საზოგადოება

რატომ მოსწონთ სტალინი საქართველოში

11 თებერვალი, 2013 • 3967
რატომ მოსწონთ სტალინი საქართველოში

“კავკასიის კვლევის რესურს ცენტრის” (CRRC) 2012 წლის კვლევაში (“კავკასიის ბარომეტრი”), რომელიც საქართველოს გარდა, რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარდა, კარნეგის ფონდის დაკვეთით შეიტანეს სტალინთან დაკავშირებული კითხვები. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კეთილგანწყობით საბჭოთა ბელადი საქართველოში სარგებლობს.

 

კვლევის ეს ნაწილი რამდენიმე დღის წინ “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” გაასაჯაროვა. აღნიშნული ლაბორატორიის წევრია ისტორიკოსი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე. მისი თქმით, მოსახლეობის განწყობის ასეთი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ამ საკითხზე არ ჩატარებულა სიღრმისეული კვლევა და დისკუსია. ბაქრაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობა ოფიციალურად დეკლარირებდა მკვეთრ ნეგატიურ დამოკიდებულებას სტალინის ფიგურის მიმართ, სტალინის ძეგლის მოხსნის გადაწყვეტილება და სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთების სურვილი არასდროს ყოფილა დამყარებული ფართო დისკუსიაზე:

 

“ჩვენ ხომ გვინდა, რომ სიღრმისეული შედეგი მივიღოთ?! ღამით, ჩუმად ძეგლის მოხსნას არანაირი შედეგი არ აქვს… ახლა ვხედავთ ამ ყალბი დამოკიდებულების შედეგს… როდესაც მოიხსნა წნეხი, გამოჩნდა, რომ არსებობს ხალხი, რომელსაც სტალინი ძალიანაც მოსწონს.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს CRRC-ის ზემოთ აღნიშნული კვლევის მაჩვენებელს:

 

“უბრალოდ, წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ საქართველოში ამ ტიპის კვლევები წარმოებდა და ყოველთვის გაცილებით უფრო დაბალი პროცენტი იყო, თუმცა ისეთი მეთოდებით სტალინიზმთან ბრძოლას, როგორც ამას ყოფილი ხელისუფლება და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, აზრი არ აქვს”.

 

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ძეგლის დადგმაც და ჩამოღებაც ერთი მოვლენის ორი სახეობაა:

 

“და ამ მოვლენას გაუნათლებლობა ჰქვია. როდესაც ძეგლს დგამ, ჰქმნი კერპს და როცა ძეგლს თავს ესხმი, ამითაც კერპს ჰქმნი. პროპაგანდისტული განათლებით, რომ სტალინი ცუდია, ლიდერი კი – ყოველთვის მართალი, სტალინიზმს ვერ შეებრძოლები: მაშინ ამხანაგი სტალინი არ მოკვდება არასდროს,” – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

 

მისივე თქმით, “კანონი არ კრძალავს იმას, რომ ვიღაცას ვიღაც უყვარდეს”:

 

”თავისუფლებას აქვს ფასი. თუ არის თავისუფლება, ის არის ყველასთვის, მათ შორის სტალინისტებისათვის, რომ გამოიტანონ და დადგან ძეგლი. და თუ ჩვენ მათ ეს თავისუფლება შევუზღუდეთ, მაშინ არაფრით არ განვსხვავდებით იმ ბელადისაგან, რომელსაც ვებრძვით.”

სტალინის მონუმენტის პროექტი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე
სტალინის მონუმენტის პროექტი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე

 

მაგრამ საქართველოში 2011 წელს მიიღეს კანონი – “თავისუფლების ქარტია”, რომლის მიზანი იყო საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

 

გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ სტალინის ძეგლი საქართველოს რამდენიმე სოფელში ისევ აღმართეს, რაც თავისუფლების ქარტიასთან წინააღმდეგობაში მოდის.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ნათია კაციტაძის თქმით, საინტერესო ფაქტია, რომ სადაო ძეგლები მოქალაქეებმა თვითნებურად აღადგინეს:

 

“პირველი საკითხია, რამდენად შეეძლოთ ნებართვის გარეშე ამის განხორციელება. ბუნებრივია, ყველა მოქალაქეს ძეგლის ან ნებისმიერი სხვა ნაგებობის თვითნებურად აღმართვის უფლება არ აქვს და კანონით პროცედურები გათვალისწინებულია.”

 

ნათია კაციტაძე, ასევე, ამბობს, რომ “თავისუფლების ქარტიის” მიზანი მსგავსი ძეგლებისა და სიმბოლიკის აღკვეთაა, თუმცა ამავე კანონის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინიტროში უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც იქნებოდა კანონის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი. შსს-ში ასეთი კომისია დღემდე არ შექმნილა, თუმცა პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო სტალინის ძეგლების დაზიანების ფაქტების გამოძიება, რასაც, პროტესტის ნიშნად, მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ე.წ. “აღიარებითი ჩვენებების კამპანია” მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

 

ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, რუსეთში შესაძლოა, სტალინისადმი დადებითი განწყობის შენარჩუნების მიზეზი მეტია, მაგრამ ისტორიის დამუშავების თვალსაზრისით, იქ გაცილებით დიდი მუშაობაა ჩატარებული – გამოცემულია დოკუმენტების კრებულები, არსებობს ისტორიული კვლევები და ა.შ. და სწორედ ამით აიხსნება კვლევის შედეგები, რომლითაც საქართველოში სტალინისადმი კეთილგანწყობილთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში:

 

“იმედია ეს კვლევა, რომელიც სტალინისდმი საქართველოში დამოკიდებულების ასეთ მაღალ პროცენტს აჩვენებს, ბიძგს მისცემს, ბოლოს და ბოლოს, საქართველოშიც საუბრებისა და სერიოზული კვლევების დაწყებას, რომელშიც სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა –  ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების უზარმაზარი რესურსის გამოყენების სახით, სადაც უნდა მიმდინარეობდეს უახლოესი წარსულის კვლევა და გადააზრება. უნდა გამოქვეყნდეს მონაცემები, თუ რა იყო საბჭოთა კავშირის ისტორიის ეს ნაწილი საქართველოსთვის.

 

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეოცე საუკუნის ისტორიაზე და ეს არ არის მხოლოდ მცირე არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე გადასაწყვეტი საგანი. ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება მთელი საზოგადოების გარკვეული ძალისხმევა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი