საზოგადოება

ფინანსური წახალისება და ქალები პარტიულ სიებში

13 სექტემბერი, 2012 • 2214
ფინანსური წახალისება და ქალები პარტიულ სიებში

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში გასული წლის ბოლოს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან, მიიღებს 10%-ან დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 20%-ით. ამ საკანონმდებლო ცვლილებას NDI-ის კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 51% უცხადებს მხარდაჭერას, თუმცა აღნიშნულ საკანონმდებლო ნორმას კვალიფიციური სუბიექტებიდან მხოლოდ ერთი – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” აკმაყოფილებს.

ქდმ-ს პარტიული სია 168 სუბიექტისგან შედგება, აქედან 48 – ქალია. პარტიული სიის ყოველ ათეულში 2 ქალბატონია, როგორც ამას ზემოთ აღნიშნული კანონი მოითხოვს. მოქმედი პარლამენტარი მაგდა ანიკაშვილი ქდმ-ს სიის პირველ ათეულშია. ანიკაშვილი ამბობს, რომ პარტიის მთავარი საბჭოს უმრავლესობისთვის სიის გენდერული ნიშნით შედგენის დროს გადამწყვეტი იყო ეს ფინანსური წახალისება, რაც კანონითაა გათვალისწინებული:

„ჩემთვის, როგორც  პარტიის წევრისთვის და ქალისთვის, ამ  შემთხვევაში არავითარ ფინანსურ მოტივაციას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა პარტიის მთავარი საბჭოს უმრავლესობისთვის გადამწყვეტი იყო ეს ფინანსური წახალისება. მე ვფიქრობ, რომ ეს მუხლი მუშაობს დღეს და უფრო მეტი შედეგი უნდა მივიღოთ“.

ფინანსური წახალისების სისტემა სათანადო მოტივაცია არ აღმოჩნდა სხვა კვალიფიციური სუბიექტებისთვის. მმართველ პარტიაში, რომლის ინიციატივით იქნა მიღებული საკანონმდებლო ცვლილება პარტიულ სიებში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, აცხადებენ, რომ პარტიამ ეს ნება სიის პირველ ათეულში გამოხატა, როდესაც სამი ქალი შეიყვანა. ერთ-ერთი მათგანია ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს:

„პირველ ათეულში ხაზგასმით გამოთქმულია ის ამბიცია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” თავის თავს უწესებს. ასევე, ბოლო საკადრო ცვლილებებით, აღმასრულებელ ხელისუფლებში ქალების წარმომადგენლობა გაიზარდა. ეს ნათლად მიუთითებს “ნაციონალური მოძრაობის” მოტივაციაზე, რომ მივესალმებით ქალთა მეტ წარმომადგენლობას“.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის 155 წევრიდან მხოლოდ 17-ია ქალბატონი.

„ჩემთვის, როგორც გენდერული თანასწორობის მომხრე ადამიანისთვის, გაცილებით მეტია საჭირო. ვთვლი, რომ როგორც საზოგადოებაა წარმოდგენილი – ნახევარი ქალბატონები და ნახევარი მამაკაცები, ასევე უნდა იყოს რეპრეზენტატულ ორგანოში,“ – აცხადებს მოქმედი პარლამენტის უმრავლესობის წევრი რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის ახალ საარჩევნო სიაში აღარ არის.

ხელისუფლების მთავარი კონკურენტის – კოალიცია “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში, რომელიც 200 სუბიექტისგან შედგება, მხოლოდ 34 ქალია. პირველ ათეულში ერთადერთი ქალი – პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მანანა კობახიძეა, რომელიც ასეთ გენდერულ დისბალანსს პარტიის მცირეხნიანი ისტორიით ხსნის:  

„ჩვენ არ ვართ ხანგრძლივი ისტორიის პარტია, რომ ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს. ახლა ვვითარდებთ, მომავალში გვექნება შესაბამისი პოლიტიკური სკოლა და გადამზადების შესაძლებლობა, რომ ქალბატონები უფრო ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში,“ – ამბობს მანანა კობახიძე.

კვალიფიციურ სუბიექტებს შორისაა “ლეიბორისტული პარტია”, რომელმაც ცესკოში 167-წევრიანი სია წარადგინა, მათგან 39-ია ქალი. თუმცა “ლეიბორისტები” ფინანსურ დანამატს ვერ მიიღებენ, რადგან მათ მხოლოდ პირველ ორ ათეულში აქვთ დაცული კანონის მოთხოვნა.

მთლიანობაში, 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის ყველაზე მეტი ქალი “ახალი მემარჯვენეების” პარტიულ სიაში: 149-წევრიან სიაში 42 ქალი, თანაც, სიის ყოველ ათეულში სამი ქალია გადანაწილებული.

„ჩვენ ხელი შევუწყვეთ ქალბატონებს აქტიურად მიეღოთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, მთავარ კომიტეტში, რაიონულ ორგანიზაციებში,  ჩვენ როცა დავინახეთ მათი აქტიურობის ზრდა, ბუნებრივად დალაგდა ეს სია,“ – ამბობს “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი გოგა ლორთქიფანიძე. მისივე თქმით, პარტიისთვის ფინანსური წახალისება არ ყოფილა მთავარი მოტივაცია სიის ამგვარად ფორმირების დროს.

პარტიული სიებში ქალთა წარმომადგენლობის შეფასებისას გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ წახალისების ფორმამ არცთუ ეფექტურად იმუშავა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ამიტომ აღდგომელაშვილი ქვოტირების სისტემას მომხრეა:

„ეს ერთ-ერთი აპრობირებული გზაა. ზოგ ქვეყანაში შეიძლება 20 წელი მუშაობდეს ეს კანონი და თავიდანვე განმარტებულია, რომ ეს არის დროებითი ზომა. როცა გვაქვს სიტუაცია, რომ კანონი არ კრძალავს, არსად წერია, რომ ქალებს არ აქვთ პოლიტიკური აქტივობის უფლება, რეალობა კი არის ისეთი, რომ მიუხედავად აკრძალვების არ არსებობისა, არ მოდიან ქალები პოლიტიკაში. მიზეზებია საძიებელი. ეს შეიძლება იყოს ტრადიცილი შეხედულებები ქალის როლსა და ადგილზე საზოგადოებაში; ზოგადად, ნეგატიური დამოკიდებულება პოლიტიკური აქტივობებისადმი. ამიტომ ერთ-ერთი ეფექტური ზომა კანონის გზაა. ამას გარდა, ფართო საგანმანათლებლო მუშაობაა გასაწევი“.

ქვოტირების სისტემის შემოღებას არ ეთანხმებიან პოლიტიკური პარტიები. “ნაციონალური მოძრაობის” სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ ეტაპობრივად, სხვადასხვა სახის საკნონმდებლო ცვლილებით იქნება შესაძლებელი ქალების მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში:

„უნდა აღმოვფხვრათ ყველა ის ბარიერი, რაც არსებობს საზოგადოებაში და ხელს უშლის ქალბატონებს აქტიურნი იყვნენ პოლიტიკაში. როგორც კი ამ ბარიერებს აღმოვფხვრით და პარალელურად ფინანსური დახმარებით წავახალისებთ პარტიებს, რომელიც მეტ ქალბატონს გაითვალისწინებს სიებში, ვფიქრობ, რომ შევძლებთ ეტაპობრივად ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას პარლამენტში“.

საკითხი, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალთა პოლიტიკური აქტივობის ზრდა, ქვოტირების გზით თუ წახალისებით, დავის საგანი არაერთ ქვეყანაში გახდა. პრობლემის კანონის ძალით გადაჭრას, მოწინააღმდეგე ბევრი ჰყავს, მათი მთავარი არგუმენტებია, რომ კვოტირების პრინციპი გამორიცხავს თანაბარუფლებინობის პრინციპს ყველასთვის, რომ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება არჩევანი იდეებს და არა სოციალურ კატეგორიებს შორის გააკეთოს; მიიჩნევა, რომ ადამიანები არა კვალიფიკაციის, არამედ სქესის გამო ირჩევიან და სხვა.

დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ქვოტების სისტემას მოხალისეობის სახე ჰქონდა, გამონაკლისი მხოლოდ ბელგია და საფრანგეთია.  

საფრანგეთის შემთხვევაში ქვოტირებასთან მიმართებაში არის როგორც საკონსტიტუციო, ისე კანონში განხორციელებული ცვლილება, რომელიც 1999-2000 წელს განხორციელდა. 2002 წელს პარლამენტში 12%-ს ქალები წარმოადგენდნენ. ბელგიაში საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა 1994 წელს დ 2003 წლის პარლამენტში 35.3 %-ს წრმოადგენდნენ ქალები.  

ნორდიკულ ქვეყნებს 4 დეკადის მანძილზე ყველაზე მაღალი ქალთა წარმომადგენლობა ჰყავდათ პოლიტიკაში. 2005 წელს შვედეთის პარლამენტში 45%-ს ქალები წარმოადგენდნენ. 2001-2005 წლებში ქალთა წარმომადგნელობა ასე გამოიყურებოდა: ფინეთში – 38%, დანიაში – 37%, ნორვეგიაში – 36% და ისლანდიაში – 30%.

შვედეთის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ბრიჯიტ დალმა განაცხდა, რომ გენდერულ პრობლემებს მხოლოდ ქვოტირების სისტემით ვერავინ გაუმკლავდება:

“პოლიტიკურმა პარტიებმა, საგანმანათლებლო სისტემამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სავაჭრო გაერთიანებებმა, ეკლესიამ სისტემატურად უნდა გაუწიონ ქალთა პოლიტიკურ აქტივობას პრომოუშენი. ამას დასჭირდება დრო. ეს არ მოხდება 2 და 5 წელიწადში, მნიშვნელოვანი შედეგების დანახვას შეიძლება ორი თაობა დასჭირდეს. ჩვენ ასე ვმუშაობთ შვედეთში. ჩვენ არ დაგვიწყია კვოტირების სისტემით, პირველად ჩვენ საფუძველი მოვამზდეთ ქალების პოლიტიკაში ჩასართველად, დავარწმუნებთ, რომ ისინი კომპეტენტურები არიან ამ სფეროსთვის. შემდეგ გამოვიყენეთ კვოტები, როგორც ინსტრუმენტი გარღვევისთვის“.

საქართველოში IND-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69% აღნიშნავს, რომ მხარდაჭერას გამოუცხადებს ქალ კანდიდატს საპარლამენტო არჩევნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი