საზოგადოება

საგამოცდო ბარიერის ზრდა – ნაკლები მოსწავლე უმაღლესი განათლებით

5 სექტემბერი, 2016 • 8636
საგამოცდო ბარიერის ზრდა – ნაკლები მოსწავლე უმაღლესი განათლებით

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის აწევის ინიციატივით გამოდის იმ არგუმენტით, რომ უფრო მცოდნე ხალხი წავიდეს უმაღლესი განათლების მისაღებად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, საქართველოს უმაღლეს განათლებაში მონაწილეობის მაჩვენებელი 2013 წელს მხოლოდ 35%-ია.

არსებული ბარიერები ტოვებს თუ არა დიდ რისკს იმისთვის, რომ აბიტურიენტმა შემთხვევით გადალახოს ზღვარი? ვინ უნდა მიიღოს ბარიერის აწევის შესახებ გადაწყვეტილება? და არის თუ არა პროფესიული განათლება იმ ვითარებაში დღეს, რომ უმაღლესი განათლების საპირწონე იყოს? – ამ შეკითხვებს უნდა უპასუხოს განათლების სისტემემამ, ვიდრე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალ “ლიბერალთან” ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ძალიან ბევრ აბიტურიენტს უშვებს ქვეყანა უმაღლეს სასწავლებელში, იმის ნაცვლად, რომ იქ “ნარჩევი ხალხი” მიდიოდეს.

“ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნდა გაგრძელდეს ბარიერის ზრდა. კიდევ უფრო უნდა აიწიოს ბარიერი. სამი წლის წინ 21 ქულა იყო გადასალახი. ახლა გვაქვს 24 ქულა. ის კიდევ უნდა ავწიოთ, რომ შემთხვევით ჩარიცხვის ალბათობა შევამციროთ”,- ამბობს ჯეჯელავა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება. უმაღლესი განათლების მისაღებად აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს აღნიშნული გამოცდა.  11 წლის მანძილზე შეიცვალა როგორც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ისე სხვადასხვა საგნებში ტესტების მაქსიმალური ქულა.

2005 წელს, როდეც ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად ჩატარდა და მოსწავლეები მხოლოდ სამ საგანს – ზოგად უნარებს, ქართულ ენასა და ლიტერატურას და უცხო ენას აბარებდნენ, ყველა აღნიშნული საგნის ტესტის მაქსიმალური ქულა 100 იყო, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი- 15 ქულა (15%).

15%-იანი მინიმალური ზღვარი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 4 წლის მანძილზე, 2008 წლის ჩათვლით შეინარჩუნა. 2009 წელს კი აბიტურიენტებს ზოგად უნარებში და ქართულ ენასა და ლიტერატურაში 25%-იანი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა მოუწიათ. 2010 წელს შემცირდა ტესტის მოცულობაც და 100 ამოცანის ნაცვლად აბიტურიენტებს 80 ამოცანის გაკეთება მოუწიათ, საბოლოოდ აბიტურიენტს მინიმუმ 21 დავალების ამოხსნა სჭირდებოდა იმისთვის, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩათვლოდა. ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კიდევ ერთხელ, 2014 წელს შეიცვალა, როდესაც 25%-იანი ზღვარი 30%-მდე გაიზარდა. ამ ვითარებაში აბიტურიენტმა მინიმუმ 24 ამოცანა უნდა ამოხსნას, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აბიტურიენტმა კონკრეტული წლის ყველაზე რთული საგამოცდო ვარიანტი წერა, გათანაბრების წესის მიხედვით, შეიძლება 23 ქულაც ჩაითვალოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვად).

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურისთვის, 15%-დან 25%-მდე, თუმცა ამ საგნის ტესტი 100 ქულიდან 80 ქულმდე შემცირდა. ასევე მხოლოდ ერთხელ შეიცვალა ეს ზღვარი უცხო ენისთვის, ისიც 2009 წელს, როცა 15%-იდან ზღვარმა 20%-ზე აიწია, თუმცა, სხვა საგნებისგან განსხვავებით, ტესტის მაქსიმალური ქულების ოდენობა 100 დარჩა.

განათლების მინისტრის ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდას ემხრობა,”შემთხვევითი ჩარიცხვების” შემცირებაა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვრის პირობებში შემთხვევით დაწესებული თამასის გადალახვა იოლი არააა. მიმინოშვილი განმარტავს, რომ ზოგად უნარებში 15%-იანი მინიმალური ზღვრის 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზეზით მიიღეს, რადგან დახურული კითხვების არსებობის შემთხვევაში 25%-იან ბარიერზე ნაკლები ბარიერის არსებობა გამართლებული არაა:

“ზოგადი უნარების გამოცდა ერთადერთი გამოცდაა, სადაც დახურულბოლოიანი დავალებები გვაქვს და აქ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ შემთხვევით პასუხის მონიშვნის ალბათობაზე, რაც შეეხება სხვა საგამოცდო საგნებს, დავალებების დიდი ნაწილი ე.წ. ღია დავალებებია, აქედან გამომდინარე აქ უფრო მარტივია, ასე ვთქვათ, დაინახო აბიტურიენტის მომზადების და ცოდნის დონე. შემთხვევით გადალახვა არ არის ნამდვილად მარტივი”,- ამბობს მიმინოშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ვინ უნდა გადაწყვიტოს მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდა

წლების მანძილზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ცვლილება შესაბამისად აისახა იმ აბიტურიენტების რაოდენობაზე, რომლებმაც აწეული ზღვარი ვერ გადალახეს. IDFI-ის მონაცემების მიხედვით, თუ 2005-2008 წლებში იმ აბიტურიენტთა როდენობა, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, 0.3%-ს არ აჭარბებდა, 2009 წელს ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა 9%-მდე გაიზარდა. 2014 წელს კი, როდესაც ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კიდევ ერთხელ შეიცვალა და 30%-მდე აიწია, იმ აბიტურიენტთა რაოდენობამ, ვინც ეს ზღვარი ვერ გადალახა, ეროვნული გამოცდების ისტორიაში მაქსიმალურ რაოდენობას, 12%-ს მიაღწია.

მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ცვლილება ნაკლებად, თუმცა მაინც აისახა სხვა საგნებზეც. მაგალითად, თუ მინიმალუირ კომპეტენციის ზღვრის ცვლილებამდე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მხოლოდ 2% ვერ ლახავდა დაწესებულ ზღვარს (2008წ), 2009 წელს ეს მონაცემი 6%-მდე გაიზარდა. უცხო ენაში კი, თუ გამოცდაში ჩაჭრილთა რაოდენობა 2008 წელს 2% იყო, 2009 წელს მათი რაოდენობა 10%-მდე გაიზარდა.

Create your own infographics

თუ არ გავითვალისწინებთ ტესტის სირთულის და აბიტურიენტების მომზადების დონეს და მხოლოდ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, მონაცემები აჩვენებს, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ცვლილება ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობაზე გავლენას ახდენს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მინიმინოშვილი თვლის, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა თავად უნდა დაადგინონ საკუთარ უნივერსიტეტში მისაღები კონტიგენტისთვის ზღვარი.

“გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  და ვამბობთ, რომ თუ ამ ზღვარს ვერ გადალახავს ახალგაზრდა, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ იგი უმაღლეს სასწავლებელში სწავლას წარმატებით თავს ვერ გაართმევს, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ცენტრალიზებულად [არ უნდა მოხდეს] არამედ უმაღლესი სასწავლებლის პრეროგატივაა მისი ავტონომიურობიდან გამომდინარე.” ასეთი საშულება უნივერსიტეტებისთვის უკვე ბოლო რამდენიმე წელია არსებობს. უნივერსიტეტები თავად აწესებენ ზღვარს იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც მათი სტუდენტობა სურთ. შედეგად შესაძლოა აბიურიენტმა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახოს, მაგრამ თუ მისთვის სასურველ უნივერსიტეტს უფრო მაღალი თამასა აქვს დაწესებული, ვიდრე ცენტრის მიერ დაწესებული ზღვარია, აბიტურიენტი კონკურსს გამოეთიშება.

აღნიშნული ალტერნატივით საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების მცირე ნაწილი სარგებლობს, სულ 9 უმაღლესი სასწავლებელი. 2016 წლის საგამოცდო ცნობარის მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაწესებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, (ფაკულტეტების მიხედვით ზღვარი განსხვავდება) სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების ნაწილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მხოლოდ უცხოე ენაში, საწავლო უნივერსიტეტს გეომედი, მხოლოდ ერთ ფაკულეტზე და მხოლოდ უცხო ენისთვის, თბილისის საერთაშორისო აკადემიას, თბილისის სასულიერო აკადემიას და სემინარიას, მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურისთვის და უნივერსიტეტს“ნიუ ვიჟენ”.

რატომ არ აწესებს მაღალ თამასას აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა აბიტურიენტებისთვის, ეს აღნიშნული საკითხის კიდევ ერთი განზომილებაა. დღეს უნივერსიტეტების დაფინანსების მთავარი წყარო სწორედ სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასურია, რასაც სტუდენტი თავის ან  ოჯახის ბიუჯეტიდან იხდის, ამ საკითხში ნაწილობრივ მონაწილეობს სახელმწიფო, რომელიც გრანტის სახით იმ სტუდენტებს, ვინც ქულებით დაფინანსებას მოიპოვებს, სწავლის საფასურს უხდის. შესაბამისად, უნივერსიტეტების უმეტესობა დაინტერესებულია ახალი სტუდენტებისთვის გამოყოფილი მისაღები ადგილები სრულად შეავსოს და დამატებით ბარიერს აბიტურიენტებს აღარ უქმნის.

გასათვალისწინებელია, ბოლო წლების სტატისტიკაც, რომელიც აჩვენებს, რომ უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოცემული რიცხვები აჩვენებს, რომ 2013 წელს 42 787 ადგილიდან მხოლოდ 28 401 შეივსო, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 386 ადგილი თავისუფალი დარჩა. 2014 წელს კიდევ უფრო მეტი, 19 720 ადილი დარჩა თავისუფალი უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო 2015 წელს 18 841 ადგილი.

Create column charts

განათლების პოლიტიკის ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიცვლება, ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა შემცირდება, შესაბამისად შემცირდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიც. განათლების მკვლევარი ნათია ანდღულაძე ამბობს, რომ ეს ცვლილება შესაძლოა კავკასიის ბიზნეს სკოლას და თავისუფალ უნივერსიტეტს არ დაეტყოს, მაგრამ ძალიან შესამჩნევი იქნება რეგიონების უნივერსიტეტებისთვის:

“ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ბედი ეწევა ასეთ უნივერსიტეტებს. თუ ზღვარს საგრძნობლად ავწევთ, ბევრ უნივერსიტეტს დააკლდება ფული. ერთი ვარიანტი ერთ სტუდენტზე დაწესებული გადასახადის ლიმიტის გაზრდა, მაგრამ აქ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში სწავლის გადასახადი უკვე ძალიან მაღალია ყველა თვალსაზრისით. ამიტომ მოსაფიქრებელი იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების ალტერნატიული არხები”,- ამბობს ანდღულაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პროფესიული განათლება Vs უმაღლესი განათლება

თუ წარმოვიდგენთ, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაიზრდება და კიდევ უფრო ნაკლები აბიტურიენტი გახდება სტუდენტი, უმაღლესი განათლების მიღმა დარჩენილი სტუდენტისთვის ალტერნატივა პროფესიული განათლების მიღებაა. განათლების მკვლევარები, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ ამ ეტაპზე პროფესიული განათლება არ არის იმ ვითარებაში, არც ხარისხის, არც ტევადობის კუთხით, რომ ის უმაღლესი განათლების ალტერნატივას წარმოადგენდეს.

“სახელობო/პროფესიულ განათლებას სჭირდება გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი, ვიდრე უმაღლესს როგორც პირველადი ინვესტიციის (დანადგარები, შენობებები), ასევე მიმდინარე დანახარჯების სახით (სასწავლო რესურსები). თუ იურისტის მომზადებას სჭირდება მხოლოდ ინტელექტუალური რესურსი, ექთნის, კულინარის, ელექტრიკოსის მომზადებას მხოლოდ ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნის: გჭირდება დანადგარები, გჭირდება პრაქტიკის გავლის შესაძლებლობები საწარმოებში. ეს ინფრასტრუქტურა ჩვენთან დღეს არ არსებობს და მის შექმნას დასჭირდება ძალიან დიდი ფული, სახელობო განათლებას სჭირდება ინტეგრირება საერთო საგანმანათლებლო სისტემაშიც ისე, რომ პროფესიული განათლების მიღების პარალურად ახალგაზრდებმა ზოგადი განათლების სრული კურსის დასრულებაც შეძლონ”,- ამბობს განათლების მკვლევარი ნათია ანდღულაძე.

თუ უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში მისაღები ადგილები მეტია, ვიდრე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტი, პროფესიული სასწავლებლის შემთხვევაში პირიქითაა.

პროფესიული განათლების სტატისტიკური ბიულეტენის მიხედვით, 2015 წელს 34 პროფესიული სასწავლებლებში ჯამში 12970 ადგილი იყო გამოყოფილი, ხოლო რეგისტრანტთა რაოდენობა, რომლებსაც პროფესიულ სასწავლებელში სწავლა სურდათ 17547, რაც იმას ნიშნავს, რომ 4577 ადგილით ნაკლებია, ვიდრე მსურველი. წლების მიხედვით ადგილების რაოდენობის და სწავლის მსურველთა თანაფარდობა შეგიძლიათ იხილოთ ინფოგრაფიკაზე;

Create column charts

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პროფესიული სასწავლებლების უმეტესობა თბილისშია კონცენტრირებული. ეს საკითხი ხაზგასმულია მსოფლიო ბანკის 2014 წლის “განათლების გლობალური პრაქტიკის ანგარიშში:

“ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საერთოდ არ არის პროფესიული განათლების ცენტრები. კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის სტუდენტებს არ აქვთ პროფესიულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა. ახალგაზრდები ამ რეგიონებიდან იძულებულნი არიან სხვა ქალაქებში გადავიდნენ. 2012 – 2013 წლებში პროფესიული განათლების ცენტრები გაიზარდა, მაგრამ მათი გეოგრაფიული განაწილება პრობლემურია”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

მეორე საკითხს წარმოადგენს საზოგადოებაში პროფესიული განათლების აღქმა. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლების პრესტიჟი უნდა გაიზარდოს და მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.

“პროფესიული განათლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების” კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის საბაზისო განათლების მიღების შემდეგ ყველაზე სასურველ ქცევად საშუალო სკოლის დასრულება და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება განიხილება – გამოკითხულთა ნახევარზე ცოტა მეტი (57%) სწორედ ამას ურჩევდა ახალგაზრდას საბაზისო სასკოლო განათლების დასრულების შემდგომ. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-ისთვისაა) საბაზისო სასკოლო განათლების მიღების შემდგომი სასურველი გზა საშუალო სკოლის დასრულება და პროფესიული განათლების მიღება.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს უკავშირდება დასაქმების პრობლემაა, მართალია საქართველოში შრომით ბაზრის ანალიზი არ ჩატარებულა, თუმცა როგორც ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი ლელა ჩახაია ამბობს, დამსაქმებლები უმეტეს შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვენ:

“დამსაქმებლები ხშირად ითხოვენ უმაღლესი განათლების დიპლომს ისეთ ელემენტარულ პოზიციებზეც კი, როგორიც არის მოლარე და კონსულტანტი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, თუ ახალგაზრდების დიდ ნაწილს უმაღლესი განათლების მიღება უნდა”,- ამბობს ჩახაია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის “საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა კვლევის ანალიზის” მიხედვით, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულების 50.6% დაუსაქმებელია, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 38.8%-ია. დარჩენილი პროცენტული მაჩვენებლები კი სტაჟირებაზე, საოჯახო მეურნეობაში ჩართულობაზე, სკოლაში დაბრუნებასა და სხვა აქტივობებზე ნაწილდება.

განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინიციატივები, რომლებიც პროფესიული განათლების  მქონე ადამიანების დასაქმების შანსებს გაზრდის:

“სახელმწიფო ბიუროკრატიაში პროფესიული განათლებითაც უნდა შეიძლებოდეს დასაქმება. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს კარგი პროფესიული განათლება ფინანსებში, ან ტექნოლოგიებში, მას ბარიერი სახელმწიფო სამსახურში, ან დავუშვათ სკოლებში არ უნდა ჰქონდეთ. ასევე უნდა არსებობდეს სკოლადამთავრებულებისთვის პირდაპირ დასაქმების შესაძლებლობებიც. ერთ-ერთი ასეთი შეიძლება ყოფილიყო სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, სადაც ადამიანი თავს ღირსეულ მოქალაქედ იგრძნობდა”,- ამბობს ჯანაშია.

თუ კვლევას  “საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა კვლევის ანალიზის” კვლავ ჩავხედავთ, მართლაც აღმოვაჩენთ, რომ პროფესიული დასაქმების ძირითადი წყარო კერძო დაწესებულებებია, მათზე დასაქმებულთა 61.2% მოდის, რაც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებებს, იმ ადამიანებმა, რომლებმაც პროფესიული განათლება მიიღეს და დასაქმებულნი არიან, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმების წილი 13.2.%-ია.

ელიტური განათლების სისტემა

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით “ძალიან ბევრს ვუშვებთ უმაღლესში, როცა უმაღლესი იმის უმაღლესია, რომ იქ ძალიან ნარჩევი ხალხი უნდა იყოს”. რეალურ სურათს თუ შევხედავთ საქართველოში “ძალიან ბევრი” მოსწავლე არ მიდის უმაღლესი განათლების მისაღებად.  მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კი საქართველოს უმაღლეს განათლებაში მონაწილეობის მაჩვენებელი 2013 წელს მხოლოდ 35%-ია.

მინისტრი ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე “ნავაროჩენი” და მცოდნე ხალხი უნდა წავიდეს, მაგრამ განათლების მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეროვნული გამოცდების ტესტები იმას არ აჩვენებს, რამდენად მცოდნეა ესა თუ ის მოსწავლე:

“ერთიან ეროვნულ გამოცდებში გამოიყენება სასელექციო ტიპის ტესტები. სასერთიფიკატო ტესტებისგან განსხვავებით, ასეთი ტესტების მიზანს არ წარმოადგენს ცოდნის, ან უნარების ობიექტურად განსაზღვრა-შეფასება. სასელექციო ტესტი მხოლოდ იმას ადგენს, თუ მიმდინარე წელს დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ვინ ვის ჯობნის”,- ამბობს ლელა ჩახაია.

სიმონ ჯანაშიას თქმით, არასერიოზულია, როდესაც ადამიანები საუბრობენ, რომ იციან, თუ რამდენი ქულის მიღების შემთხვევაში გვაჩვენებს აბიტურიენტი თავის მზადყოფნას უნივერსიტეტისთვის:

“ის გამოცდები, რომლებიც დღეს გამოიყენება უნივერსიტეტებში ჩასარიცხად იმას კი არ ადგენს ვინ როგორ არის მზად უმაღლესისთვის, არამედ ვის შეუძლია სხვაზე უკეთესი ცოდნა და უნარები გამოავლინოს იმ კონკრეტულ დღეს. მისაღები გამოცდები არის შეჯიბრი, რომელიც არც იმას აჩვენებს თუ  რამდენად განათლებულია ადამიანი, არც იმას, თუ რამდენად წარმატებული იქნება ის უმაღლესში. ის აჩვენებს მხოლოდ შემდეგს: ვინ უკეთესად აბარებს კონკრეტულ ტესტს.”,- ამბობს ჯანაშია.

ჯანაშია გვიხსნის, რომ ეს მოძველებული იდეაა, რომლის მიხედვითაც უმაღლესი განათლება სამეცნიერო, პოლიტიკურ თუ საგანმანათლებლო ელიტას უნდა აყალიბებდეს და არა მასობრივად ზრუნავდეს სამოქალაქო ღირებულებების გავრცელებასა და შრომის ბაზარზე რაც შეიძლება მეტი კომპეტენციების ადამიანების შესვლაზე.

“სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ეს ადამიანები ცდილობენ ხოლმე უმაღლესებში სტუდენტების მიღების შეზღუდვას. ელიტარულ ისევე, როგორც მასობრივ განათლებას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. ელიტარულ უმაღლესებში შედარებით უფრო რთული პროგრამებია და მეტი შესაძლებლობებია ახალგაზრდების სამეცნიერო ცოდნით აღჭურვისთვის. მასობრივი უმაღლესი განათლება კი უფრო ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე და ასევე ხელს უწყობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც უკეთ შეუძლია საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნების ფორმირება და განხორციელება”,- ამბობს ჯანაშია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აღნიშნულ თემას უკავშირდება თანასწორობა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობაა:

“უნივერსიტეტში ჩასაბარებლად რომ საკმარისი იყოს სასკოლო განათლება, რომელიც უფასოა  და განათლების ხარისხი რომ ყველა სკოლაში თანაბარი იყოს ადგილმდებარეობის მიუხედავად, ეს არ იქნებოდა პრობლემა. თუმცა არავისთვის საიდუმლო არაა, რომ აბიტურიენტების უმრავლესობა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან ემზადება, რაც საკმაოდ სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ კონკურენცია აბიტურიენტებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად გაიზრდება რეპეტიტორებზე მოთხოვნაც”,- ამბობს ლელა ჩახაია.

საერთაშორისო გამოცდილება

ალექსანდრე ჯეჯელავა საკუთარი მოსაზრებების გასამტკიცებლად საერთაშორისო გამოცდილებას იშველიებს, მისი თქმით,“ბრიტანელებს მიაჩნიათ, რომ 30% იმსახურებს უმაღლესში წასვლას”. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013 წელს უმაღლეს განათლებაში მონაწილეობის მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში 57%-ია, საფრანგეთში 62 %, ფინეთში 91%, ავსტრიაში 80%, ბელგიაში 72%, ჩეხეთში 65%, დანიაში 81%, გერმანიაში 61%, ხოლო საქართველოში 35%.

იმას რომ ევროპული ქვეყნები დაინტერესებული  არიან მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს უმაღლესი განათლება აჩვენებს მიღების წესიც, რომელიც ზოგიერთ ქვეყანას აქვს,მაგალითად საფრანგეთს და ავსტრიას.  მსოფლიო ბანკი 2008 წლის ანაგრიშში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტებში მიღების წესს მიმოიხილავს, ვკითხულობთ, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება საკმარისია იმისათვის რომ საფრანგეთში არსებული უნივერსიტეტების უმეტესობაში მოხვდეს მოსწავლე, ხოლო განსაკუთრებულად პრესტიჟული უნივერსიტეტები, როგორიცაა Grandes Écoles დამატებით გამმოცდის ჩაბარებას ითხოვენ. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები საკამრისია უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ავსტრიაშიც.

“არასერიოზულია, როდესაც ამბობენ, რომ ევროპასა თუ ამერიკაში სპეციალურად ზღუდავენ სტუდენტების რაოდენობას, რომ უმაღლესებში ხარისხი, ან მათი პრესტიჟი არ დაეცეს. პირიქით, ევროპაშიც და ამერიკაშიც პრობლემად ითვლება, რომ არასაკმარისი რაოდენობის სკოლადამთავრებულებს უნდათ და შეუძლიათ უმაღლესებში სწავლა. მათი პოლიტიკაც შესაბამისად ზრდაზეა მიმართული. მაგალითად დიდ ბრიტანეთში, Eurostat-ის მონაცემებით, 2001 წლიდან 2012-მდე სტუდენტების რაოდენობა 20%-ით (400,000 სტუდენტით) გაიზარდა”,- გვეუბნება სიმონ ჯანაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი