საზოგადოება

კომპენსაციის გარეშე დარჩენილი ფერმერები სასამართლოს მიმართავენ

23 ნოემბერი, 2016 • 3059
კომპენსაციის გარეშე დარჩენილი ფერმერები სასამართლოს მიმართავენ

ფერმერები სახელმწიფო კომპენსაციას ვერ იღებენ, იმის მიუხედავად, რომ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გამო ვეღარ ისარგებლებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი მეურნეობით.

გოჩა ჩხეტიასა და ივლიანე მანთიძეს  ტერიტორიაზე, სადაც ახალმა გზამ უნდა გაიაროს, 20  ჰექტრამდე ფართობის მიწა აქვთ იჯარით აღებული. აქ გააკეთეს 5 ჰექტრამდე ფართობის ტბორი, რომელში 6 ათასამდე ლიფსიტა ჰყავთ გაშვებული, ასევე ააშენეს ძროხების სადგომი. ფერმერების განცხადებით, უკვე 24 წელია, ისინი მოიჯარეები არიან და იჯარის თანხასაც დროულად იხდიან.

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია. ჩქაროსნული გზა 4 ზოლისგან შედგება. ამ მონაკვეთს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

სამტრედია-გროგოლეთის მშენებარე გზა, რომელიც გოჩა ჩხეტიასა და ივლიანე მანთიძის საიჯარო ნაკვეთზე გადის. გოჩა ჩხეტიას ფოტო.

სამტრედია-გროგოლეთის მშენებარე გზა, რომელიც გოჩა ჩხეტიასა და ივლიანე მანთიძის საიჯარო ნაკვეთზე გადის. გოჩა ჩხეტიას ფოტო.

ჩხეტიას თქმით, გზამ სადავო ტერიტორიაზე გაიარა ისე, რომ ერთ მხარეს მოექცა ფერმის შენობა, ხოლო მეორე მხარეს – საძოვრები. გარდა ამისა, გზის გაყვანისთვის საჭირო სამუშაოების გამო სათევზე ტბორს უკვე მოაკლდა ნახევარი ჰექტარი.

“ფერმისთვის უკვე აღარ ვარგა ეგ ტერიტორია, გზა ისე გადის, რომ ფერმის შენობა ცალ მხარეს მოხვდა, საძოვარი – მეორე მხარეს. ამხელა მაგისტრალი რომ აშენდება და 4 მეტრით ამაღლდება, ძროხები დილით უნდა გადავახტუნო ამხელა მაგისტრალზე თუ ვერტმფრენით გადავაფრინო?”- ამბობს ჩხეტია.

მიწის ამ ნაწილს, რომელზეც ამჟამად მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, პარტნიორები 1992 წლიდან ფლობენ და მეურნეობის მოწყობაც ამ დროიდან დაიწყეს. ლანჩხუთის გამგეობასთან იჯარის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ბოლოს 2003 წლის აგვისტოს, 10 წლის ვადით განახლდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების გამოსვლას არ მოჰყოლია შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება. ამის მიზეზად პარტნიორები გამგეობასთან ურთიერთობაში შექმნილ პრობლემებს ასახელებენ.

“24 წელი ასეთ მტრულ გარემოში ინახავდე და უფრთხილდებოდე რაღაც ბიზნესს, ბიზნესზე უფრო კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებულებითი დანიშნულება ჰქოდა, ფინანსურზე უფრო მეტი ადამიანური რაღაც იყო,”- ამბობს გოჩა ჩხეტია და დასძენს, რომ ამ ტერიტორიისთვის ბრძოლას აპირებს, რადგან თუკი მეურნეობას ვეღარ შეინარჩუნებენ, კომპენსაცია მაინც მიიღონ.

ჩხეტიას და მანთიძეს იმ სამუშაოს ღირებულება, რომელიც ამ ნაკვეთზე გასწიეს, შეფასებული არ აქვთ.

ტბორი, სადაც ფერმერებს ლიფხიტები აქვთ გაშვებული. გოჩა ჩხეტიას ფოტო.

ტბორი, სადაც ფერმერებს ლიფსიტები აქვთ გაშვებული. გოჩა ჩხეტიას ფოტო.

მაგისტრალის მშენებლობის ადგილის აღწერა-ინვენტარიზაცია სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა აუდიტორულმა კომპანიამ, შპს “ათოსმა” ჩაატარა. “ათოსის” მიერ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ სადავო ნაკვეთი იყო დაუმუშავებელი და მასზე რაიმე სარგებლობის კვალი არ იკვეთებოდა, ასევე, არც მეზობლებს და არც სოფლის რწმუნებულს არ დაუდასტურებიათ ამ მიწით ვინმეს სარგებლობის ფაქტი.

აუდიტის ამ წერილს ფერმერები “არაკომპეტენტურობასა” და “საკუთრების უფლების შელახვას” უწოდებენ.

მათი განცხადებით, აუდიტს ამ ტერიტორიის შემოწმებისას დახვდებოდა რკინის მავთულხლართით შემოღობილი 20 ჰექტრის ფართობის მიწა და რკინის ჭიშკარი, მინიმუმ 20 ძროხა, 300 კვ.მ ფერმის შენობა და 5.5 ჰა სათევზე მეურნეობა.

“შეუძლებელია, ეს გამორჩეს აუდიტს და არ დაინახოს,”-განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას გოჩა ჩხეტიამ.

გოჩა ჩხეტიას თქმით, ამ წერილის მიღების შემდეგ, აუდიტს გაუგზავნეს ლანჩხუთის გამგეობის 2003 წლის გადაწყვეტილება ამ მიწის ფართის იჯარით გამოყოფის თაობაზე და მიწის იჯარის გადახდის ქვითრები, ასევე 3 ადამიანის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ჩვენება იმის შესახებ, რომ საიჯარო ნაკვეთის ტერიტორიაზე გაშენებული 5.5 ჰა სათევზე მეურნეობა სწორედ მათ მიერ არის აშენებული.

ამ დოკუმენტაციაზე “ათოსის” მიერ მოწერილი პასუხით ირკვევა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ვერ დგინდება ივლიანე მანთიძის მიერ ამ ტერიტორიაზე გაწეული სამუშაოს ფაქტი, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტები საფუძვლიან სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს, რისი კომპეტენციაც მათ არ გააჩნიათ.

შპს ათოსის წერილი ივლიანე მანთიძის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. წერილის ასლი ნეტგაზეთს ფერმერებმა მიაწოდეს.

შპს ათოსის წერილი ივლიანე მანთიძის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. წერილის ასლი ნეტგაზეთს ფერმერებმა მიაწოდეს.

საბოლოოდ, ჩხეტიამ და მანთიძემ 2016 წლის ნოემბერში საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან უარი მიიღეს. წერილში აღნიშნულია, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და მასზე განთავსებული შენობები არ ექცევა გზის ზოლში, შესაბამისად, კომპენსირებას არ ექვემდებარება.

ნეტგაზეთიც დაუკავშირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის, მიშა უჯმაჯურიძის განცხადებით, კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია, ივლიანე მანთიძეს სახელმწიფოსთან საიჯარო ხელშეკრულება ჰქონოდა გაფორმებული.

ჩხეტია და მანთიძეც ადასტურებენ, რომ მართლაც არ ფლობენ ამ ნაკვეთს და არც საიჯარო ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. თუმცა მათ ნეტაზეთსაც გამოუგზავნეს ლანჩხუთის გამგეობის მიერ 2003 წელს გამოცემული დადგენილება იჯარით 10-წლით გადაცემის თაობაზე, ასევე, იჯარის თანხის გადახდის ქვითრები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს ვკითხეთ, იყო თუ არა ეს დადგენილება და იჯარის გადახდის ქვითრები იმის დამადასტურებელი, რომ მართლაც იჯარით ჰქონდათ ფერმერებს აღებული ეს ნაკვეთი.

“არ არის ეს საკმარისი, ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობით დადგენილი წესებით. შესაბამისად, არ გვაძლევს საშუალებას და უფლებას, რომ რაიმე კომპენსირების საკითხი დავაყენოთ დღის წესრიგში იმიტომ, რომ სახელმწიფო საკუთრებაა და ასევე არ არის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება სახელმწიფოს მიერ,”- განგვიმარტა მიშა უჯმაჯურიძემ.

მისივე თქმით, თუკი ივლიანე მანთიძე დოკუმენტებს მოაწესრიგებს, მაშინ საავტომობილო გზების დეპარტემენტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმებით კიდევ ერთხელ იმსჯელებს კომპენსაციის საკითხზე.

“სასამართლოს უნდა მივმართოთ, სხვა გზა არ არის,”- ამბობს ნეტგაზეთთან  თანამესაკუთრე ივლიანე მანთიძე.

გოჩა ჩხეტია განმარტავს, რომ რაიონულ სასამართლოს იჯარის აღიარების მოთხოვნით უნდა მიმართონ. სასამართლოსთვის მიმართვას უახლოეს დღეებში აპირებენ.

ნეტგაზეთი ასევე დაინტერესდა, როგორ ახერხებდნენ ფერმერები სახელმწიფოსთვის იჯარის თანხის გადახდას ისე, რომ არ იყვნენ აღიარებული მეიჯარეებად. ამ კითხვით შემოსავლების სამსახურს მივმართეთ და გავუგზავნეთ ქვითრები, რომლებიც ივლიანე მანთიძემ მოგვაწოდა. მათ გამოგვიგზავნეს პასუხი. რომლის თანახმადაც, ამ ქვითრებით გადახდილია მიწაზე ქონების გადასახადი და განგვიმარტეს, რომ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი: “ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.“

რა შემთხვევაში უხდის სახელმწიფო პირს კომპენსაციას და რა უნდა ვიცოდეთ, თუ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო გზას გაიყვანს

იმის შესახებ, თუ რა უფლებები აქვს მესაკუთრეს, კანონიერ მფლობელს და სხვა დანარჩენ პირებს, ნეტგაზეთი საიას იურისტს, ნიკა სიმონიშვლს ესაუბრა.

როდესაც პირს საკუთრებაში აქვს კონკრეტული ქონება და მისი ჩამორთმევა სახელმწიფოს მხრიდან ხდება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, მაგალითად, გზის გასაყვანად, მესაკუთრეს წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურება უნდა მიეცეს, რომლის ოდენობასაც სასამართლო განსაზღვრავს. სიმონიშვილის თქმით, როდესაც საქმე მესაკუთრეს ეხება, კანონი უფრო აშკარაა და კონკრეტულად განსაზღვრავს, რომ ამ პირს კონპენსაცია უნდა გადაუხადონ.

რაც შეეხება მართლზომიერი მფლობელის საკითხს, მასაც აქვს უფლება, მიიღოს კომპენსაცია. სიმონიშვილის განმარტებით, მართლზომიერი მფლობელი არის ისეთი პირი, რომელიც არ არის მესაკუთრე, მაგრამ არის, მაგალითად, დამქირავებელი ან მოიჯარე. ეს ნიშნავს იმას, რომ მას გააჩნია კანონიერი უფლება, ისარგებლოს კონკრეტული მიწის ნაკვეთით და თუ მას სარგებლობაში ხელი ეშლება, ვეღარ ახერხებს ამ ნაკვეთით სარგებლის მიღებას, მას შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ამ მიზნით, უნდა შეფასდეს, რამდენად შეიზღუდა მისი მფლობელობის უფლება.

“შეიძლება მიწის ნაკვეთის კონკრეტულ ნაწილზე მიზღუდავენ სარგებლობის უფლებას, თუმცა ეს ქონების იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მთლიანად ქონებაზე ახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა ამბობს, რა ოდენობის ზიანი მადგება ამ გარემოების გათვალისწინებით,”- ამბობს ნიკა სიმონიშვილი. 

მესამე შემთხვევაში, როდესაც პირი არ არის მესაკუთრე და არც მართლზომიერი მფლობელი, ანუ თვითნებურად აქვს დაკავებული მიწის ნაკვეთი, უნდა შემოწმდეს, ექვემდებარება თუ არა ეს მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარებას. თუ არ დაექვემდებარება, ის მესაკუთრე ვერ გახდება და, შესაბამისად, პრეტენზიას ვერ განაცხადებს.

“ერთადერთი, რაც შეიძლება, რომ მან მოითხივოს, თუ, დავუშვათ, მე ამ ჩემ მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ავაშენე შენობა, ან გარკვეული მეურნეობა განვავითარე მასზე, ან მეურნეობის მოშლა თუ მომიწია, მხოლოდ მეურნეობს მოშლით გამოწვეული ზიანი უნდა ამინაზღაურდეს. შესაბამისად, კომპენსირების დროს მიწის ნაკვეთის ღირებულება აღარ გაითვალისწინება, გაითვალისწინება მხოლოდ მეურნეობის ღირებულება,”- ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი