ფეისბუქზე რამდენიმე გვერდია შექმნილი ქართულ ენაზე, რომელიც სექსუალურ აღზრდას ეხება. ”მე ვემხრობი ქართულ სკოლებში სექსუალური აღზრდის შემოღებას”, “პარტიზანი გოგოები” – ეს გვერდები აქტუალური კიდევ ერთხელ 9 ივლისს გახდა. გვერდები შექმნილია დისკუსიებისთვის სქესობრივი აღზრდისა და კულტურული ტრადიციების შესახებ, რომელიც სქესობრივ განათლებას კრძალავს.
გუშინ გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ სწორედ სქესობრივი გაუნათლებლობა აიძულებს მამაკაცს იფიქროს, რომ სისხლი პირველი სექსის აუცილებელი ატრიბუტია და თუ ჩათვალა, რომ ცოლი ქალწული არ არის, პოლიციას უნდა მიმართოს.
გახდებოდა თუ არა არასრულწლოვანი მსგავსი ძალადობის მსხვერპლი, მას და მის მეუღლეს სკოლაში ასაკისათვის შესაფერისი განათლება რომ მიეღოთ და რა პრობლემებს აგვაცილებდა ისეთი საგნის სწავლება, როგორიც სქესობრივი აღზრდაა?
ფსიქოლოგ მაია ცირამუას მიაჩნია, რომ ამგვარი ფაქტები იმიტომ ხდება, რომ საქართველოში სექსი სირცხვილია. მისი თქმით, სქესობრივი განათლების არარსებობა მნიშვნელოვანადაა დამოკიდებული ოჯახში დამკვიდრებულ აღზრდის სტილზე.
ცირამუას განმარტებით, საქართველოში მეტწილად ოჯახის 2 ტიპი გვხვდება: ავტორიტარული და ჰიპერ მეურვე, სადაც გადაწყვეტილებების მიმღები ყოველთვის უფროსია. ასეთი ოჯახები ტრადიციების კულტს ქმნიან და ნებისმიერი ”გადახვევა” დასჯადია:
“ცხადია ასეთ სივრცეში სქესობრივ ცხოვრებაზე ბავშვთან საუბარი დაუშვებელია, თუმცა ”ბიჭის ქალებში წაყვანა მოსულა”… საქართველოში ოჯახი მოითხოვს სქესობრივი ცხოვრება ისე ააწყონ შვილებმა, როგორც ამას უფროსები გადაწყვეტენ”.
”აპკის” სიმრთელის გამო გოგონების სამარცხვინო ბოძზე გაკვრა, წამება, შეურაცხყოფა, სახლიდან გაძევება, გვარიდან მოკვეთა და ა. შ. ოჯახის, ქვეყნის, ტრადიციების დაცვისთვის გაღებული სამაგალითო ”მსხვერპლია”. არ ვიცი, რა დრო დასჭირდება იმის გაგებას, რომ სექსი სირცხვილი არ არის და ახალგაზრდების და მათი მშობლების სქესობრივი განათლება პერვერსიული ცნობიერებისგან ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა,” – განმარტავს ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
სექსოლოგიური კლინიკა “ლიგას“ დირექტორის, პროფესორი და მედიცინის დოქტორის, არჩილ ბაქრაძის განმარტებით, საქართველოში სქესობრივი განათლება არათუ საჭირო, არამედ სავალდებულოა.
”სქესობრივი აღზრდის ელემენტები და საკუთარი სქესისთვის დამახასიათებელი ქცევა პირველივე კლასიდან უნდა ისწავლებოდეს. სწორი იქნება, კითხვა ასე დაისვას – როგორ უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი აღზრდა სკოლაში? ამ თემაზე უნდა იმუშაონ პროფესიონალებმა, ისეთმა ადამიანებმა, ვინც სამიზნე აუდიტორიას კარგად იცნობს და იციან ფსიქო-კულტურალური გარემო, რომელშიც ეს აუდიტორია არსებობს” – განამარტავს სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე.
საქართვლოში მოზარდების სქესობრივი განათლების შესახებ არანაირი კვლევა არ არსებობს. მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები საკუთარ სკოლებში სქესობრივი სწავლების გაუმჯობესებული მეთოდების დანერგვაზე ფიქრობენ, საქართველოში სექსუალური განათლების საჭიროებაზე რამდენიმე წლის წინ დაწყებული დავაც კი შეწყვეტილია.
სქესობრივი აღზრდის მოწინააღმდეგენი საქართველოში არგუმენტად იმას იყენებენ, რომ მსგავსი განათლების მიღება ქართულ ტრადიციებისთვის უცხოა. იგივე არგუმენტს მიმართავდნენ ჩინეთში სქესობრივი აღზრდის მოწინააღმდეგენიც, თუმცა სახელმწიფოს მტკიცე პოზიციის დამსახურებით, ჩინეთი დღეს უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც სქესობრივი აღზრდა სკოლებში პირველი კლასიდანაა სავალდებულო.
ჩინეთის განათლების სისტემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებს პირველივე კლასებიდან მიაწოდონ ასაკის შესაფერისი ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც მათ ორგანიზმში მიმდინარეობს და მაღალ კლასებში ასწავლონ სწორი თავდაცვა, არასასურვლი შედეგების თავიდან ასაცილებლად.
სქესობრივი აღზრდა სავალდებულოა ინდოეთშიც, რომელიც ასევე გამორჩეულია ოჯახის ძლიერო კულტით. ინდოეთშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, სქესობრივი აღზრდა დაწყებითი კლასებიდან ისწავლება. იდოეთში, ისევე როგორც სქართველოში, ოჯახები ნაადრევ ასაკში იქმნება, შესაბამისად, სახელწიფომ სავადებულოდ ჩათვალა, ახალგაზრდებისთვის შესაბამისი სქესობრივი განათლება მიეცა.
სქესობრივი განათლება ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან დაინრეგა ამარიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებში – ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში. ამერიკაში სქესობრივი სწავლების დანერგვის პირველ წლებში ახალი საგნის მიმართ დიდი პროტესტი იყო, თუმცა სახელმწიფომ იგი დანერგა და დღეს სქესობრივი სწავლება სავალდებულო საგანია.
2012 ივნისის თვეში ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ავსტრალიელი მოზარდების 69% განათლებას სქესობრივი ცხოვრების შესახებ სწორედ სკოლაში ჩატარებული გაკვეთილებიდან იღებს.
2013 წლიდან სქესობრივი განათლების გაკვეთილები სავალდებულო იქნება ავსტრალიის ყველა სკოლაში, განურჩევლად იმისა, კერძოა სკოლა, რელიგიურია თუ საჯარო.
ახალი კურიკულუმით პროგრამა რამდენიმე ეტაპადაა გაწერილი: დაწყებით კლასებში მოსწავლეებს სქესობრივი აღზრდის შესახებ მოსამზადებელი გაკვეთილები ექნებათ, უფრო მაღალ კლასებში მოსწავლეები მენტალური სიჯანსაღის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, ხოლო დამამთვარებელ კლასებში მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია სექსუალური სიჯანსაღის, ჯანსაღი კვების, სხეულის მოვლის შესახებ.
ავსტალიის მთავრობას მიაჩნია, რომ ამ სწავლებით მოზარდებს თავიდან ააცილებს ვენერიულ დაავადებებს, შიდსსა და არასასურველ ორსულობას.
სქესობრივი განათლება 1992 წელს შემოიღეს მარლთმადოდებლურ საბერძნეთში. ბერძენი მოსწავლეები სკოლაში სწავლობენ ოჯახის დაგეგმვას, უსაფრთხო სექსს და ვენერიული დაავადებებისგან თავის არიდებას.
სქესობრივ განათლებას არ აძლევენ მოსწავლეებს რუსეთში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებში ერთ-ერთი პირველია აბორტების რაოდენობით. რუსი მედიკოსების განმარტებით, სქესობრივი გაუნათლებლობის გამო არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების საშუალებად რუს გოგონებს აბორტი მიაჩნიათ.
უნდა ვივარაუდოდთ, რომ ქართული განათლების სისტემა და ეკლესია რუსულ ტრადიციებს მისდევს, პირველი არავითარ ღონეს არ მიმართვას შესაბამისი სწავლების დასანერგად, ეკლესია კი სასტიკად ებრძვის სკოლაში ბავშვების ”გარყვნას”
ფსქილოგ მაია ცირამუას განმარტებით, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი ძალადობის ფაქტები, როგორიც 16 წლის მარიამის შემთხვევაში იყო, მშობლებმა და მათმა შვილებმა შესაბამისი განათლება სკოლებში, გაკვეთლებსა თუ ერთჯერად სემინარებზე უნდა მიიღონ.
პირველი მცდელობა იმისა, რომ სკოლაში სქესობრივი აღზრდა შესწავლილიყო, 10 წლის წინ იყო. ბაკურ სულაკარუის გამომცემლობამ მაშინ შესაბამისად ილუსტრირებული წიგნიც დაბეჭდა, თუმცა საზოგადოების პროტესტის გამო წიგნმა სკოლებამდე ვერ მიაღწია.
განსაკუთრებული რადიკალიზმით მაშინ საპატრიარქო გამოირჩეოდა, რომელიც მოზარდების მორალურ გარყვნაზე საუბრობდა. მარლთმადიდებლურ ფორუმზე დღესაც არის შესაძლებელი 2006 წელს გავრცელებული განცხადების ნახვა, რომლითაც ”მართმადიდებელ მშობელთა კავშირი” მორწმუნეებს მოუწოდებს, აუკრძალოს შვილებს მსგავსი ლიტერატურის გაცნობა.
ნაწყვეტი განცხადებიდან: ”რას ასწავლის პროგრამა ჩვენს შვილებს? პირველ რიგში-ე.წ. “უსაფრთხო სექსს”, რომელიც მოიცავს: ონანიზმს, ანალურ,ორალურ და ვაგინალურ სექსს, ჰომოსექსუალიზმს, სოდომისეულს (მამათმავლობა,ლესბოსელობა,ზოოფილია) და სხვა ფორმებს. იგი ხელს უწყობს სქესობრივი ცხოვრების ადრეულ დაწყებასა და უწესრიგო სქესობრივ კავშირს, გადაგვარებული “სექსუალური ფორმის” ათვისებას,” – ნათქვამია ”მარლთმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
სქესობრივი სწავლების დანერგვის პირველი მცდელობებიდან თითქმის 10 წელიწადი გავიდა, თუმცა არსებითი ცვლილება ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ განუხორციელებია. განათლების სისტემა, რომელიც ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ჯანსაღი გარემო მოზარდისათვის, სკოლაში სქესობრივი აღზრდის სავალდებულო საგნად დანერგვაზე საერთოდ არ საუბრობს.
”ეს არის ძალიან სათუთი თემა და ამაზე არ ვსაუბროთ,” – განუცხადა ნინო პოდრჟეცკაიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ”ნეტგაზეთს”.








