“ჩემს ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი შემოატანინეს თავიანთი ბოლშევიკური არმიიდან ერთ–ერთს
და გამაგდეს უნივერსიტეტიდან. ჩემს ადგილზე დანიშნეს კახა ქეცბაია, რომელიც ვერანაირი კრიტერიუმით ჩემი კონკურენტი ვერ იქნება. ის იყო ფილოსოფიის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე და მას იქიდანაც გამოაყრევინეს ფილოსოფოსები. მას უნივერსიტეტის ნაცვლად კერძო კანტორა აქვს დამთავრებული და არა აქვს არანაირი კვალიფიკაცია. ის მოიყვანეს ჩემს ადგილას,” – განუცხადა ლელა გაფრინდაშვილმა “ნეტგაზეთს”.
როგორც ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, ის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2000 წლიდან მუშაობდა, ბოლო წლებში კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იყო.
“ჩემი გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზით მოხდა. ეს ადამიანი რომ ყოფილიყო ჩემი კონკურენტი, ჩემზე მეტი სტატიები რომ ჰქონოდა გამოქვეყნებული, მეტი სალექციო კურსი ჰქონოდა წაკითხული, მეტი პროექტები ჰქონოდა შესრულებული, ვიტყოდი, რომ ჩემი კონკურენტია”, – მიაჩნია ლელა გაფრინდაშვილს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასოცირებულ პროფესორთან, ლელა გაფრინდაშილთან, სამწლიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომელიც მიმდინარე წელს ამოიწურა და აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.
“ძველი დეკანი, ეტყობა, ვერ იყო სათანადო ბოლშევიკი, ამიტომ ბარნოვი მოიყვანეს, ეს კი “ჩისტკას” იწყებს,” –
ამბობს ლელა გაფრინდაშილი. ის ამ ეტაპზე აპირებს უნივერსიტეტის რექტორისგან მოითხოვოს განმარტება, თუ რის საფუძველზე მოხდა მისი დატოვება კონკურსს მიღმა და რა უპირატესობის გამო შეირჩა მისი კონკურენტი. ამის შემდეგ ლელა გაფრინდაშვილი იურისტთან კონსულტაციის გავლას და სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონკურსს მიღმა დარჩა ჟურნალისტიკის მიმართულების ლექტორი, ასისტენტ პროფესორი ხათუნა ჩარკვიანი. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1994 წლიდან ასწავლიდა და ბოლო დროს კითხულობდა სალექციო კურსს, რომელთა შორის იყო პიარი და მედია, სოციალური საკითხების გაშუქება, ბავშვთა საკითხების გაშუქება, ჟურნალის წარმოება და გაზეთის წარმოება.
ხათუნა ჩარკვიანმა 4 სექტემბერს შეიტყო, რომ მან კონკურსის პირველი ეტაპი ვერ გადალახა და ზეპირ გასაუბრებაზე
ვერ გავიდა. მან უკვე მიწერა წერილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ანდრო ბარნოვს და მისგან მოითხოვა ოფიციალური განმარტება, თუ რატომ დაიწუნეს ასისტენტ–პროფესორის პოზიციაზე.
“როცა ოფიციალური პასუხი მექნება, ამაზე ღიად მერე ვილაპარაკებ, თუმცა რაღაც ეჭვები მაქვს, რატომაც არ მოხდა ჩემი კონკურსის მეორე ეტაპზე გადაყვანა. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტიურობას”, – განუცხადა ხათუნა ჩარკვიანმა “ნეტგაზეთს”.
ხათუნა ჩარკვიანი რამდენიმე თვის წინ პარტია “განახლებული საქართველოს” წევრი გახდა, მას შემდეგ კი, რაც აღნიშნულმა პარტიამ არჩევნებზე რეგისტრაცია ვერ გაიარა, ის შეუერთდა “ქართულ დასს”, რომელთან ერთადაც მონაწილეობს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ხათუნა ჩარკვიანი სწორედ “ქართული დასის” პარტიული სიით იყრის კენჭს არჩევნებზე.
ხათუნა ჩარკვიანი ამბობს, რომ მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში შრომითი ხელშეკრულება ცალმხრივად შეუცვალა და გაუნახევრა როგორც სალექციო საათები, ისე ანაზღაურება. ამის შესახებ მან მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა ბანკომატიდან კუთვნილ ხელფასს იღებდა.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი დამატებითი განცხადების გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც უნივერსიტეტიდან მიიღებს ოფიციალურ პასუხს, თუ რის გამო დაიწუნეს კონკურსზე.
“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ანდრო ბარნოვს და მისგან მოესმინა განმარტებები ბრალდებეზე, თუმცა, მასთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა მამაგულიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ოფიციალური შედეგები არ გამოქვეყნებულა.
“წინასწარ რაიმე განცხადების, ან კომენტარის იმაზე გაკეთება, რისი შედეგიც არ არის ცნობილი, აბსურდულია. თვითონ საიდან იციან, რომ კონკურსი ვერ გაიარეს? საიდან გაიგეს? ხომ არ დაესიზმრებოდათ? შედეგი ჯერ არ დადებულა. შეხვერაზე ვარ და ამდენ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ”, – განუცხადა ნანა მამაგულიშვილმა “ნეტგაზეთს”.
უნივერსიტში ლექტორთა კონკურსის მიღმა დარჩენას უკვე აპროტესტებს სტუდნეტური მოძრაობა “ლაბირატორია 1918”. სტუდენტები ყველას მოუწოდებენ დღეს, 5 სექტმებერს, 17:00 საათზე შეიკრიბონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გამოხატონ თავიანთი პროტესტი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანდრო ბარნოვი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი 2012 წლის 17 აგვისტოს გახდა.
მისი თქმით, თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითადი სამუშაო მიმართულებები იგივე დარჩება და ფაკულტეტი პროფილს არ შეიცვლის.
ანდრო ბარნოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან 4 ივლისს, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, ავტომატურად გათავისუფლდა. მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე ის თავდაცვის აკადემიის რექტორი იყო.