გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კოკა სეფერთელაძე, მინისტრის მოადგილე დანიშნა.
კოკა სეფერთელაძემ მაია მიმინოშვილი ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება:
“საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 28 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.”
დღესვე ირკვევა, რომ მაია მიმინოშვილის შვილი, 27 მაისს “ქართული ოცნების” აქციაზე იმყოფებოდა.
“ეს არის კატასტროფა, თუ ეს გახდა ჩემი გათავისუფლების მიზეზი. ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი ნამდვილად იყო აქციაზე. მე მას დავურეკე და ვკითხე, სად იყო. მან მითხრა, რომ იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე, აქციაზე. ის არის დამოუკიდებელი ადამიანი და აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი სიმპათია-ანტიპათიების შესაბამისად.