საზოგადოება

ზაარბრიუკენის მოედანზე ჭადრებს დილიდან ჭრიან[VIDEO]

9 მაისი, 2012 •
ზაარბრიუკენის მოედანზე ჭადრებს დილიდან ჭრიან[VIDEO]

ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლიან ჭადრებს დილიდან ჭრიან.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხეების მოჭრა დილის 10 საათიდან დაიწყო. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას განუცხადეს, რომ ჭადრები მავნებელია და სწორედ ამიტომ იჭრება:

“ეს არის ბარბაროსობა, გაჩერებაზე რომ მოუნდეს ადამიანს დადგომა, ჩრდილში ხომ უნდა გაჩერდეს, რომ ავტობუსს დაელოდოს. ასი წელი არ იყო ეს ჭადრები მავნებელი და ახლა გახდა?”, – აცხადებს ერთ–ერთი ქალბატონი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოედანზე გაზეთებს ყიდის.

არასამთავრობო ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცის” თავმჯდომარე ანა გაბრიაძე ამბობს, რომ ჭადრები არც მავნებელია და არც დაავადებული:

“რის საფუძველზე ეუბნებიან მოსახლეობას, რომ მავნებელია, ვერ ვხვდებით. თავის დროზე ჭადრები ტყუილად ხომ არ დაურგავთ, ეს ერთ–ერთი ხეა, რომელიც იტანს თბილისს, ამ ეკოლოგიას სხვა ხეები ვერ აიტანს. ჭადრების მაგივრად რგავენ ჯუჯა ხეებს, რომელიც არც ჩრდილს იძლევა და ვერც ამ პირობებს გაუძლებს”, – აცხადებს ანა გაბრიაძე.

“უსაფრთხო სივრცემ” ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მერიას არაერთხელ მიმართა, ანა გავრიაძის განცხადებით, ყველა ჯერზე ერთი და იგივე პასუხი მოდის, რომ ხეების მოჭრა ქალაქის განვითარების გამო ხდება:

“გუშინ დაარიგეს საარჩევნო ჟურნალი, რომელზეც გამოსახულია- როგორი იქნება თბილისი. სურათზე არც ერთი ხე არ ყოფილა. ანუ ესენი თბილისს ხეების გარეშე ხედავენ. როგორც ჟურნალიდან ჩანს, გეგმაშია აღმაშენებლის ხეების გარეშე დატოვება”, – ამბობს ანა გაბრიაძე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვალ პეტიციის შედგენას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი