საზოგადოება

რუსები ბათუმში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ

31 ივლისი, 2017 • 3501
რუსები ბათუმში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ

მათ აკავშირებთ ერთი საერთო რამ  – ეთნიკური რუსები არიან და ბათუმში ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი – 18 წლის რომა დაიბადა საქართველოში, სხვები სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩდნენ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ბათუმი აირჩიეს საცხოვრებლად. პოლიტიკაზე საუბარი არც ერთ მათგანს არ სურს. ამბობენ, რომ ამისგან თავს შეიკავებენ. ასევე იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო არასდროს არავითარი პრობლემა არ შექმნიათ ბათუმში – არც აგვისტოს ომის შემდეგ, როცა სულ რაღაც 9 წლის წინ მათი ისტორიული სამშობლოს ჯარი საქართველოში შემოიჭრა და ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%.

ასოციაცია „როსია“

არჩილ გოგიტიძე

არჩილ გოგიტიძე

პოლიტიკაზე საუბარს დიდი ენთუზიაზმით არც „რუსულენოვანი ინტელიგენციის“ ასოციაცია „როსიას“ თავმჯდომარე, არჩილ გოგიტიძე ხვდება. არჩილ გოგიტიძეს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ასოციაციის ოფისში შევხვდით. ამ ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის პირველი სართული ბათუმის მერიას ეთნიკური უმცირესობების სათვისტომოებისთვის გამოუყვია. აქ გვერდიგვერდ განთავსებულია გერმანული, სომხური, უკრაინული თუ აზერბაიჯანული სათვისტომოების თითო ოთახი. არჩილ გოგიტიძე ამბობს, რომ ის ქართველია და მისი კავშირი რუსულ ეთნოსთან იმით შემოიფარგლება, რომ წლების წინ რუსული სკოლა დაამთავრა. არჩილ გოგიტიძის თქმით, მათთან 300-მდე ეთნიკურად რუსია გაერთიანებული. „ძირითადად ასაკოვანი ხალხია. ახალგაზრდები, ვინც სკოლას ამთავრებენ, რუსეთში მიდიან სწავლის გასაგრძელებლად. ბევრი მათგანი რუსეთშივე პოულობს სამუშაოს და აღარ ბრუნდება საქართველოში. ბოლო ორი წელია რუსეთში გამკაცრდა მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა, ამიტომ ახლა უფრო უჭირთ რუსეთში ფეხის მოკიდება და ალბათ ისევ საქართველოში დაბრუნდებიან“.

„როსიას“ ძირითადი საქმიანობა უფრო კულტურული ღონისძიებებით შემოიფარგლება – სადღესასწაულო დღეებში ფოლკლორულ სიმღერებსა და ცეკვებს ასრულებენ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში სულ 26,453 ეთნიკური რუსი ცხოვრობს, მათგან 3 679- ბათუმში, ხოლო 13 350 – თბილისში.

რომან ნიკულინი

18 წლის რომან ნიკულინი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. ქართულად წერს, კითხულობს და საუბრობს. რომა აბიტურიენტია – ბათუმის საზღვაო აკადემიაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ის ამბობს, რომ საქართველოში აპირებს ცხოვრებას.

რომან ნიკულინი

რომან ნიკულინი

„ბათუმში ბავშვობიდანვე ვცხოვრობ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი აქ არის დაბადებული. ჩემი დიდი ბაბუა (მამის ბაბუა დედის მხრიდან), ბორის სმირნოვი, მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, სადაც მძიმედ დაიჭრა, თუმცა გადარჩა და ჯილდოდ სახელმწიფომ ქობულეთში მიწა გადასცა. ამის შემდეგ ოჯახმა მიწის გაყიდვა და ბათუმში გადმოსახლება გადაწყვიტა. აქედან იწყება ჩვენი ოჯახის ბათუმური ცხოვრების ისტორია.

საქართველო ძალიან მიყვარს- ბუნება, ხალხი, ქართული კულტურა – ყველაფერი, პოლიტიკის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად რუსი ვარ, ჩემს სამშობლოდ მაინც საქართველოს მივიჩნევ, – აქ დავიბადე, გავიზარდე და ბავშვობის ყველა ტკბილი მოგონებაც საქართველოს უკავშირდება.

საქართველოში დარჩენასა და სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ. ამჟამად ეროვნული გამოცდების პასუხებს ველოდები, მინდა ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩავაბარო, ნავიგაციის ფაკულტეტზე.

2008 წლის აგვისტოს ომის დღეები ჩემს მეხსიერებაშიც აღიბეჭდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი, 8 წლის. მახსოვს პირველი შიში – ოჯახის წევრების დაკარგვის შიში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ომში უშუალო არავინ იღებდა მონაწილეობას. განვიცდიდი იმას, რომ ყველანი საფრთხის წინაშე ვიდექით.

შემდეგ ცხოვრება დაბრუნდა ჩვეულ რეჟიმში. ბათუმში არასდროს მიგრძნია შევიწროება სხვა ეროვნების ადამიანებისგან, მით უფრო- ქართველებისგან. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ბათუმელი ერთ გარემოში, ერთი ტრადიციითა და ადათ-წესებით ვიზრდებით და ნაციონალურ დონეზე განსხვავება უმნიშვნელოა.

ჩემი მეგობრების წრეში ზოგიერთი- ქართველი, ზოგიერთი – სომეხი და ზოგიერთიც რუსია. ჩვენს ურთიერთობაში ერთადერთი რამ არის უცვლელი – ერთმანეთს ვაფასებთ არა ნაციონალობის ნიშნით, არამედ ადამიანობით.

რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანაში არასოდეს ვყოფილვარ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვისურვებდი რუსეთში წასვლას, ნათესავების მონახულებაა“.

ალექსანდრე მოლოდოი და ელენა კაშეევა

ელენა კაშეევა პროფესიით ბალერინაა, ხოლო მისი მეუღლე, ალექსანდრე მოლოდოი -დეველოპერი. ელენა და ალექსანდრე 18 თვის წინ ჩამოვიდნენ ბათუმში საცხოვრებლად – ჯერ საქართველოში ბინადრობის უფლება მოიპოვეს, შემდეგ კაფე გახსნეს და ასე ცხოვრობენ. ცოლ-ქმარს არ სურს რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბარი, თუმცა ამბობენ, რომ არჩევანი საქართველოზე გააკეთეს.

ალექსანდრ მოლოდოი და ელენა კაშეევა

ალექსანდრ მოლოდოი და ელენა კაშეევა

„ბათუმში ჩვენი დასახლების ისტორია ლენას უკავშირდება. 2005 წელს ის გასტროლზე ჩამოვიდა ცნობილ ბალერინასთან – ირმა ნიორაძესთან ერთად. ამის შემდეგ, ზედიზედ ექვსი წლის განმავლობაში, პერიოდულად ჩამოვდიოდით საქართველოში.

პირადად ჩემში საქართველოსადმი ინტერესი დიდმა ქართველმა რეჟისორმა, გიორგი დანელიამ, ხოლო ლენაში ბუნებამ, ჯანსაღმა საკვებმა და ცხოვრების სტილმა აღძრა. ჩვენი ერთ-ერთი პირველი ჩამოსვლა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პერიოდს დაემთხვა. მაშინ ტურისტების როლში ვიყავით ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თემებზე საუბარს თავს ვარიდებდით.

უკვე წელიწადნახევარია, რაც ბათუმში ვცხოვრობთ. საქართველოში გადმოსვლის გადაწყვეტილება უცებ არ მიგვიღია, ამ საკითხზე დიდხანს ვფიქრობდით. აქ გადმოსახლების ისტორია კი ერთ ჩვეულებრივ თბილისელ ხელოსანს უკავშირდება.

მესამე თუ მეოთხე ვიზიტი გვქონდა საქართველოში, ძველ თბილისში, ერთ-ერთ სახლში ვათევდით ღამეს. ჩვენ მეზობლად მღებავი კაცი ცხოვრობდა, საღამოს სუფრაზე მიგვიპატიჟა, დაბადების დღე ჰქონდა. დიდებული სუფრა გააწყვეს, ყველა კერძი მის დედას ჰქონდა მომზადებული, საჭმელი ენით აუღწერელი და კოსმიურად გემრიელი იყო.

ყველაფერი ჩვეულ სადღესასწაულო რეჟიმში მიდიოდა, როცა უცებ, ჩვენთვის  სრულიად მოულოდნელად წამოდგა ერთ-ერთი სტუმარი, ორმოცდაათ წელს გადაცილებული კაცი და მითხრა: საშა, ახლა ვდგებით, მივიდვართ ჩემთან სახლში და დღეს ჩემთან ვრჩებით, ცოლი გაფრთხილებულიაო.

სიმართლე გითხრათ, ჩემში გამოწვეული გაკვირვება არ ყოფილა სიმთვრალის შედეგი – ასეთი გახსნილობა და უშუალობა სრულიად უცნობი ადამიანისგან ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის.

ამ შემთხვევის შემდეგ საქართველოს უმშვენიერესი ბუნებიდან, მთებიდან, ზღვიდან აქცენტი ქართველებსა და მათი ხასიათის თავისებურებებზე გადავიტანეთ.

ახლა უკვე ბათუმში ბევრი ნაცნობი და მეგობარი გვყავს. ვმეგობრობთ ყველასთან. ჩვენი ნაცნობების ნახევარი ადგილობრივი მოსახლეობა, მეორე ნახევარი კი ბათუმში ჩვენსავით ჩამოსული რუსები, უკრაინელები და ბელორუსები არიან. ინფორმაციის ძირითადი წყაროც მეგობრები და ფეისბუქგვერდია. რუსულ სატელევიზიო არხებს არც ადრე ვუყურებდით და არც ახლა ვუყურებთ.

ქართველებთან დამეგობრება არც ჩვენს ბიჭს – 8 წლის მაქსს გასჭირვებია. შარშან  რუსულენოვანი ბაღიდან ქართულენოვან ბაღში გადასვლა მოუწია. თავიდან ენის მხრივ გარკვეულ პრობლემებს შეეჯახა, თუმცა პრობლემა მალევე გადალახა. მაქსმა უმაღლესი შეფასებით დაამთავრა პირველი კლასი, ჩვეულებრივად კონტაქტობს ქართველ ბავშვებთან, დადის კარატეზე და ძალიან მოსწონს ყველაფერი, რასაც აკეთებს. მოკლედ, მაქსმა ჩვენგან განსხვავებით უფრო იოლად ისწავლა ქართული.

კაფე, რომელიც მე და ლენამ გავხსენით, ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ჩვენს კაფეში განსხვავებული ადამიანები მოდიან. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვკონტაქტობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რა თქმა უნდა, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებთანაც, ორგანიზაციასთან, რომელიც რუსულ დიასპორაზე მუშაობს, შეხება არ გვქონია. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვამართლებ დიასპორების არსებობის პრინციპს. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ როცა არსებობს დიასპორა, არსებობს განცალკევება, ჩაკეტილი წრე, რაც ბათუმისთვის ზედმეტია. დიასპორა, ალბათ, მაშინ იქნება გამართლებული და საჭირო, როცა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საშუალება არ გექნება. ჩვენ კი ზუსტად ის მოგვწონს, რომ გვეძლევა შანსი, უშუალოდ გვქონდეს ურთიერთობა ბათუმის მოსახლეობასთან და შევიგრძნოთ ქართველი ერის თავისებურებები.

კაფეს გახსნაც ნაწილობრივ ამ იდეას უკავშირდება. ბიზნესის წამოწყება კი საქართველოში ცალკე ამბავია, აქ სრულიად მარტივი პროცედურებია და ამ კუთხით იუსტიციის სამინისტროს გამოვყოფდი. საქართველოში ბიზნესის კეთების შანსი ყველას ეძლევა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ადამიანის მოტივაცია და შრომა. როცა გარე ფაქტორები ხელს გიწყობს ბიზნესის წამოწყებაში, ხვდები, რომ რისკი გამართლებულია, რადგან ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

რასაკვირველია, ყოველი ბიზნესი საწყის ეტაპზე გარკვეულ ენერგიას, ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. ჩვენ კი ერთი რამ ზუსტად ვიცოდით – რესურსი სწორად უნდა გაგვენაწილებინა. სამუშაოს რა დალევს, საქმის სიყვარულით კი ყველაფერი გამოვა: იმუშავებ – მიიღებ ფულს, არ იმუშავებ – ვერ მიიღებ.

ელენა სკრობოტოვა

1895 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ გამოაგზავნა ბაბუაჩემი -ვასილი ბეშკაევი (დედის მხრიდან) ბათუმში, იმჟამინდელ პორტო ფრანკოს საბაჟოზე სამუშაოდ. ბაბუა ბათუმში ბებიასთან – მართა ბეშკაევასთან ერთად ჩამოვიდა. ბებია ქალაქ სამარადან იყო. ბათუმში ექვსი შვილი შეეძინათ, მათ შორის- დედაჩემი ეკატერინეც.

მშობლებმა ერთმანეთი 1922 წელს გაიცნეს – მამა ბათუმში წითელი არმიიდან ჩამოვიდა. მე 1938 წელს დავიბადე. ოცი წლის ასაკში სტალინგრადის უნივერსიტეტში ჩავაბარე – ნავთობის სპეციალობაზე. სწავლის გაგრძელება ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე და სამი წლის შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდი.

1941 წელს ჩვენი ოჯახი ოკუპაციაში მოხვდა, ერთი წლის შემდეგ კი მამა საკონცენტრაციო ბანაკში დახვრიტეს. დედა, მე, ორი და და ძმა პონამარიოვის სახელობის პარტიზანულ ბანაკში მოვხვდით და მხოლოდ 1946 წელს დავბრუნდით ბათუმში. ამის შემდეგ ბათუმიდან არსად გავსულვარ, აქ დავრჩი და დღემდე აქ ვარ. რუსეთში ნათესავებიდან აღარავინ დამრჩა. ბათუმში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, თავს ძალიან მყუდროდ ვგრძნობ. ორი ქალიშვილი და პატარა შვილთაშვილი მყავს, ასევე,  ძალიან ბევრი რუსი ნაცნობი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი რუსია.

მარცხვნიდან მარჯვნივ ელენა სკრობოტოვა და ელენა ანისიმოვა

მარცხვნიდან მარჯვნივ ელენა სკრობოტოვა და ელენა ანისიმოვა

რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი მეგობარიც მყავს. ქართველი იყო ჩემი მეუღლე, შოთა ინასარიძე. თანაცხოვრების მანძილზე არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, ნაციონალიზმის საფუძველზე უთანხმოება, თუნდაც მცირედი გაუგებრობა გვქონოდა.

ბათუმი ყოველთვის იყო ინტერნაციონალური, საკურორტო ქალაქი და შემდეგშიც ასე იქნება. თუ იქმნება ისეთი სიტუაციები, როცა ვიღაცას ჩემი საუბარი რუსულ ენაზე არ სიამოვნებს, ყოველთვის ვახსენებ, რომ დღევანდელ მულტიკულტურულ სამყაროში ენთნოკონფლიქტები აღარ უნდა არსებობდეს.

ელენა ანისიმოვა

დავიბადე ლენინგრადში 1932 წელს. 9 წლის ვიყავი, როცა პირველად ჩამოვედი ბათუმში. მამა ომის დაწყებამდე 3 თვით ადრე, 1941 წლის მაისში ბათუმში გამოიძახეს. ცოტა ხანში ის პოლკში წაიყვანეს, ჩვენ კი – მე, დედა და ჩემი და ბათუმში დავრჩით. მძიმე პერიოდი იყო. მამის დატოვებული 500 რუბლი მალევე დაგვეხარჯა. უნდა გვეფიქრა შემოსავლის ახალ წყაროზე. 15 წლის ასაკში მე და ჩემმა ხუთმა მეგობარმა სამკერვალო ფაბრიკაში დავიწყეთ მუშაობა, სადაც 16 წელი დავყავი.

ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ცურვას უკავშირდება, ეს სრულიად შემთხვევით მოხდა – ერთ-ერთ თანამშრომელს ცურვაზე სიარული შესთავაზეს, სხვებმა გართობის მიზნით მოვინდომეთ წასვლა… აჭარაში ცნობილი მწვრთნელი ჟორა კალანდაძე გვავარჯიშებდა.

საბოლოოდ 10 წელი მივუძღვენი სპორტის ამ სახეობას. შეჯიბრებებზე საქართველოს ნაკრებს წარვადგენდი, დავდიოდით სხვადასხვა ქალაქში, ვეცნობოდით სხვადასხვა ხალხს. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მგზავრობა 1951 წელს სანკტ-პეტერბურგში მქონდა – ცურვაში მეორე ხარისხის სერტიფიკატი მომანიჭეს.

ცურვაზე შესვლას ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიამოვნო მოვლენა მოჰყვა: 26 წლის გოგონამ ჩემი მომავალი მეუღლე, ზურაბ სურმანიძე გავიცანი, რომელთანაც თანაცხოვრების ყველაზე ტკბილი წლები გავინაწილე. ზურაბი მეზღვაური იყო, გემზე დადიოდა, მე კი სახლში ბავშვებს ვზრდიდი, სამი ქალიშვილი გვეყოლა.

თავიდან საბჭოს ქუჩაზე ვცხოვრობდით, პარკთან ახლოს, 1974 წელს კი მეუღლეს ბათუმის საზღვაო ნაოსნობაში შეტანილი წვლილისთვის ბინა სტეფანოვკაზე მისცეს. ამის მერე აღარსად გადავსულვართ.

ასოციაცია „როსია“ ეთნიკურად რუსებისთვის მხატვრულ ლიტერატურას აგროვებს

ასოციაცია „როსია“ ეთნიკურად რუსებისთვის მხატვრულ ლიტერატურას აგროვებს

ბათუმში მშვიდი ცხოვრება გავიარე. მეუღლის დამსახურებით ქართული კულტურა ახლოს გავიცანი, ხშირად დავდიოდით სოფლად ნათესავებთან, ყველანი საოცარი სითბოთი და სიყვარულით გვეპყრობოდნენ. ძალიან შემიყვარდა ქართული სამზარეულო, მეუღლეს ფხალობიოთი და ხაჭაპურით ხშირად ვახარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ის მუსლიმი იყო, მე კი მართლმადიდებელი, რელიგიის კუთხითაც არასდროს შეგვქმნია პრობლემა. ჩვენი ოჯახის უცვლელ საყრდენს ურთიერთპატივისცემა, გაგება და თანადგომა წარმოადგენდა. უკვე 17 წელია, რაც ის აღარ არის ამ ცხოვრებაში, თუმცა სითბოს, რომელსაც ის ასხივებდა, მე ვხედავ ჩემი შვილების, შვილთაშვილებისა და შვილთაშვილის შვილების თვალებში. ეს ის სითბოა, რომელმაც არ იცის ნაციონალური თუ რელიგიური განსხვავება, რომელიც მუდამ გათბობს და უკვდავია.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

essssion

მასალების გადაბეჭდვის წესი