საზოგადოება

რას შესთავაზებს მაყურებელს “ტაბულა” ტელეეთერით

30 ოქტომბერი, 2012 • 2122
რას შესთავაზებს მაყურებელს “ტაბულა” ტელეეთერით

როგორც ჟურნალის რედაქტორმა განაცხადა, “ტაბულა” ტელევიზიის სახელწოდებაშიც შენარჩუნდება, თუმცა ტელევიზიის დასახელების რამდენიმე ვარიანტი განიხილება:

“ტელევიზია, ბუნებრივია, დაეფუძნება გარკვეულ იდეოლოგიას, ფონდის წევერები ძირითადად ვეფუძნებით საერთო ღირებულებებს, პირველ რიგში ეს არის ინდივიდუალური თავისუფლება, სეკულარული სახელმწიფო, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ურწმუნო ადამიანების სახელმწიფოს, ეს ნიშნავს იმას, რომ რელიგია და სახელმწიფო ერთანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ თავისუფალი ბაზარი არის საუკეთესო გზა ეკონომიკური წარმატების მისაღწევად და ა.შ.  თუმცა თვითონ ფონდის წევრთა შორისაც არის აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებზე. იდეოლოგია გარკვეულწილად შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენილი არ იქნება აგნსხვავებული აზრი. პირიქით, ტელევიზიაში იქნება ფართო სპექტრი მოსაზრებებისა წარმოდგენილი”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ტელევიზიის დამფინანსებელი “თავისუფალი უნივერსიტეტის” მფლობელი კახა ბენდუქიძე იქნება, თუმცა, ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სხვა ფინანსური წყაროების მოძიებაც მოხდება:

“ერთ–ერთი ფინანსური მხარდამჭერი იქნება კახა ბენდუქიძე, თუმცა შევეცდებით, რომ სხვა სახსრებიც მოვიძიოთ, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სხვა, ვფიქრობ, რომ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის პრობლემა ჩვენ არ შეგვექმნება. დავით კეზერაშვილი იღებს მონაწილეობას ჟურნალ “ტაბულას” დაფინანსებაში და ეს გაგრძელდება. არ ვიცი, რა მოხდება ტელევიზიის შემთხვევაში, ამაზე საუბარი არ გვქონია”, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ახალი ტელევიზია ძირითადად სტუდენტური იქნება. ჩერგოლეიშვილის თქმით, ტექნიკური პერსონალი იქნება გამოცდილი, მაგრამ ის ხალხი, ვინც კონტენტს შექმნის იქნება ახალი, მათ შორის სტუდენტები “თავისუფალი უნივერსიტეტიდან” და სხვა სასწავლებლებიდან.

ტელევიზიის ერთ–ერთი პრიორიტეტი საინფორმაციო გამოშვების გაკეთება იქნება:

“ჩვენი ლიცენზიის პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გვქონდეს საინფორმაციო გამოშვება და ჩვენი პირველი პრიორიტეტი იქნება ეს, რომ საცდელი მაუწყებლობის პირობებშიც გვქონდეს საინფორმაციო გამოშვება და შემდეგ უკვე თოქ–შოუები და ა.შ”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა. მისი თქმით, ის, რომ ოდესღაც ტელეკომპანია “საქართველო” ლიცენზიის პირობებს არღვევდა, ახალ ტელევიზიას საფრთხეს არ შეუქმნის:

“ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი მყიდველი. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოთხი წევრიდან ერთი წავიდა წინააღმდეგი ლიცენზიის გადმოცემაზე, თუმცა ის ერთი თანახმა იყო, “საქართველოს” გაგრძელებოდა ლიცენზია ათი წლით. თუ “საქართველო” არღვევდა პირობებს, მას უნდა მიეღო გაფრთხილება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო ეჩივლა, ან თვითონ კომისიას შეეძლო მიეღო ზომები. ჩვენ ვერ დაგვემუქრება ის, რომ “საქართველო” ოდესღაც არღვევდა ლიცენზიის პირობებს, ჩვენ პირობებს არ დავარღვევთ”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

იმის გამო, რომ ჟურნალ “ტაბულას” ადამიანური რესურსის ტელევიზიაში გადასროლა მოხდება, ჟურნალი ყოველთვიური გახდება, თუმცა იქნება უფრო ვრცელი, ვიდრე ყოველკვირეული “ტაბულა”. როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, შენარჩუნდება ჟურნალის ყველა ავტორი და თითქმის ყველა თანამშრომელი, გარდა იმ ტექნიკური თანამშრომლებისა, ვინც ყოველკვირეული ჟურნალის კეთებისას ესაჭიროებოდათ.

როგორც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, კულტურის პოლიტიკის კრიტიკა და შეფასება “ტაბულას” ერთ–ერთ პრიორიტეტად დარჩება, თუმცა უფრო მეტი ფართობი დაეთმობა პოლიტიკურ ანალიზს, ვიდრე კულტურულ ღონისძიებებს.

“ტაბულა” შეთანხმებას წყვეტს კომპანია “სილქნეტთანაც”, რომლის აბონენტებსაც ჟურნალი უფასოდ ურიგდებოდათ. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, “სილქნეტის” მომხმარებლები ახლა მათ ტელევიზიის საშუალებით იხილავენ.

ტელევიზიაში გაიზრდება “ტაბულას” კომენტატორების არეალიც:

“ადრე თუ ჩვენ კომენტატორებად გვყავდა ძალიან შეზღუდული რაოდენობა ხალხის, დღეს ეს არეალი გაიზარდა იმიტომ, რომ ის ადამიანები სამოქალაქო სექტორიდან, კვალიფიციური ადამიანები, რაღაცნაირად შეისრუტა წინა ხელისუფლებამ, დღეს ეს ადამიანები თავისუფლები არიან, ზოგიერთი მათგანი მუშაობს “თავისუფალ უნივერსიტეტში”, შესაბამისად, როდესაც კომენტატორზეა საუბარი, “მოლაპარაკე თავს” რასაც ეძახიან დასავლეთში, ამათი რაოდენობა ჩვენთვის გაიზარდა და ეს ადამიანები არიან ზუსტად ისინი, ვისაც წამყვანი პოზიციები ეჭირა ადრე სახელისუფლებო სტრუქტურებში. ოთო კახიძე ვახსენე, ადნრო გიგაური ვახსენე,  ეკა ზღულაძე, ვატო ლეჟავა, შემიძლია დავამატო. ეს ადამიანები კომენტატორების სახით და არა წამყვანების, მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს გადაცემებში და მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს შეაფასებენ”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა უმრავლესობის თანხმობის შედეგად ტელეკომპანია “საქართველოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიები “სამოქალაქო განათლების ფონდს” გადაეცა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლი და ჟურნალ “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია. 

ლიცენზიის გადაცემა ტელეკომპანია “საქართველოსა” და “სამოქალაქო განათლების ფონდის” საერთო განცხადების საფუძველზე მოხდა. იმის შესახებ, თუ რა დაუჯდა “სამოქალაქო განათლების ფონდს” ლიცენზიის ყიდვა, თამარ ჩერგოლეიშვილი არ საუბრობს. მისი განცხადებით, ეს იყო ორმხრივი გარიგება, ამიტომ კონკრეტული ციფრები მხოლოდ მეორე მხარესთან შეთანხმების შემთხვევაში დასახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი