არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივაში” აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობა არა მარტო ეკოსისტემას, არამედ წითელ წიგნში შესულ თერგის კალმახსაც გადაშენების საფრთხეს უქმნის.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, 109 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას კომპანია “დარიალ ენერჯი” უკვე ერთი წელია აწარმოებს. პროექტი საქართველოს მთავრობასა და “დარიალ ენერჯის” შორის 2011 წლის 19 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
მშენებლობის დაწყებამდე ადგილი, სადაც ჰესი შენდება, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიას მიეკუთვნებოდა. „დაცული ტერიტორიების შესახებ კანონით”, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა დაშვებულ საქმიანობათა ნუსხაში არ შედის.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც “დარიალ ენერჯიმ” სამეცნიერო–კვლევითი ფირმა “გამას” დახმარებით “ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში” მოამზადა, მშენებლობაზე ნებართვა გასცეს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტრომ(2011წ. 28 ნოემბერი), ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (2011წ. 30 ნოემბერი). ამ პერიოდში ტერიტორია ჯერ კიდევ პარკის საზღვრებში იყო მოქცეული, თუმცა მოგვიანებით კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში მთავრობამ შეიტანა, ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობს აღნიშნული ტერიტორია, 8,7 ჰექტარი, ჩამოეჭრა.
“მწვანე ალტერნატივაში” აცხადებენ, რომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კანონდარღვევით გაიცა. ამჟამად ორგანიზაცია დასკვნის გაუქმების მოთხოვნით სასამართლო დავას გარემოს დაცვის სამინისტროსთან აწარმოებს.
გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემისა, “მწვანე ალტერნატივას” შენიშვნები აქვს “გამას” მიერ მომზადებულ “ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების” ანგარიშთან დაკავშირებითაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.”
სპეციალური შენიშვნები და კომენტარები “მწვანე ალტერნატივამ” ყაზბეგში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდასთან” ერთად შეიმუშავა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შენიშვნების გათვალისწინება დაგვიანებული ჯერ კიდევ არ არის:
“წყალთან დაკავშირებით არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. რამდენი წყალი მოდის მდინარეში, ისიც არ არის გაზომილი, ამიტომ აიღეს მაქსიმუმი. ეს დასკვნაც, რომ გარემოზე ზემოქმედება არ მოხდება, ჰაერიდან დაიდო, თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ გამოინახოს ისეთი საპროექტო გადაწყვეტა, რომლითაც დაცული იქნება ბალანსი ენერგეტიკასა და ეკოლოგიას შორის. ამისათვის ჩვენ ვითხოვთ ჰესის მშენებლობის შეჩერებას და პროექტის გადახედვას”, – აცხადებს “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი. მისი თქმით, მდინარე თერგის საშუალო წლიური მონაცემები წლების წინ გაკეთებული დაკვირვების შედეგებს ეყრდნობა და ახალი მონაცემები არ არსებობს.
ის, რომ ბოლო წლების მონაცემები არ არსებობს, დაადასტურა “გამას” ექსპერტმა, ეკოლოგმა ჯუღული ახვლედიანმაც:
“1940 წელს შეიქმნა ჰიდროსადგური ყაზბეგში, მას შემდეგ, 90–იან წლებამდე მუშაობდა ეს სადგურები და მონაცემებიც იყო, ბოლო წლების მანძილზე საქართველოში არსად არ ტარდება ჰიდროლოგიური კვლევები. თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება ბოლო წლებში დაფიქსირებული არ არის და კოეფიციენტის გადაანგარიშება კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით მოხდა”, – განაცხადა ჯუღული ახვლედიანმა.
ჰესის მშენებლობა მდინარე თერგის წყლის 90%–ის 8კმ სიგრძის მილში მოქცევას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მდინარის კალაპოტში წყლის 10%–ის დარჩენა ლანდშაფტის შეცვლას და წითელ ნუსხაში შეტანილი კალმახის გადაშენებას გამოიწვევს:
“პროექტის ფარგლებში ხდება მდინარე თერგის წყლის დაახლოებით 90%–ის მილში გადაგდება. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები და კლდე იბურღება, შედეგი იქნება ის, რომ ძალიან შეიცვლება დარიალის ხეობაში მთლიანად ბუნება, ეკოსისტემა, ეს გაანადგურებს წითელ წიგნში შეტანილ კალმახს თერგში, რადგან ფაქტიურად თერგი აღარ იქნება, ეს იქნება პატარა ნაკადული”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდას” წარმომადგენელმა შოთა ბუჩუკურმა.
თუმცა ჯუღული ახვლედიანი კალმახების გადაშენებას გამორიცხავს:
“თერგს მარცხენა მხრიდან უერთდება მდინარე ჩხერი, რომლის ხარჯიც წყალმცირობის პერიოდში 1.5 – 2 კუბური მეტრია წამში. კილომეტრნახევარში უერთდება დევდორაკი, რომლის მინიმალური ხარჯი 5 მეტრკუბი წამია, ასე რომ, ბიოლოგიურ გარემოს არანაირი რისკი არ ემუქრება. რაც შეეხება კალმახებს, მინდა მაგალითისთვის გითხრათ, რომ ჯვრის წყალსაცავის ზევით 270 მეტრია ენგურის კაშხალი, მაგრამ გაწყდა კალმახი? ლაჯანურის კაშხლის ზევით კალმახი გაწყდა? ვარციხის ზემოთ გაწყდა? არსად არ გაწყდა და აქ რატომ უნდა გაწყდეს? დოკუმენტში წერია, რომ კალმახს აქვს თვისება, რომ ყოველი დამბის მოწყობის შემდეგ შექმნას მიკროპოპულაცია. მართალია, გარკვეული შეზღუდვა არის, რომ ის ვერ გადაადგილდება კაშხლის ზევით, მაგრამ იქ თევზსავალია გათვალისწინებული, ამიტომ კალმახის გაწყვეტას გამოვრიცხავთ”, – აცხადებს ეკოლოგი ჯუღულინ ახვლედიანი. მისივე თქმით, მცირედი ზიანი შესაძლოა გარემოსაც მიადგეს, თუმცა ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დბალი ღირებულების მცენარეები ხარობს და ეს სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს.
“მწვანე ალტერნატივას” და “სტეფანწმინდას” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობისა და შესაძლო ზიანის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის არ მიუწოდებიათ, სწორედ ამიტომ არასამთავორბო ორგანიზაციებმა გერგეთობის დღესასწაულზე ყაზბეგის სოფელ გერგეთში საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართეს. აქციაზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერები შეგროვდა და საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა.
ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობამ ჰესის მშენებლობაზე მართლაც არაფერი იცის:
“ის, რომ თერგს საფრთხე ემუქრება, აქციიდან გავიგეთ, ჩევნთან არავინ მოსულა და ინფორმაცია არ მოუწოდებია. მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით. რამეს რომ შეეწინააღმდეგო, ჯერ უნდა იცოდე, რა კეთდება”, – აცხადებს გერგეთის მცხოვრები გიორგი წიკლაური.
თუმცა “გამაში” აცხადებენ, რომ შეფასების და დასკვნის მომზადებამდე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ორჯერ გაიმართა:
“სტეფანწმინდაში ორი შეხვედრა გავმართეთ, ეს დაიბეჭდა გაზეთში, გამოვაკარით განცხადება, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ მოსახლეობის დამოკიდებულება ამ პრობლემების მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ და ძალიან კარგია, მაგრამ მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს ეს არ აინტერესებს”, – აცხადებს ჯუღული ახვლედიანი.
დარიალჰესის მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება პროექტის ავტორების განცხადებით, ის შენიშვნები, რისი გათვალისწინებაც შეიძლებოდა, უკვე გათვალისწინებულია.
ჰესის მშენებლობა 2014 წლის 19 მაისს უნდა დასრულდეს.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |