როგორც აქციის ორგანიზატორმა ალექსანდრე ელისაშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, აქციების ადრესატი ამჯერად არა თბილისის მერია, არამედ კულტურის სამინისტრო და კულტურის ახალი მინისტრი გურამ ოდიშარიაა.
“ჩვენ მივმართავთ კულტურის სამინისტროს, რომ მან გამოიჩინოს გამბედაობა და დაიბრუნოს პასუხისმგებლობა თბილისის კულტურის მემკვიდრეობაზე. რამდენიმე წელია ანომალია ხდება ქვეყანაში, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ყველა ძეგლი ექვემდებარება კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს, თბილისის ძეგლების გარდა… ჩვენ მოვითხოვთ, დაიბრუნოს კულტურის სამინისტრომ თბილისის კულტურის მემკვიდრეობაც და აიღოს პასუხისმგებლობა გუდიაშვილის მოედანზეც და გადაარჩინოს ამ მოედნის ავთენტურობა”,–ამბობს ელისაშვილი.
აქციაზე რამდენიმე ათეული ადამინი იყო შეკრებილი. ორგანიზატორები ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ შეკრებილებს. აქვე გათაშებაც შედგა. მოედანზე სურათები იყო გამოფენილი. ის, ვინც ყველაზე მეტ ფოტოზე ასახულ კიბის ადგილმდებარეობას გამოიცნობდა, ერთ–ერთ ფოტოს მიიღებდა საჩუქრად. ორგანიზატორებმა ორი გამარჯვებული გამოავლინეს, რომელთაც სასურველი სურათები აარჩიეს კიდეც.