საზოგადოება

გვარების კურთხევა [Video]

31 იანვარი, 2013 • 9905
გვარების კურთხევა [Video]

სამების ტაძრის ეზოში არსებულ ერთ–ერთ შენობაში გვარის დალოცვის მსურველთათვის კონსულტაცია ყოველ ოთხშაბათს იმართება, რაშიც გვარის კურთხევის მსურველები, როგორც თავად ამბობენ, 120 ლარს იხდიან.

გვარის დალოცვის  პროცედურებს, პატრიარქის კურთხევით, რამდენიმე ჯგუფი ახორციელებს, მათ შორის, სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი – „გვარი და გვარიშვილობა“, საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების ცენტრი და ა.შ. იმ პროცედურის გათვალისწინებით, რაც გვარის კურთხევას უკავშირდება, ეს ცერემონია საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ფარცვანიების გვარი საქართველოს პატრიარქმა 2012 წლის 23 სექტემბერს აკურთხა. იმისათვის, რომ კურთხევა ყველა წესის დაცვით მომხდარიყო, ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელ facebook-ზე გვერდი გააკეთეს და ამ გვარის ადამიანების შეკრება დაიწყეს. გაიხსნა საბანკო ანგარიშიც, სადაც ფარცვანიები პროცედურებისთვის საჭირო თანხას აგროვებდნენ:

“დღეს “ჰერალდიკის სახლის” წარმომადგენელთან შევიმუშავეთ ფარცვანიების საგვარეულო დროშა და გერბი:

ა) საგვარეულო გერბის მოკვლევის ღირებულება – 170 ლარი;
ბ) საგვარეულო დროშის ღირებულება – 120 ლარი;
გ) საგვარეულო გერბის დამზადება – 400 ლარი;
დ) საგვარეულო დროშის დამზადება – 480 ლარი;
ე) ჩარჩო საგვარეულო ხატისთვის – 200 ლარი.

გთხოვთ ყველას, დაგვიდგეთ გვერდში და თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში”, – ეს განცხადება ფარცვანიების ოფიციალურ facebook-გვერდზე დევს.

როგორც გვარის ერთ–ერთი წარმომადგენელი ნინო ფარცვანია ამბობს, გარდა ჩამოთვლილისა, დაიწერა საგვარეულო ხატიც, რომელიც გვართან ერთად პატრიარქმა აკურთხა:

“ხატი დავაწერინეთ, ჩვენი გერბი შევქმენით, შემდეგ საპატრიარქოში გვითხრეს, როდის უნდა მივსულიყავით, რომ პატრიარქს დაელოცა. ასევე, მოგვიწია დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. ფულს ვაგროვებდით ხატის დაწერასთან, გერბის გაკეთებასთან დაკავშირებით და შემდეგ გადავრიცხეთ იმ ანგარიშზე, რაც მოგვცეს”, – აცხადებს ნინო ფარცვანია.

თუმცა, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, გვარის კურთხევა სრულიად უფასოა და ის თანხა, რისი გადახდაც მსურველებს უწევთ, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაა:

“გვარს თუ დალოცვის სურვილი აქვს, თავდაპირველად მინიმუმ მათი ორი–სამი წარმომადგენელი უნდა მივიდეს საკონსულტაციოდ, სადაც გაესაუბრებიან. ამის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, კეთდება მეცნიერული კვლევა გვარის ისტორიასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უნდა გაკეთდეს ლოგო, გერბსაც უწოდებენ ხოლმე, იწერება ასევე ხატი – სურვილის შემთხვევაში. გვარმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ხატია მისი, ეს შეიძლება იყოს ფუძე სოფლიდან გამომდინარეობდეს. ფაქტია, რომ რაც იქმნება, იმ შრომის ანაზღაურება უნდა მოხდეს. არ არის სწორი, ხომ, მშრომელ ადამიანს რომ არ აუნაზღაურებ შრომას?!” – აცხადებენ საპატრიარქოში.

გვარის კურთხევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში არაერთი თემა გაიხსნა, სადაც სხვადასხვა სახის კითხვებია დასმული. გარდა იმისა, რომ ხალხი გვარის დალოცვისთვის საჭირო თანხების რაოდენობით ინტერესდება, ასევ აინტერესებთ, როგორ უნდა გაიგონ, უკვე დალოცილია თუ არა მათი გვარი, “შეიძლება თუ არა მათი დალოცვა, ვისაც გვარში მკვლელობისთვის ნასამართლევი ადამიანი ჰყავს”, “აუცილებელია თუ არა გვარის კურთხევამდე მარხვის დაცვა” და ა.შ.

როგორც მღვდელი მამა ირაკლი (კუთხაშვილი) განმარტავს, გვარის კურთხევის ტრადიცია ისტორიულად არ არსებობდა. მამა ირაკლის თქმით, ეს ახალი ინიციატივაა, რომელიც, სავარაუდოდ, ერთი გვარის ადამიანების გაცნობას და დაახლოებას ისახავს მიზნად:

“მე მგონი, ასეთი ტრადიცია არ არსებობდა, სამეფო გვარი კურთხეულად ითვლებოდა იმის გამო, რომ სამეფო გვარი იყო. ალბათ, როდესაც თავადებს აკურთხებდნენ, რაღაც ცერემონია მაშინაც ტარდებოდა, მაგრამ, როგორც ასეთი, გვარების კურთხევის ცერემონია, როგორც მე ვიცი, არ არსებობდა. მე თუ ამ თხოვნით მრევლმა მომმართა, ვეუბნები, რომ შემიძლია ჯანმრთელობის პარაკლისი გადავიხადო მისი ოჯახისთვის, ვილოცო, სახლი ვუკურთხო. გვარის კურთხევა კი პატრიარქის ინიციატივაა, რომლის დროსაც ერთი გვარის ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და უახლოვდებიან, რადგან ზოგიერთ გვარში ათასობით ადამიანი ერთიანდება”, – აცხადებს მამა ირაკლი.

 

როგორც ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი აცხადებს, თავისთავად ის, რომ ადამიანებს გვარის ისტორია აინტერესებთ, ნორმალურია, ხოლო ერთობლივი დალოცვის სურვილი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარეობს:

“ადამიანებს თუ დალოცვა უნდათ, შეუძლიათ მარტოც მივიდნენ, მაგრამ მარტო არ მიდიან, მიდიან მათი გვარის წარმომადგენლებთან ერთად. ამ ერთობების შექმნის მოთხოვნილება მათ აქვთ – ჯგუფში გაერთიანების, ჯგუფის წევრობის. გვარი – ეს ისეთი რაღაცაა, რაც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს თაობაში, მაგალითად, ძალიან გავრცელებული იყო გვარით მიმართვა, ასევე, პირველად დღემდე საბუთების შედგენისას იწერება გვარი, სახელი და მამის სახელი, პირველად გვარი იწერება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არა მარტო ჩვენთან, კულტურათა უმრავლესობაში, რადგან კულტურათა უმრავლესობა არის პატრიარქალური”, – აცხადებს ლელა გაფრინდაშვილი. მისი თქმით, აქედან გამიმდინარე, მაშინ, როდესაც საპატრიარქო ამ ქმედების წახალისებას ახდენს, ხოლო გვარში ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობას გაუწევს, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ამ რიტუალში ფულს იხდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი