საზოგადოება

შალვა რამიშვილი: ჩემი ამოცანა იყო სააკაშვილთან და არა კიკონიშვილთან ბრძოლა

11 ოქტომბერი, 2012 • 1678
შალვა რამიშვილი: ჩემი ამოცანა იყო სააკაშვილთან და არა კიკონიშვილთან ბრძოლა

გიორგი კიკონიშვილს გუშინ, 10 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Facebook–ის საშუალებით შეატყობინეს, რომ პროექტში -“კვირის აზრები” მონაწილეობას აღარ მიიღებდა.

კიკონიშვილი თვლის, რომ მისი გათავისუფლება შესაძლოა რამდენიმე ფაქტს უკავშირდებოდეს. კერძოდ, ერთ–ერთ ბოლო ვიდეობლოგში მან ტელეკომპანია “მაესტრო” გაზეთ “ასავალ–დასავალის” ეზოში გამართული აქციის არაობიექტურად გაშუქების გამო გააკრიტიკა.

 

მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ “ასავალ– დასავალის” წინ გამართული აქციის არასწორად გაშუქების ფაქტი ტელეკომპანიამ აღიარა:

 

“ასავალ-დასავალთან” მიმართებაში შეუძლია ამოიღოს ფეისბუქის ჩანაწერები და ნახოს – ვაღიარე, რომ იყო ჟურნალისტის შეცდომა. ჩვენ განვიხილეთ ეს ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაშიც და შალვასთან ეთერშიც ითქვა, რომ შეცდომას არ უშვებს ის, ვინც არაფერს არ აკეთებს. ვაღიარეთ, რომ ეს იყო უნებლიე შეცდომა. ჟურნალისტს მკაცრი გაფრთხილება მივეცით, თუმცა შეცდომა შეიძლება ხვალაც მოგვივიდეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხაზი უნდა გადაუსვა იმ წლებს, რაც “მესტრომ” გამოიარა,” – ამბობს მამუკა ღლონტი.

 

კიკონიშვილის თქმით, მისი გათავისუფლება, სავარაუდოდ, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებასაც უკავშირდება:

 

“იმ ხნის განმავლობაში, რაც “კვირის აზრებში” ვმუშაობდი, არანაირი შეზღუდვა ან ცენზურა არ ყოფილა, თუმცა ბოლო დროს არაერთხელ გავაკეთე საეკლესიო თემაზე ბლოგი. ჩემს ბლოგში პირდაპირ გავაკრიტიკე ტელეკომპანია “მაესტრო”. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ შალვა რამიშვილმა ჩემთან საუბარში არაერთხელ განაცხადა, რომ მენტალური მარგინალების დრო წავიდა და ასეთი ადამიანები უნდა გაჩუმდნენ, რადგან ახლა სხვა მთავრობა მოვიდა, მე შემექმნა საფუძვლიანი ეჭვი, თუ რას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემი გათავისუფლება”, – აცხადებს გიორგი კიკონიშვილი.

 

“არ მინდა ამპარტავნად გამოვჩნდე, მაგრამ არასდროს ვმალავდი იმას, რომ ჩემი ამოცანა იყო სააკაშვილთან ბრძოლა, რომელიც მეც და ქართველმა ხალხმაც, ჩემი აზრით, მოვიგეთ. კიკონიშვილთან ბრძოლა არ არის ჩემი ამოცანა. ფაშისტი მიწოდა და მე ვუთხარი – თუ ფაშისტს მიწოდებ, მაშინ შენ მუშაობ ტელევიზიაში, რომლის სახეც ფაშისტია-მეთქი, ეს იყო და ეს. რა გადაწყვეტილება მიიღო “მაესტროს” მენეჯმენტმა, რომელიც მე არანაირად არ მითანხმებს მსგავს გადაწყვეტილებას, ეს უკვე მათ უნდა მოჰკითხოთ”, – აცხადებს შალვა რამიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მამუკა ღლონტის თქმით, პროექტი “კვირის აზრები” ითვალისწინებს პერიოდულად ავტორების როტაციას:

 

“პროექტია ასეთი: შეიძლება კიკონიშვილს ექვსი თვის შემდეგ ისევ შევთავაზოთ თანამშრომლობა, ისევე როგორც სხვა წამყვანებს, ვისთანაც კონტრაქტი შეწყდა, ხოლო თუ მას შალვა რამიშვილთან რაიმე პირადი დავა აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება “მაესტრო” სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულოს”, – აცხადებს მამუკა ღლონტი.

 

ეჭვების გასაფანტად ღლონტი გიორგი კიკონიშვილს ნებისმიერ თემაზე ბლოგების ჩაწერას სთავაზობს:

“ეს ადამიანები აკეთებენ ვიდეობლოგებს, მაგრამ კონტრაქტში წერია, რომ მათაც შეუძლიათ მონაწილეობაზე უარის თქმა და ჩვენც შეგვიძლია კონტრაქტის შეწყვეტა, რადგან გადაცემის წამყვანები მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები ვერ იქნებიან. გიორგის გარდა, გადაცემიდან ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გოგი მარგველაშვილიც წავიდნენ, მაშინ რა უნდა ყოფილიყო მათი გაშვების მიზეზი? ეს არის სრულიად უსაფუძვლო ბრალდება, თუმცა ეჭვების გასაფანტად მე მას ვთავაზობ, ჩაწეროს რამდენიმე ბლოგი, რა თემაზეც უნდა და მე მას ეთერში გავუშვებ”, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი