საზოგადოება

რას აკეთებს სახელმწიფო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დასაცავად

24 აპრილი, 2013 •
რას აკეთებს სახელმწიფო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დასაცავად

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებებიდან პირად ელექტრონულ ფოსტაზე იღებს ყველა ახალი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას, რომელიც დედის ან ახალშობილის გარდაცვალებას შეეხება.


სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ ბოლო სამი თვის სტატისტიკით აქამდე არსებულ მონაცემთან შედარებით ეს რიცხვი 1/3-ით მაღალია.


“მაგალითად, თუ ოფიციალური სტატისტიკით აქამდე ყოველ 10 000 ახალშობილზე 19-20 ახალშობილი იღუპებოდა, დღეს არსებული მონაცემით, ამ 3 თვეში ეს რიცხვი 30-მდე ავიდა,”- ამბობს მინისტრი.


მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილობის ოფიციალური მონაცემის ზრდა მიმდინარე წლის იანვარში მის მიერ გამოცემულ ბრძანებას უკავშირდებოდეს.


დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად სამედიცინო დაწესებულებებს “სასწარფო შეტყობინების” ფარგლებში ვალდებულება დაეკისრათ ორსულის, მშობიარეს ან მელოგინეს (მშობიარობიდან პირველი 42 დღის ჩათვლით) გარდაცვალების და მკვდრაშობადობის თითოეული შემთხვევიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში აცნობონ ჯანდაცვის სამინისტროს.


აღნიშნული ბრძანება მინისტრმა 2012 წლის დეკემბერში საგარეჯოს რაიონში ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გამოსცა. ამ ფაქტიდან დაახლოებით 3 თვეში კი ბათუმში, დედათა და ბავშვთა ცენტრში, ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი დაუბალანსებელი კვება იყო. მძიმე მეტაბოლური დარღვევის მართვა კი ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.


ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილობის რიცხვის ნულამდე დასაყვანად ინტენსიურ მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებს.


ის, რაც წლების მანძილზე იყო გაწერილი, იგივე სოფლის ექიმის ფუნქციებისა და ვალდებულებების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილად რჩებოდა და მის მონიტორინგს არავინ ახორციელებდა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, სტრატეგია მთლიანად შესაცვლელია და პრობლემის მოსაგვარებლად სისტემური მიდგომებია  საჭირო. ამისთვის დახმარება სახელწმიფომ გაეროს ბავშვთა ფონდს, იუნისეფს სთხოვა.


უინისეფმა საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის და ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად კონკრეტული რეკომენდაციები წარმოადგინა.  


როგორც გაეროს ბავშთა ფონდში განმარტვენ, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის და ბავშვთა სიღარიბის შემცირება ისეთი მარტივი ღონისძიებების საშუალებებითაა შესაძლებელი, როგორიცაა ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაციის შემოღება ორსულებში ანემიის შესამცირებლად და დედებისა და 6–24 თვის ბავშვების ვიტამინებით და მიკროელემენტებით უზრუნველყოფა.


რეკომენდაცია, რომელიც ასეე უნდა შესრულდეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნეონატალოგთა გადამზადებაა.


“ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ინვესტირება მოახდინოს ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების პროგრამებში. ინვესტიციები ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებაში, მათ შორის ჯანმრთელობაში, სკოლამდელ აღზრდაში, ბავშვთა სიღარიბის შემცირებასა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის დახვეწაში, გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და დაცვაზე, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ზრდასაც,“- ამბობს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში.


როგორც იუნისეფში განმარტავენ, იუნისეფი მთავრობას ასევე სთავაზობს ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღებას თვეში 30 ლარის ოდენობით თითოეულ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვზე და მონიტორინგის მექანიზმის შექმნას იმისთვის, რომ ბავშვთა საყოველთაო შეღავათმა რეალურად გააუმჯობესოს ოჯახებში ბავშვთა მდგომარეობა.


აღნიშნული ძალისხმევის შედეგად უკიდურესი სიღარიბე ხუთ წლამდე ბავშვებში 40 პროცენტით უნდა შემცირდეს.


იუნისეფის გამოთვლებით, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვის უსაფუძვლო სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელია.


გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემების თანახმად, საქართველოში 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში – აქედან დაახლოებით 26 ათასი ექვს წლამდე ასაკისაა. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციისვე თანახმად, საქართველო ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით (16 ყოველი ათასიდან) სიდიდით მეორეა ევროპაში.


შემოთავაზებული რეკომენდაციები და კონკრეტული ღონისძიებები უნდა გახდეს ნაწილი იმ ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი სტრატეგიისა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი ბავშვების ჯანმრთელობას.


რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, რომელიც ამ სისტემური სტრატეგიის განხორციელებისთვის იქნება საჭირო, ჯერ არ არის დათვლილი. გარდა ამისა, მის განსახორციელებლად საჭირო ფული არც მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოიპოვება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი