საზოგადოება

გიგი თევზაძე: გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნების ამბავი არ განიხილება

21 აგვისტო, 2012 •
გიგი თევზაძე: გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნების ამბავი არ განიხილება

როგორც მაია გონაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, მისთვის გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი არ აუხსნიათ:

“როგორც მითხრეს, ჩემი გათავისუფლება მოხდა ადმინისტრაციული ცვლილებების გამო, სხვა მიზეზი არ დაუსახელებიათ. გათავისუფლება არანაირად არ მიმაჩნია სამართლიანად”, – აცხადებს მაია გონაშვილი.

მაია გონაშვილთან ერთად თანამდებობიდან ილიაუნის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი აკაკი ცომაიაც გაათავისუფლეს.

მათი გათავისუფლება სტუდენტთა ნაწილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ლექტორებმა უსამართლოდ მიიჩნიეს, რის გამოც უნივერსიტეტი კიდევ 25–მა ლექტორმა დატოვა.

ერთ–ერთი ლექტორი, რომელმაც ილიას უნივერსიტეტიდან წამოსვლის შესახებ განცხადება დაწერა გიორგი მიქანაძეა:

“ადამიანს, რომელიც მე პროფესიულ, კარიერულ წინსვლასა და წარმატებაში მეხმარებოდა, ვფიქრობ, რომ მოექცნენ უსამართლოდ. ჩემი აზრით, საკმაოდ ხისტი და რადიკალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც დღევანდელ ეპოქასა და დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გიორგი მიქანაძემ საკუთარ facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

ლექტორების გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზს არც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ასახელებს:

“ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და განხორციელდა ადმინისტრაციული ცვლილებები, შესაბამისად, ახალი დეკანის გადაწყვეტილებით, ქალბატონი მაია გათავისუფლდა თანამდებობიდან”, – განაცხადა გიგი თევზაძემ.

ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ ილიაუნის სტუდენტებიც:

“ჩვენ არ ვიცით, რა იყო ლექტორების გათავისუფლების რეალური მიზეზი, მაგრამ ვიცით, რომ ქალბატონი მაია ფაკულტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. გუშინ საღამოს ჩვენ შევიტანეთ დიდი წერილი ქალბატონი მაიას და, შესაბამისად, სხვა ლექტორების დაბრუნების მოთხოვნით, წერილს თან ახლავს დაახლოებით 1500–მდე სტუდენტის ხელმოწერა, იმედია, ბატონი გიგი განიხილავს. ჯერ–ჯერობით არ გვაქვს გადაწყვეტილი, რას მოვიმოქმედებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ”, – განაცხადა ერთ–ერთმა სტუდენტმა დაფინა კუბლაშვილმა.

გიგი თევზაძე აცხადებს, რომ სტუდენტების წერილი მიიღო, თუმცა წერილს ხელმოწერები თან არ ახლდა:

“ჩვენ მივიღეთ წერილი სტუდენტებისგან, თუმცა მას ხელმოწერები არ ახლავს, ახლავს სტუდენტების სია და ახლა არკვევენ ადმინისტრაციაში, ვინ აწერს ხელს ამ წერილს და ვინ – არა”, – განაცხადა გიგი თევზაძემ, თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ლექტორების დაბრუნება არ განიხილება:

“იმ ლექტორებთან, ვინც საკუთარი ინიციატივით წავიდა, ჩვენ ჩვეულებრივად ვაპირებდით კონტრაქტების გაგრძელებას, თუმცა ასე გადაწყვიტეს. გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნების ამბავი არ განიხილება, რაც არ უნდა სტუდენტებმა აპროტესტონ”, – განაცხადა გიგი თევზაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი