რატომ გაქრა თევზები მდინარე ხრამში [Video]

მდინარე ხრამში თევზის სხვადასხვა ჯიშები, რომლებიც ამ მდინარეში ბუნებრივად ბინადრობდნენ, აღარ არიან. საქართველოს მეთევზეთა კლუბმა, რომლის წევრებმაც მდინარე ხრამის ერთ მონაკვეთზე, ხრამი ერთიდან სოფელ ბედიანამდე კვლევა ჩაატარეს, დაადგინეს, რომ თევზის ის ენდემური ჯიშები, რომლებიც  მდინარეში ყოველთვის უხვად იყვნენ, დღეს თითქმის აღარ არიან.

კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო, თევზის რა სახეობები ბინადრობენ ხრამში და როგორია მდინარის ენტომოლოგიური მდგომარეობა, ანუ არიან თუ არა გარკვეული ჯიშისა და რაოდენობის მწერები, რომლებიც აუცილებლად უნდა ბინადრობდნენ  მსგავს წყლებში, თუ იქ რაიმე ეკოლოგიური პრობლემა არ არის.

 

კვლევის ფარგლებში, წვრილთვლიან ბადეში გახლართულ თევზს კლუბის წევრები მდინარეში უკან უშვებდნენ. მთელი დღის განმავლობაში მსგავსი წესით თევზაობის შედეგად ბადეში მხოლოდ ორი–სამი სახეობის თევზი გაება.  

 

„იმის ნაცვლად, რომ იყოს მინიმუმ  წვერა, ციმორი, ხრამული, კალმახი, გვყავს მხოლოდ ერთი სარეველა ჯიშის თევზი ფრიტა, რომელიც არ წარმოადგენს არც გასტრონომიულ ინტერესს და არც ინტერესს სამოყვარულო  თევზაობისთვის. იყო კიდევ რამდენიმე თეთრულა, რომლებსაც ათვლაში ვერც ავიყვანთ“, – ამბობს საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი შოთა კვარაცხელია.

 

მდინარის ენტომოლოგიური  მდგომარეობის შესასწავლად ექსპედიციის წევრებმა სპეციალური ხელსაწყოთი სინჯები აიღეს.  აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ მდინარე ხრამში  მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. 

 

„მდინარეში არის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ყველა ჯიშის მწერი, მაგალითად, მედღეურა, რუისელი, მეგაზაფხულე, მტკნარი წყლის კრევეტი. ფაქტობრივად, საკვები ბაზა მდინარე ხრამის ამ მონაკვეთზე იდეალურია. წყლის დაბინძურებას ადგილი არ აქვს“, – ამბობს მეთევზეთა კლუბის წევრი ნიკა ზურაბიშვილი.

 

ენტომოლოგიურმა სინჯმა აჩვენა, რომ მდინარეში სხვადასხვა ჯიშის თევზების მრავალფეროვნებითვის ყველა პირობა არსებობს. დიდი რაოდენობით მოიპოვება თევზის ძირითადი საკვები – მწერების სახით. სინჯებმა ასევე დაადასტურეს, რომ მდინარეში დიდი ხანია აქტიურ ბრაკონიერობას, ანუ ე.წ. დენის აპარატის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, სხვა შემთხვევაში, როგორც კლუბის წევრები ამბობენ, წყალში მწერები და სხვა ცოცხალი ორგანიზმებიც განადგურდებოდა. 

 

ექსპედიციის წევრებმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მდინარე ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღეს. ხრამჰესთან მცხოვრები მოსახლეობის აზრით, ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც წყალში თევზი გაწყდა, წარსულში ბრაკონიერობის მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ძირითადი მიზეზი მაინც ისაა, რომ ჰესებიდან წყლის საკმარისი რაოდენობით გაშვება არ ხდება. ისინი ფიქრობენ, რომ მდინარეში წყლის დონე საკმარისზე დაბალია. 

 

„წყალი უნდა გავიდეს ჰესიდან გარკვეული რაოდენობით, რომ თევზმა იმოძრაოს, ზევით ამოვიდეს და ქვირითი დაყაროს. პატარაა წყალი და სუნი აქვს იქაურობას“, – ამბობს ხრამჰესის მკვიდრი ნოდარ მირიანაშვილი. 

 

მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი შოთა კვარაცხელია ადგილობრივებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ წყლის დონე მდინარეში თევზების არსებობისთვის სრულიად საკმარისია. მისი აზრით, ამ მიდამოში თევზი დიდი ხნის განმავლობაში ნადგურდებოდა. ამის შედეგად თევზის ენდემური ჯიშები გადაშენდა და ახლა უკვე ბრაკონიერობამაც აზრი დაკარგა. 

 

კლუბის წევრები გამოსავალს  თევზის სახეობების ხელოვნურად გაშვებაში ხედავენ.  

 

„თევზს თუ გაანადგურებ, ის არსაიდან აღარ მოვა. ამიტომ უნდა მოხდეს იმ თევზის ჯიშების, რომლებიც ამ მდინარეში ცხოვრობდნენ, ეტაპობრივად შესახლება ჩვენი მდინარეებიდან“, – ამბობს შოთა კვარაცხელია.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის ხელმძღვანელი სოსო ქარცივაძე აცხადებს, რომ მდინარე ხრამი ერთადერთი მდინარე არაა, სადაც მსგავსი პრობლემა არსებობს. იგი ფიქრობს, რომ უნდა შეიქმნას პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გადაშენებული სახეობები წყლებში დაბრუნდება.

 

„იდეას, რომ მსგავსი რამ გაკეთდეს, ჩვენ მივესალმებით, თუმცა ამ წუთში ეს ჩვენი ფუნქცია არ არის“, – ამბობს ქარცივაძე.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მაკა მაჭავარიანი