საზოგადოება

ბათუმში მტვერი დასაშვებ ნორმას 2,5-ჯერ აღემატება

27 მარტი, 2013 • 1457
ბათუმში მტვერი დასაშვებ ნორმას 2,5-ჯერ აღემატება

მტვერი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი და აზოტის დიოქსიდი – ეს არის ის ოთხი ნივთიერება, რომლის განსაზღვრაც ხდება.

 

„2013 წლის იანვრის მონაცემები ასეთია: მტვერი არის 2, 5-ჯერ მეტი, აზოტის დიოქსიდი – 3,2-ჯერ მეტი, გოგირდის დიოქსიდი – 2,2-ჯერ მეტი, ხოლო ნახშირჟანგი დასაშვებ ნორმას არ აღემატება. რაც შეეხება თებერვალს, ატმოსფერულ ჰაერში მტვერი დასაშვებ ნორმაზე 3,1-ჯერ მეტია, გოგირდის დიოქსიდი – 3,3-ჯერ მეტი, აზოტის დიოქსიდი – 3,5-ჯერ მეტი, ნახშირჟანგი ნორმაშია,“ – უთხრა “ბათუმელებს” გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამარ
მაღლაკელიძემ.

 

ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი სპეციალური ჯიხურების მეშვეობით სულ ხუთ ქალაქში ხორციელდება: თბილისში (სამი ჯიხური), რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში.

 

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი ჯიხური დგას, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ ერთი უბნის ჰაერის გაზომვა ხდება. 2012 წლის საშუალო წლიური მონაცემების მიხედვით, ბათუმში მტვრის საშუალო კონცენტრაცია იყო 0, 49 მილიგრამი
მეტრ კუბში.

 

„ეს არის სამჯერ და ცოტა მეტი ნორმაზე. გოგირდის დიოქსიდი იყო ორჯერ მეტი ნორმაზე. აზოტის დიოქსიდი იყო 3,5-ჯერ მეტი. მარტო ნახშირჟანგი იყო ნორმაში,“ – ამბობს თამარ მაღლაკელიძე.

 

როგორც გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში აცხადებენ, ბათუმში ატმოსფერული ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილები და მშენებლობის პროცესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი