საზოგადოება

ფსიქიატრიულში მოთავსებული პაციენტის დარღვეული უფლებები

2 მაისი, 2012 • 3565
ფსიქიატრიულში მოთავსებული პაციენტის დარღვეული უფლებები
გელა ძნელაძის ფოტო
გელა ძნელაძის ფოტო
37 წლის ლელა ჯ. ექვსი თვეა არანებაყოფლობით მკურნალობას ხონის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადის. მისი კანონიერი მეურვე რამდენიმე თვის მანძილზე არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას, სად და რა ხნით იმყოფებოდა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ლელა ჯ.   

ხონის სასამართლომ ლელას ისე დაუნიშნა არანებაყოფლობითი მკურნალობა, რომ მეურვისთვის სასამართლოს დანიშვნის შესახებაც არ უცნობებია და ამით ლელა ჯ.-ს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოში დაცვის უფლება წაართვა.

„გთხოვთ, გამარკვიოთ, გამაგებინოთ, სად იმყოფება და რა ქვია იმ დაწესებულებას, სადაც 2011 წლის 1 ნოემბერს ღამით დავტოვე ჩემი დისშვილი ლელა. ჯ., რომლის მეურვეც მე ვარ. ციხე? საგიჟე? რამდენი ხნით? რატომ?” – ამ განცხადებით ბათუმში მცხოვრებმა დარეჯან რუხაძემ სახალხო დამცველის აპარატს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ჯერ კიდევ იანვარში მიმართა.  

გასული წლის სექტემბერში ბათუმის #2 მუნიციპალურ სასადილოში უფასო სადილისთვის მისულ, ქმედუუნაროდ აღიარებულ ლელა ჯ.-სა და პენსიონერ ვ.ს –ს შორის შელაპარაკება მოხდა. სასადილოს სამი თანამშრომლისა და რამდენიმე თვითმხილველვის განმარტებით, ვ.ს. -მ ხელი დაარტყა ლელა. ჯ-ს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ამის შემდეგ კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.   

გამოძიება ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ბათუმის საქალაქო პოლიციის მე-4 განყოფილებამ დაიწყო. ლელა. ჯ-მ მეურვის, დარეჯან რუხაძის თანდასწრებით სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა გაიარა. დარეჯან რუხაძე ამბობს, რომ ექსპერტიზიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 1 ნოემბერს, მას გამომძიებელი, ბადრი ბერიძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ლელას კიდევ ერთი ექსპერტიზა უნდა გაევლო ქუთაისში. „საღამო იყო უკვე, როცა გამომძიებელმა ბადრი ბერიძემ მანქანით გამოგვიარა, თავიდან მეუბნებოდა, შენი წამოსვლა არ არის საჭიროო, მაგრამ ჩემს დისშვილს როგორ გავუშვებდი მარტო. მთელი გზა მუსიკა ჰქონდათ ჩართული მანქანაში, მხიარულობდნენ. ქუთაისში არც შევსულვარ, სოფლის ბნელ გზაზე ვიარეთ და მივადექით დიდ შენობას, სადაც შეგვიყვანეს ოთახში, რამდენიმე ადამიანი იყო იქ. მთხოვეს, ხელი მოაწერე ამ საბუთზეო და მოვაწერე, არ წამიკითხავს, რა იყო. ლელას რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, მათ შორის კითხეს – თუ ნანობ, რაც ჩაიდინეო, რაზეც ჩემმა დისშივლმა უპასუხა – არ ვნანობ, მე არ დამირტყამს პირველიო. ამის შემდეგ მე მითხრეს, რომ ლელა უნდა დარჩენილიყო და მე უნდა წავსულიყავი. რამდენიმე წამი ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდნენ, მერე კივილი დავიწყე, რას აკეთებთ, სად ტოვებთ ადამიანს–მეთქი. წაიყვანეს ლელა დერეფანში, მეც გავყევი, ყველაფერი გისოსებში იყო, ამხელა შენობაში სამარისებული სიჩუმე იყო, ბოქლომებით დაკეტილ ოთახებში ადამიანებს ეძინათ.”

დარეჯან რუხაძე ამბობს, რომ მისთვის არავის განუმარტავს, სად აიძულეს მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ნათესავის დატოვება და რატომ, ან რა ეწერა საბუთში, რომელზეც მას ხელის მოწერა სთხოვეს. დარეჯან რუხაძემ მხოლოდ ორი თვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებასა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნილი წერილების პასუხად გაიგო, რომ მისი კანონიერი მეურვეობის ქვეშ მყოფი ლელა ჯ. აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი) გადის იძულებით მკურნალობას. ეს დაწესებულება ქალაქ ხონის რაიონული ცენტრიდან  7 კმ-ით, ხოლო ქუთაისიდან 35 კმ-ითაა დაშორებული. 700 პაციენტზე გათვლილ საავადმყოფოს 19,4 ჰა ფართობი უჭირავს.

„თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ლელა ჯ-ს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი… ლელა ჯ. დაავადებულია ფსიქიკურად, რის გამოც მსჯავრდება და დასჯა ვერ მოახდენს მასზე გამასწორებენ ზემოქმედებას. ლელა ჯ. საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას..” – აღნიშნულია პოლიციის მე-4 განყოფილების წერილში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 31 ოქტომბერს, 1 ნოემბერს კი ლელა ჯ. მეურვესთან ერთად ისე წაიყვანეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, რომ კანონიერი მეურვისთვის, დარეჯან დუმბაძისთვის არ უთქვამთ, რომ საქმე შეწყვეტილია და პაციენტის ეტაპირება ხდება. მეტიც, დარეჯან დუმბაძემ მხოლოდ ახლა, სახალხო დამცველის აპარატისგან მიღებული დოკუმეტებით შეიტყო, რომ 4 ნოემბერს, მაშინ, როცა იგი იმის გარკვევას ცდილობდა, კონკრეტულად სად გახდა იძულებული მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი დისშვილი დაეტოვებინა, ხონის რაიონულს სასამართლოს ისე განუხილავს შპს “აკ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” დირექტორის გოჩა ბაკურიძის მიმართვა ლელა ჯ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ, რომ მისთვის, როგორც კანონიერი მეურვისთვის, არაფერი უცნობებიათ და მისი ქმედუუნაროდ აღიარებული დისშვილის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი, ილია ნიკოლაძე იცავდა დახურულ სხდომაზე. ლელა ჯ.-ს სასამართლომ ექვსი თვით არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა.

გიორგი ხიმშიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი ამბობს,რომ  საქმე პროცესუალურ დარღვევებთან გვაქვს: „სახაზინო ადვოკატის დანიშვნა ასე არ ხდება. სასამართლო ჯერ არკვევს, მსრჯავდებულს (ამ შემთხვევაში პაციენტს) აქვს თუ არა შესაძლებლობა, აიყვანოს ადვოკატი და თუ მას ამის შესაძლებლობა არა აქვს, მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება სახაზინო ადვოკატი. გარდა ამისა, კანონიერი მეურვის დასწრება პროცესზე სავალდებულოა.

მიუხედავად იმისა, რომ ლელა ჯ-ს ჰყავდა ადვოკატი, აუცილებელი იყო, რომ მის კანიერ წარმომადგენელს ჰქონოდა მის მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის კონსტიტუციური უფლების სასამათლოზე დაცვის შესაძლებლობა. ეს უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის თანახმად. რადგან ლელა ჯ-ს მეურვეს არ აცნობეს სასამართლოს შესახებ, მას წაერთვა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც, თუ მას ექნებოდა ამის სურვილი.”

ვინ იყო ვალდებული ეცნობებინა კანონიერი მეურვისათვის 4 ნოემბერს ხონში გამართული სასამართლოს შესახებ? – გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ეს ვალდებულება ჰქონდა როგორც ფსიქიატრიულ საავადმყოფოს (სადაც ინახება ინფორმაცია პაციენტის შესახებ), ასევე სასამართლოს.

4 ნოემბრით დათარიღებული სასამართლოს სხდომის აღწერით ნაწილში ასევე ვკითხულობთ: „…ლელა ჯ. დაავადებულია ფსიქიკურად, კონტაქტისთვის ძნელად მისაწვდომია… არ გააჩნია კრიტიკა საკუთარი მდგომარეობის მიმართ…” და იქვე: “წარდგინების დაკმაყოფილებას მხარი დაუჭირეს პაციენტმა ლელა ჯ.-მ და მისმა ადვოკატმა ილია ნიკოლაძემ”.

შეკითხვაზე, ფსიქიკურად დაავადებულმა პაციენტმა, რომელიც „კონტაქტისთვის ძნელად მისაწვდომია”, როგორ დაუჭირა მხარი წარდგინებას, ილია ნიკოლაძე, ადვოკატი, რომელიც პაციენტის უფლებებს სასამართლოში იცავდა, პასუხობს: „ეს იმას ნიშნავს, რომ ის ანალიზს ვერ აკეთებს თავისი ქმედებისას, რა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ როგორც ასეთი, მას ცნობიერება არა აქვს დაქვეითებული და შეიძლება აღიქვას, რაა მისთვის კარგი და რა არის ცუდი. „კრიტიკის არქონა“ ნიშნავს, რომ ამ მომენტში მე რაღაც დამემართა და ვერ ვაცნობიერებ, მაგრამ იმას ვაცნობიერებ, რომ მკურნალობა  მჭირდება. მე ვერაფრით ვერ წავიდოდი კლიენტის ინტერესის წინააღმდეგ.“

„ადვოკატის მოტივაცია გაუგებარია” – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი,  „პაციენტი, რომლის ინტერესაც ადვოკატი იცავდა, არ იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, რაც მითითებულ იყო ექსპერტიზის დასკვანში. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მოსაზრება არ უნდა გახდეს საფუძველი, რომ მის პოზიციას დაეთანხმო. ადვოკატს უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ სასამართლოს მოეძიებინა პაციენტის კანონიერი მეურვე, ან ნათესავი.”

ილია ნიკოლაძე კი ამბობს, რომ მეურვის ყოლა აუცილებელი არ არის, როდესაც ადვოკატი ინიშნება: „მეურვე შეძლებდა სამართლებრივად ჩემზე უკეთესად დაეცვა მისი ინტერესები? მე სამართლებრივად ჩარჩოებში ვჯდები, არც განუცხადებია ჩემთვის პაციენტს, რომ მეურვე უნდოდა, ეს რომ ეთქვა, ოჯახს აუცილებლად მოვძებნიდი”.

მას შემდეგ, რაც მეურვეობის ქვეშ მყოფი ლელა ჯ.-ს ადგილსამყოფელი დაადგინა, აკ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს დარეჯან რუხაძემ წერილობით მიმართა, სადაც იგი ითხოვდა ეცნობებინათ მისთვის, როგორც მეურვისათვის, რა მკურნალობა უტარდებოდა მის დისშვილს, რომელიც აქამდე არავითარ მედიკამენტებს არ იღებდა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრეპატატებით გადის მკურნალობას პაციენტი, დარეჯან რუხაძეს არ აცნობეს, მან ასევე ვერ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ეფექტურია მკურნალობა, რომელიც ლელა ჯ.-ს უტარდება ცენტრში და როდის დასრულდება მკურნალობის კურსი. „ეს დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც განიხილავს ექიმ-ფსიქიატრთა კომისია” – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს პროფესიით იურისტი საავადმყოფოს დირექტორი გოჩა ბაკურაძე აწერს.

„პაციენტს და მეურვეს, ფსიქ. დახმარების შესახებ კანონის მეხუთე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, აქვს სრული უფლება, მიიღოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე ინფორმაცია, რა მედიკამენტებითა და მეთოდებით აპირებენ მის მკურნალობასა და გამოჯანმრთელებას. ეს არის ადამიანის კონსტიტუციური უფლება.“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.  

რა შეიძლება იყოს ამ მკურნალობის შედეგი? რამდენად გაუმჯობესდება სასამართლო ექსპერტიზის მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ლელა ჯ.-ს ჯანმრთელობა, რომელსაც უფასო სასადილოში მომხდარ ინციდენტამდე, მოწმეების ჩვენების თანახმად, არასდროს ყოფილა აგრესიული არც მანამდე და არც ინციდენტის შემდეგ? ფსიქიატრი ნონა ნაკაშიძე ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, რადგან პაციენტის ისტორიას არ იცნობს: „აქედან გამომდინარე, არ ვიცი, შეიძლებოდა თუ არა ამბულატორიული მკურნალობის დანიშვნა და სტაციონარული მკურნალობის შემდეგ რა შედეგი ექნება – ამასაც ვერ გეტყვით. მე ამ საქმეს ვიცნობ პაციენტის მეურვედან, რომელსაც ადამიანური პასუხი არ აღირსეს, საქმის კურსში არ ჩააყენეს. ღირსების შემლახველი დამოკიდებულებაა, როცა ადამიანს ტყუილით წაიყვან, ხელიდან გამოგლეჯ პაციენტს, იმასაც არ უხსნი, რატომ აწვენ, არ უხსნი, რომ 6 თვე სტაციონარული მკურნალობა დაენიშნა. ეს ადამიანი შოკურ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე თვე არკვევდა, სად იმყოფებოდა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი პაციენტი. მარტივი, გასაგები ენით მას არავინ აუხსნა, რა ხდებოდა და სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდეს. გარდა ამისა, მეურვეს უფლება აქვს, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნან, რა მკურნალობას გადის მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი პაციენტი და არსებობს თუ არა ამ მკურნალობის ალტერნატივა.

რაც ვიცი ამ საქმის შესახებ, განსაკუთრებულ სოციალურ საშიშროებასთან საქმე არ გვქონია. გაცილებით დიდი სოციალური საშიშროების შემთხვევაში აჭარაში სტაციონარს უარი უთქვამს პაციენტებისთვის უბრალოდ დაწვენაზე.

საქართველოში ფსიქიატრიის მხრივ ძალიან დეფიციტური სერვისია, ეს ყველა კომპეტენტური ფსიქიატრიული ექსპერტის აზრია და მეც იგივეს ვიმეორებ.”

მას შემდეგ, რაც დისშვილის ადგილსამყოფელი გაიგო, დარეჯან რუხაძე ქვიტირში მის  მოსანახულებლად რამდენჯერმე ჩავიდა. „ჯერ ვერ მიცნო, რაც აქამდე არასდროს არ მომხდარა, ამბობს დარეჯან რუხაძე. – „ჩემმა დისშვილმა, რომელიც დამოუკიდებლად უვლიდა თავის ავადმყოფ დას, დადიოდა საყიდლებზე, არ ღებულობდა არანაერ წამლებს, ვერ მიცნო. გასუქებულია. რომ ვკითხე, ლელა, როგორ გექცევიან აქ, რა წამლებს გასმევენ–მეთქი, გარს შემოეხვივნენ ექიმები და ექთნები, უთხარი, ხომ კარგად გექცევით, ხომ მოგწონს აქაურობაო”.   


მასალების გადაბეჭდვის წესი