საზოგადოება

გამორჩეული ხვედრის ადამიანი

14 ივლისი, 2012 • 3318
გამორჩეული ხვედრის ადამიანი

ირაკლი ანდრიაძე
ირაკლი ანდრიაძე

40 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამქვეყნიდან წავიდა ბატონი ირაკლი ანდრიაძე. თუმცა ოდნავადაც ვერ განელდა მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი. არა მარტო მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების, არამედ ყველა იმ ადამიანის გულში, ვინც მას იცნობ და და მას თან საერთო ჰქონდა.

ბატონი ირაკლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის  შარავანდედი წმინდა სამების ბრწყინვალე ტაძრია, რომლის მშენებლობას სული და გული ჩააქსოვა. “აი, ეს დიდებული ტაძარი არის აშენებული მის მიერ და ვერავინ სხვა ვერ გააკეთებდა ამას”, –  ასე შეაფასა მისი ღვაწლი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ,  9 ივნისს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, როცა ირაკლი ანდრიაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, გადაიხადა.

მაღალია ნება უფლისა, უდიდესი მისია დაეკისრა ბატონ ირაკლის და ისიც ბუნებრივია, რომ მისი ცხოვრების ბოლო ოცი წელი სამების ტაძრის ისტორიასთან გაიგივდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, გადაწყვეტილებით იგი და ჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღ ლე სი ხარისხის წმინდა გიორგის ორდენით. საინჟინრო საქმიანო ბაში განსაკუთრებული წვლილისათვის აღიარეს XX საუკუნის გამოჩენილ ინჟინრად.   ირაკლი ანდრიაძის ცხოვრებაზე მოგვითხრობს  ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძის წერილი და იმ ადამიანის ცოვრებაზე ჩაგვაფიქრებს, რომელმაც სიცოცხლე სამების ტაძრის მშენებლობით დააგვირგვინა.

საქართველოში, ადამიანის ღვაწლის აღმატებული შეფასებისათვის ოდითგანვე ხმარობდნენ სიტყვებს: აღმაშენებელი, აღმშენებელი, მშენებელი. ალბათ იმიტომ,რომ გამუდმებულ, დამანგრეველ ომებში მყოფი საქართველოსათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ დანგრეულის აღდგენა და ახლის შენება-აღმშენებლობა იყო. ასე ნარჩუნდებოდა ქვეყნის ძველი და იქმნებოდა ახალი დიდება. ამიტომ მგონია, რომ ღმერთმა განსაკუთრებული ხვედრი არგუნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ქვეყნის, სამშობლოს შენებას მიუძღვნეს. ასეთი გამორჩეული ბედის ადამიანია ბატონი ირაკლი ანდრიაძე.

ბატონი ირაკლი 1970-იანი წლე ბის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩემი სტუდენტობისას გავიცანი. მაშინ ის სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე უნივერსიტეტის პრორექტორი იყო პერსპექტიული მშენებლობის დარგში. დიახ, როგორ გასაკვირადაც უნდა ჩანდეს ეს დღეს, ჯერ კიდევ ილია ვეკუას, ხოლო შემდეგ დავით ჩხიკვიშვილის რექტორობის დროს, თბილისის უნივერსიტეტის განვითარებასა და პერსპექტიულ მშენებლობას სპეციალური პრორექტორი უძღვებოდა. სწორედ იმ პერიოდში აშენდა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი ბაგების ტერიტორიაზე, ძირითად სასწავლო კორპუსთან მათი შემაერთებელი ხიდი და საბაგირო გზა, დაიწყო ბიოლოგიური ფაკულტეტისა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის კორპუსების მშენებლობა. იმ დროს მიშენდა უნივერსიტეტის პირველ კორპუსს ახალი ,,სააქტო დარბაზი“. ახალი შენობა, ძველთან მართლაც ორგანულად შერწყმული და დიდებული გამოვიდა. ყველა ამ მშენებლობას, რექტორებთან ერთად, უშუალოდ სწორედ ბატონი ირაკლი უძღვებოდა და წარმართავდა.

უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ახალი სააქტო დარბაზის შენობის ფუნდამენტის გაჭრის დროს, ბატონმა ირაკლიმ და მშენებლებმა მოულოდნელად ძველ ბოთლებში შენახული, მე-20 საუკუნის დასაწყისის სხვადასხვა ნაწერი და გაზეთები აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი, უნივერსიტეტის ფუნდამენტში 1900 წელს მის დამაარსებლებს მოუთავსებიათ. იმ პერიოდში არსებული ტრადიციით, ახალი შენობის საძირკველში, ბედნიერებისა და წარმატების სიმბოლურად ოქროსა და ფულს აყოლებდნენ. უნივერსიტეტის ერთ-ერთ უპირველეს დამაარსებელს, ბატონ ნიკო ცხვედაძეს უთქვამს, ოქრო და ფული თუ გვაქვს, მშენებლობას მოვახმაროთ, საძირკველში კი გაზეთები და ჩვენი დროის ამსახველი სხვა მასალები ჩავდოთ, ეგებ, ოდესღაც ვინმემ ნახოს და მათი საშუალებით ჩვენს დროსა და საქმიანობაზე მომავალ თაობებს მეტი წარმოდგენა შეექმნათო. სწორედ ეს მასალა აღმოაჩინეს ბატონმა ირაკლიმ და მშენებლებმა. ბევრი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ, უნივერსიტეტის მაშინდელი პროპექტორის, ბატონი სერგო ჯორბენაძის წინადადებით გადაწყდა, რომ აღმოჩენილი მასალა უკანვე დაებრუნებინათ და თან, უკვე ახალი პერიოდის ამსახველი მასალებიც დაემატებინათ. მართლაც, უნივერსიტეტშივე დამზადებულ სპეციალურ ჰერმეტულ ცილინდრში, ძველ მასალებთან ერთად მოთავსდა უნივერსიტეტის ახალი წესდება, გაზეთები და სტუდენტთა მიმართვა 21-ე საუკუნის სტუდენტობას, რომელსაც ხელი ორმოცდაათმა წარჩინებულმა სტუდენტმა და რამდენიმე ღვაწლმოსილმა პროფესორმა, მათ შორის აკაკი შანიძემ და სიმონ ყაუხჩიშვილმა მოაწერეს. აღნიშნული ტექსტის შედგენის ბედნიერება და პატივი პირადად მე მხვდა წილად. სტუდენტებმა, ბატონ აკაკისთან და სიმონთან ერთად, მთელი ეს გზავნილი 1974 წლის 8 თებერვალს, უნივერსიტეტის დაარსების დღეს, საზეიმო ვითარებაში, სპეციალურად გაკეთებულ ნიშაში მოათავსეს შენობის საძირკველის იმავე ადგილას, სადაც ის ბატონმა ირაკლიმ და სხვა მშენებლებმა იპოვეს. ნიშნას გაუკეთდა წარწერა: გაიხსნას 2000 წლის 8 თებერვალს. მართლაც, 26 წლის შემდეგ, 2000 წლის 8 თებერვალს, თბილისის უნივერსიტეტის იმ პერიოდის რექტორის, ბატონ როინ მეტრეველისა და პრორექტორის, ბატონ თემურ ხუროძის ინიციატივით, ნიშა საზეიმო ვითარებაში ხელახლა გაიხსნა და ახლა უკვე 21-ე საუკუნის სტუდენტობა გაეცნო 100 და 26 წლის წინანდელ გზავნილებს. ახლა უკვე უნივერსიტეტის ამ ახალმა თაობამ შეადგინა თავისი მიმართვა შემდეგი თაობების სტუდენტებისადმი და უკლებლივ ყველა ძველი და ახალი მასალა, ასევე საზეიმო ვითარებაში, თავის, უკვე ისტორიულად ქცეულ ადგილას მოათავსა. ვინ იცის, როდის და ვინ აღმოაჩენს ყველაფერ ამას მომავალში…

უნივერსიტეტის შემდეგ, ბატონი ირაკლის მოღვაწეობა, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით მრავალ ახალ სარბიელზე გაიშალა. საბედნიეროდ, მასთან ჩემი საქმიანობა, სამსახურებრივი თუ მეგობრული ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. ეს ურთიერთობები განსაკუთრებით მჭიდრო იყო, როდესაც ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჯერ თბილისის მერი, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ეს ურთულესი, დრამატული მოვლენებით აღსავსე პერიოდი იყო. ამავე დროს, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენების პირველი წლები გახლდათ და ახალი სახელმწიფოს აღმშენებლობაში უშუალო, აქტიური მონაწილეობა დიდი პატივისა და ბედნიერების შეგრძნებასაც ბადებდა. იმ პერიოდში კიდევ უფრო სრულად გამოვლინდა ბატონი ირაკლისათვის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებები. უმაღლესი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, გასაოცარი შრომის უნარი და ენერგია, _ ის თითქმის 24 საათის განმავლობაში სრული თავგანწირვით შრომობდა და ამავე დროს, რა დიდი და მნიშვნელოვანიც უნდა ყოფილიყო, გაკეთებული _ არასდროს იყო მისთვის საკმარისი. ის მუდმივი, მოუსვენარი ძიებისა და შენების პროცესში იყო ჩართული, ამით ცხოვრობდა. ამავე დროს, ის ყოველთვის გამორჩეული იყო ერთი დიდი თვისებით _ ეს არის განსაკუთრებული თავმდაბლობა და მოკრძალება. დიდ საქმეებს ის მუდამ უხმაუროდ და დაუმადლებლად აკეთებდა.

ვფიქრობ, ბატონი ირაკლი ღმერთმა მართლაც გამოარჩია, რადგან სწორედ მას მიჰმადლა ხვედრი, ყოფილიყო მართლაცდა დიდებული და გრანდიოზული, თბილისში წმიდა სამების საპატრიარქო საკათედრო ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ორგანიზატორი. ამ უდიდესი ღვთიური და ეროვნული საქმის დასაწყისიდან მის გასრულებამდე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვითა და კურთხევით, ის იყო სამშენებლო პროცესის უშუალო ხელმძღვანელი და წარმართველი. დარწმუნებული ვარ, ეს დიდი მადლი არა მხოლოდ მას, არამედ მთელ მის დიდებულ ოჯახსა და შთამომავლობას შეეწევა…

მასალების გადაბეჭდვის წესი