საზოგადოება

უნდა არსებობდეს თუ არა ‘პირველი კავკასიური’

23 ოქტომბერი, 2012 • • 1298
უნდა არსებობდეს თუ არა ‘პირველი კავკასიური’

“სად წავიდა ის ფული, რომელიც “პირველი კავკასიურისთვის” გამოყოფილი იყო ბიუჯეტიდან 2012 წელს. თუ ის ПИК– ისთვის არ დაიხარჯებოდა, ფული ბიუჯეტში უნდა დაბრუნებულიყო და სად არის ეს ფული”?– აცხადებს არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე.

 

არხის თანამშრომლები აღნიშნულის გასარკვევად აუდიტის სამსახურის ჩართვას ითხოვენ. კოტრიკაძის განცხადებით, აუდიტის წარმომადგენელი გაარკვევს, სად არის “პირველი კავკასიურისთვის” გამოყოფილი თანხა, რომელიც ნოემბერსა და დეკემბერში უნდა დახარჯულიყო. გარდა ამისა, აუდიტის წარმომადგენლები გაარკვევენ, თუ როგორ ხარჯავდა ტელეკომპანია უკვე გასული 10 თვის თანხებს, ხომ არ არის გადახარჯვა ან სხვა  შემთხვევა.

 

“პიკის” აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ფარულავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა მისი პოზიცია ეკატერინე კოტრიკაძემ გაახმოვანა. კოტრიკაძის განმარტებით, ფარულავა მზადაა არხში შეუშვას აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, სიტუაცია გააცნოს, ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს და კანონის წინაშე წარადგინოს დოკუმენტაცია.

 

შეგახსენებთ, რომ “პირველ კავკასიურთან” დაკავშირებით პრობლემები 12 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც არხი ყველასთვის მოულოდნელად სატელიტიდან გაითიშა. არხის გათიშვის შესაძლებლობა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია, რადგან ПИК-ი საზ. მაუწყებლის გადაცემით მაუწყებლობს სატელიტზე. აღნიშნული რუსულენოვანი არხია, რომელსაც აუდიტორია ძირითადად სატელიტის მეშვეობით უყურებს.

 

“პირველი კავკასიურის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე აღნიშნავს, რომ მისთვისაც და თანამშრომლებისთვისაც 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა არხისთვის დაფინანსება შეეწყვიტათ, პიკის ეთერით 13 ოქტომბერს მდუმარე საინფორმაციო გამოშვების გასვლის საბაბი სწორედ არხის მომავლის ბუნდოვანება გახდა. დღეს კი სწორედ პროტესტის ამ ფორმას უსახელებენ პიკის თანამშრომლებს მაუწყებლობის გათიშვის მიზეზად. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან არხის სატელიტიდან გათიშვის შემდეგ “პირველმა კავკასიურმა” საკუთარი თეფშით აწია პიკის სიგნალი სატელიტზე და 13 ოქტომბერს მაუწყებლობა განაახლა.

 

20 ოქტომბერს კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეკომპანია “პიკთან” კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცახდების მიხედვით ირკვევა, რომ 18 ოქტომბერს მაუწყებელს ტელეკომპანია „პიკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ფარულავამ მიმართა თხოვნით, რომ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით შეჩერებულიყო მაუწყებელსა და „პიკს“ შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები.

 

აღნიშნულმა მოვლენებმა ტელეკომპანიის ირგვლივ მსჯელობის საკითხის აუცილებლობა წარმოშვა. თუ რატომ უნდა არსებობდეს ტელეკომპანია “პირველი კავკასიური”, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად “რია ნოვსტის” პრესცნტრში პიკის ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დამცველები მსჯელობდნენ.

 

პოლიტოლოგ გენადი მურადიანის განცხადებით, ПИК-ი 2 მთავარი მიზეზის გამო უნდა არსებობდეს, პირველ რიგში აღნიშნული არხი მთავარი ინფორმაციის წყაროა სამცხე– ჯავახეთის რეგიონისთვის და მეორე მიზეზად მურადიანმა არხის ობიექტურობა დაასახელა.

 

არხის ობიექტურობასთან დაკავშირებით მურადიანს არ ეთანხმება “ რუსული კლუბის” პრეზიდენტი ნიკალაი სვეტნიცკი, რომლის განცხადებითაც ტელეკომპანია პროპაგანდისტული იარაღი იყო ყოფილი მთავრობის ხელში და სწორედ მის დაკვეთას ასრულებდა:

 

“მთავარია, როგორ და რატომ შეიქმნა ეს არხი. ჩემი აზრით, არხი შეიქმნა როგორც ძველი მთავრობის განსაკუთრებული პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომელსაც კავკასიისთვის და ევროპისთვის უნდა ეთქვა, თუ რა კარგად ვცხოვრობთ. ПИК-ი ყოველთვის დუმდა იმაზე, თუ რეალურად რა ხდებოდა საქართველოში”.

 

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ცალსახად აცხადებს, რომ “პირველი კავკასიური” უნდა არსებობდეს.

 

“პიკს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშა ეჭირა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში ინფორმაციის გავრცელების კუთხით. ასევე კავკასიური დიასპორა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, ამ არხზე იყო დამოკიდებული. ეთნიკური უმცირესობებისთვის კომუნიკაციის ენა რუსულია და ესეც მნიშვნელოვანი საკითხია”.

 

არეშიძის განცხადებით, ახალი მთავრობა მალე უნდა გაერკვეს ამ საკითხში და გადაწყვეტილება მიიღოს არხთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის თავმჯდომარე ზაურ ხალილოვი იზიარებს მოსაზრებას, რომ არხის ინფორმაციის შინაარსთან დაკავშირებით შესაძლოა კითხვები არსებობდეს, თუმცა ხალილოვი ამბობს, რომ არხის არსებობა აუცილებელია.

 

“ის კულტურული პროგრამები, რომლებიც არხზე გადიოდა, ადამიანებს სრულიად კავკასიში ერთმანეთის გაცნობაში ეხმარებოდა”.

 

“პირველი კავკასიურის” დახურვის შედეგად 400 თანამშრომელი დარჩა უსამსახუროდ. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დამცველები მოამზადებენ მიმართვას, ცნობილი არ არის ვის სახელზე, თუმცა მიმართვის მთავარი გზავნილი საქართველოს მთავრობის მხრიდან “პირველი კავკასიურის” გადასარჩენად ზომების მიღებას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი