საზოგადოება

სტუდენტები უფრო მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან [VIDEO]

14 სექტემბერი, 2012 •
სტუდენტები უფრო მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან [VIDEO]

სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. ისინი ითხოვენ გათავისუფლებული ლექტორების, მათ შორის ლელა გაფრინდაშვილის აღდგენას, სტუდენტური ბაზის სრულყოფას, რათა მოახერხონ საგნების არჩევა და რეგენტთა საბჭოს დაშლას, რადგან მათი განცხადებით, საბჭო მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური მრწამსის ადამიანებით არის დაკომპლექტებული.

მოთხოვნები სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ, ადმინისტრაციის უფროსს დავით ჩომახიძეს გააცნეს და ორშაბათამდე ამ პრობლემების მოგვარება მოითხოვეს, თუმცა, როგორც აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი დიმიტრი ხუსკივაძე აცხადებს, ჩომახიძის პასუხის შემდეგ კვლავ დაკარგეს იმედი, რომ რაიმე მოგვარდება:

“დავით ჩომახიძემ გვიპასუხა, რომ ბაზები სრულყოფილია და ის პრობლემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ არსებობს, ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ამდენი ხალხი აქ არარსებული პრობლემის გამო შევიკრიბეთ, ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ორშაბათამდე არაფერი მოგვარდება და ვიწყებთ მზადებას ახალი, უფრო მასშტაბური აქციისთვის”, – განაცხადა დიმიტრი ხუსკივაძემ.

სტუდენტთა აქციის შესახებ განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც გაავრცელა:

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს, რომელთა შორის თსუ-ს სტუდენტებიც იყვნენ, შენობაში მიუღებელი ფორმით შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, რა დროსაც უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შეხვედრის მსვლელობისას ისინი აგრესიული ფორმით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და აცხადებდნენ, რომ დიალოგისთვის არ არიან უნივერსიტეტში მოსული”, – აღნიშნულია გაცხადებაში, აქვე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის სტუდენტთა მიერ დაყენებული არგუმენტების განსახილველად, თუკი ეს ცივილიზებული ფორმით მოხდება.

სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ შეკრება დღის 12 საათზე დაიწყეს. აქციის ორგანიზატორი “ლაბორატორია 1918” იყო. აქცია სოციალურ ქსელებზე დაანონსდა და დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ეზოში თავდაპირველად დაახლოებით 20–მდე კაცი შეიკრიბა.

აქციის ერთ–ერთი მონაწილე სალომე დანელია თვლის, რომ სტუდენტების დიდ ნაწილს პროტესტის გამოთქმის ეშინია, ან საკითხის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს და აქციას სწორედ ამიტომ არ უერთდება:

“facebook-ზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, ყველა გამოთქვამდა პროტესტს, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ჩანს, ბევრი ხალხი არ მოვიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ადმინისტრაციაში წერილის შეტანა და მსგავსი სახის პროტესტი არანაირ შედეგს არ იძლევა, ამიტომ საჭიროა სხვა ხერხს მივმართოთ. არ ვიცი, რატომ არ მოდიან აქციაზე სხვები, ალბათ, ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ და ფიქრობენ, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, ან შეიძლება ზოგს ეშინია, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ აქციას”, – განაცხადა სალომე დანელიამ.

საბოლოოდ, უნივერსიტეტის წინ შეკრებილმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესულიყვნენ და საკუთარი მოთხოვნები ადმინისტრაციისთვის გაეცნოთ, თუმცა დაცვამ მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა–შემოხლა მოჰყვა.

რამდენიმე სტუდენტი უნივერსიტეტში ფანჯრიდან გადავიდა, საბოლოოდ, დაცვამ სტუდენტებს შენობაში შესვლის ნება დართო. მანდატურებმა პატრულიც გამოიძახეს, როგორც თავად განაცხადეს, იმისთვის, რომ ადგილი არ ჰქონოდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.

ამ დროისთვის უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა თანდათან გაიზარდა, შენობაში შესვლის შემდეგ დაახლოებით 60–მდე სტუდენტი შეძახილებით და სტვენით მივიდა ადმინისტრაციის უფროსის ოთახთან.

ადმინისტრაციამ მათ ერთ–ერთ აუდიტორიაში შესვლა სთხოვა და მოთხოვნების შესახებ სასაუბროდ მათთან ადმინისტრაციის უფროსი, დავით ჩომახიძე გავიდა, თუმცა სტუდენტებმა და ადმინისტრაციის უფროსმა ვერც ერთ საკითხზე ვერ მოახერხეს შეთანხმება.

მას შემდეგ, რაც ჩომახიძემ აუდიტორია დატოვა, სტუდენტებმა მომდევნო აქციისთვის მზადება დაიწყეს. მათ ტრანსფარანტები გაამზადეს წარწერებით – “უნივერსიტეტი სტუდენტებს”, “თავისუფლება უნივერსიტეტს”, “მოგვეცით სწავლის საშუალება”, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა – “გადადგეს ანდრო ბარნოვი”.

შეგახსენებთ, რომ ანდრო ბარნოვი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანად 2012 წლის 17 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ, მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე ანდრო ბარნოვი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი იყო.

სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

უნივერსიტეტთან გამართულ აქციში თსუ–ს გარდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მათი განცხადებით პრობლემები მათ უნივერსიტეტსაც აქვს და მომავალი აქციისთვის თსუ–ს სტუდენტებს ისინი უფრო აქტიურად შეუერთდებიან.

სტუდენტების განცხადებით, ორშაბათს დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო, დღეს საღამოს სოციალური ქსელების მეშვეობით გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი