბრალდებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 20 აპრილს 15-15 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიმალვაში მყოფ ონისე მამფორიას კი აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამხედროების მიმართ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 აპრილს ციხისძირში მცხოვრებ ადამიანებს მათ იარაღის გამოყენებით აიძულეს ეჩვენებინათ ჯვარი. ვისაც ჯვარი არ აღმოაჩნდა, ფიზიკურად შეურაცხყვეს.
სამხედროებს ბრალად ედებათ ხულიგნობა ჯგუფურად, იარაღის გამოყენებით და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.