საზოგადოება

ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრასნპორტი

24 ივლისი, 2012 •
ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრასნპორტი

ბათუმის ბიუჯეტიდან გასულ წელს ველოსიპედების შესაძენად მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ თანხით მერიამ 120 ველოსიპედი შეიძინა და 10 ტერმინალი მოაწყო. მიმდინარე წელს ეს თანხა 2 მილიონ ლარამდე აღწევს. ქალაქში დამატებით 250 ველოსიპედის შემოტანა და 20 ტერმინალის მოწყობაა დაგეგმილი.  

 

 

მერიის მიერ შემოტანილი ველოსიპედების მოვლა-პატრონობა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მოვალეობაა. ველოსიპედით სარგებლობისათვის 20-ლარიანი ველობარათის შეძენაა საჭირო. ერთი საათით ველოსიპედით სეირნობა ორი ლარი ღირს. კითხვაზე, როდის შემოიტანს დამატებით ველოსიპედებს, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი ლორია პასუხობს რომ – მალე.

 

„უკვე აღარც გვყოფნის ველოსიპედები. ძალიან ბევრი ქირაობს. დღეში 50-60 ველობარათი იყიდება. ევროპაში, სადაც არ არის ველოსიპედი, იმ ქალაქს განუვითარებელ ქალაქად თვლიან. საღამოს გაბრძანდით და ნახეთ, ყველა ველოსიპედი დაკავებულია. 120 ველოსიპედია ჩემს განკარგულებაში და არც ერთი ველოსიპედი არც დამკარგვია და არც გამფუჭებია. პატარ-პატარა შეკეთება თუ დასჭირდა, ვაკეთებთ. ჩიპია ყველა ველოსიპედში და სატელიტიდან კონტროლდება. როგორც კი გაიყვანთ ველოსიპედს, ინტერნეტით უყურებენ კომპიუტერში,“ _ ამბობს გიორგი ლორია.

 

ველოსიპედის მაღაზიები ბათუმში ძირითადად პუშკინის ქუჩაზეა განლაგებული. მაღაზია „ჩემპიონის“ მფლობელ ნანა ბერიძის თქმით, ბოლო წლებში ველოსიპედების გაყიდვამ მკვეთრად მოიმატა.

 

„17 წელია ველოსიპედებით ვვაჭრობ. ბოლო ორი-სამი წელია გაიზარდა გაყიდვები, მას შემდეგ, რაც ველოტრასები გააკეთეს. წელს უფრო გაზრდილია. დღეში ათიდან -ოც ველოსიპედამდე ვყიდით. ველოსიპედების ფასები 85 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე ადის. მოთხოვნა არის უფრო იაფიანსა და ხარისხიანზე. ძვირიანსაც ყიდულობს ხალხი, მაგრამ უფრო ნაკლებად,“ – აღნიშნა ნანა ბერიძემ.

 

”ველოსერვისი”- ასე ჰქვია ზურაბ სამნიძის პროფილაქტიკას, სადაც გაფუჭებული ველოსიპედები შესაკეთებლად მიაქვთ. ველოსერვისი ველოსიპედების მაღაზიის გვერდით მდებარეობს და სავსეა შესაკეთებელი და უკვე შეკეთებული ველოსიპედებით.

 

„15 წელია ველოსიპედებს ვარემონტებთ. ახლა მომართვიანობა უფრო გაიზარდა. საერთოდ, ყოველწლიურად იზრდება 10-15 %-ით. შემოდის იაფიანი ველოსიპედები, რომლებიც მალე ფუჭდება. ევროპულ ველოსიპედებს, რომლებიც უფრო გამძლეა, ჩვენ ვერ მივწვდებით. ჩვენებს უნდათ 20 ათას დოლარიანი ველოსიპედი 200 ლარად,“- ამბობს ზურაბ სამნიძე.

 

ბათუმელთა მცირე ნაწილისთვის ველოსიპედმა უკვე საქალაქო ტრანსპორტის ფუნქცია შეიძინა. ბლოგერი დათო ტრაპაიძე ერთ-ერთია, რომელიც ველოსიპედს ერთ წელზე მეტია ყოველდღიურ ტრანსპორტად იყენებს. მისი თქმით, ბათუმური წვიმები რომ არა, ეს ტრანსპორტი პატარა ქალაქისთვის გადაადგილების იდეალური საშუალება იქნებოდა.

 

„არანაირი პარკინგის პრობლემები, გამონაბოლქვი და მით უმეტეს, ავარიები. თითქმის ყოველდღე ვფარავ მანძილს საზღვაო ნავსადგურიდან ადლიის აეროპორტამდე და ეს ძალზე სასიამოვნო პროცესია. მით უმეტეს, რომ ველობილიკები არსებობს. ველობილიკების ქსელით ქალაქის დაქსაქსვა ძალიან კარგი იდეაა და მიხარია, რომ ეს საქმე გრძელდება,“ – ამბობს დათო.

 

მართალია, ქალაქის ცენტრში და ზღვისპირა ზოლში ველობილიკებთან ერთად ტროტუარებიც მოწესრიგებულია, მაგრამ არის უბნები, სადაც მხოლოდ ველობილიკია დაგებული, ტროტუარი კი _ დასაგები. ასეთ უბნებში ხალხი ძირითადად ველობილიკებზე დადის.

 

„ბულვარში, სადაც სასეირნო ბილიკების ფართობი ბარე სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ველობილიკის, რომელიც სათანადოდ წითლადაც კი შეღებეს, რომ განესხვავებინათ, ფინიკის პალმების მთელი რიგიც კი ჩააყოლეს, რომ რაღაცნაირად გაემიჯნათ და, ბოლოს და ბოლოს, პოლიციაც კი დააყენეს, რომ ველობილიკიდან ხალხი გადმოეყვანა ტროტუარზე –  საშველი მაინც არ არის. არ ვიცი, ამით ”წითელ ხალიჩაზე” სიარულის წყურვილს იკლავენ, ფართო ტროტუარების შიში აქვთ, თუ ქვეცნობიერად ველოსიპედის ბორბლებით გატანის სურვილი ამოძრავებთ. მაგრამ ფაქტია, რომ ბარე ათჯერ მჭირდება იმის ახსნა – უკაცრავად, ეს ველობილიკია, გადადით ტროტუარზე. ეს ძალიან გამაღიზიანებელია. დაახლოებით ის “ეპითეტები” მახსენდება, რაც საჭესთან მჯდომ მძღოლებს –  როცა ვიღაც უშნოდ გადმოურბენს გზაზე. ალბათ ძნელია, არ იარო წითლად შეღებილ ველობილიკზე, ისევე როგორც ძნელია, მიიტანო ნაგავი ურნამდე და არ დაამტვრიო სკამი, რომელზეც ზიხარ. მაგრამ იმედია, ეს დროთა განმავლობაში ჩვევად იქცევა და ეს ელემენტარული პატარა წესები მარსზე სიცოცხლის აღმოჩენის ტოლფას გაკვირვებას არ გამოიწვევს,“ –  ამბობს დათო ტრაპაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი