საზოგადოება

ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვას რუსეთის შემდეგ საქართველოშიც მოითხოვენ

20 აპრილი, 2012 • 1617
ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვას რუსეთის შემდეგ საქართველოშიც მოითხოვენ

მიმდინარე წლის 30 მარტს პეტერბურგში ძალაში შევიდა კანონი ჰომოსექსუალობის პროპაგანდისა და პედოფილიის აკრძალვის შესახებ. ამ ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ საქართველოში ჰომოსექსუალობის პროპაგანდის საკითხი საქართველოს პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში გააჟღერა. ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევაზე დღეს უკვე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მუშაობს.

პეტერბურგში აღნიშნული კანონის ძალაში შესვლიდან დაახლოებით ორ კვირაში სექსუალურ უმცირესობათა საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა. განსასჯელები იმ საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ, ვინც ქალაქის გარკვეული ნაწილის პიკეტირება მოახდინეს პლაკატებით, წარწერით – “ყველა ლესბოსელის ცხოვრების წესი ნორმალურია“.

სასამართლო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეები დამნაშავეებად სცნო, მოსამართლემ აღიარა, რომ კანონში კანონდარღვევის დეფინიციის დამატებითი განსაზღვრებები არ არსებობს და არ იციან, რა ქმედებებისთვის უნდა დასაჯონ ეს ადამიანები. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ საქმე სასამართლოში ისევ გაგრძელდება, თუმცა უკვე სხვა, „პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით, ვინაიდან აქციის მონაწილეებმა არ შეასრულეს პოლიციის მოთხოვნა, პლაკატები დაეკეცათ და შეენახათ.

პატრიარქის ეპისტოლეს შემდეგ საქართველოში გაჟღერებულ საკანონმდებლო ინიციტივას “ქრისტიან–დემოკრატების” მხრიდან არ მოჰყოლია კონკრეტული დეფინიციები, რა მიიჩნევა ჰომოსექსუალობის პროპაგანდად. საპარლამენტო ოპოზიცია დეტალების გამჟღავნებას რამდენიმე დღეში, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პარლამენტში შეტანის შემდეგ აპირებს.

„ტელევიზია არის ბიზნეს-სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია იმის ტირაჟირებით, რაც მათ შემოსავალს გაზრდის. სახელმწიფო კი იმისთვის არსებობს, რომ გარკვეული სდანდარტები დააწესოს მათთვის. შესაბამისად, თუკი მარეგულირებელმა კომისიამ გარკვეული ეთიკური სტანდარტები დააწესა, სადაც ძალადობრივი პროპაგანდა იკრძალება, მაშინ ჰომოსექსუალობის პროპაგანდაც არ უნდა ჩაითვალოს ნორმალურად და არც ამის ტირაჟირება უნდა ხდებოდეს. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ამბობს, რომ ნარკომანია ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თქვენ სადმე გინახავთ ადამიანი, რომელიც გამოვა ტელევიზიით და იტყვის, რომ ვიკეთებ და ეს არის ჩვეულებრივი? ეს სრულიად ერთი და იგივე შემთხვევაა,“ – ამბობს “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ჰომოსექსუალობას გარყვნილებას უწოდებს ამავე მოძრაობის წევრი გიორგი ახვლედიანი: 

„პირადად მე ძალიან დიდ პრობლემას ვხედავ გარყვნილების პროზელიტიზმში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. პოპულარიზება ამ პროცესის, რასაც ჰქვია სოდომის ცოდვა, ტელევიზიები 24 საათის განმავლობაში ახდენენ. ყველა გადაცემაში პოპულარიზებაა ამ ცხოვრების წესის, რაც ჩვენი აზრით, ქართველი ერისთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია,” – ამბობს ამავე მოძრაობის წევრი გიორგი ახვლედიანი.

კითხვაზე, რაში გამოიხატება ჰომოსექსუალობის პროპაგანდა მედიაში, ახვლედიანი პასუხობს, რომ ამაზე მაშინ ისაუბრებს, როდესაც საკანონმდებლო ინიციატივის ყველა დეტალი იქნება ცნობილი.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მოიცავს, ძირითადად, საუბარი იქნება კონკრეტული ზნეობრივი ქმედებების დაკანონებაზე.

„მაგალითად, ასევე უნდა განისაზღვროს, რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის ოჯახის ღირებულება. მე ვთვლი, რომ სახელმწიფო უნდა იცავდეს მხოლოდ იმ ოჯახის ინტერესს, რომელიც არის მხოლოდ ქალის და მამაკაცისგან შემდგარი. სხვა მიმართულება საქართველოში არ უნდა არსებობდეს,“- აცხადებს ახვლედიანი.

„როგორ შეიძლება იმის პროპაგანდა მოახდინო, რომელიც არის ადამიანის იდენტობის ნაწილი. ან ბისექსუალი ხარ, ან ჰეტეროსექსუალი, ან ჰომოსექსუალი. ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია, რა ახდენს გავლენას ორიენტაციაზე. სწორედ ეს დაბალი ინფორმირებულობა ხელს უწყობს სტერეოტიპებისა და ფობიების გავრცელებას,” – ამბობს გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი.  

ის მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვინ აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებებს და თუ ამ განცხადების მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან, ვისაც რეალური ბერკეტი გააჩნია კანონების მისაღებად, არ არსებობს, აღდგომელაშვილის თქმით, საშიშროება, რომ ასეთი კანონიც იარსებებს, არ არის.

თუმცა აქვე იხსენებს 2010 წლის ფაქტს, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ოჯახის შექმნისა და ბავშვის აყვანის უფლების მინიჭება იყო, სტრასბურგში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, პეტრე ცისკარიშვილის ასეთი განცხადება მოჰყვა: „ქართული დელეგაცია სექსუალური უმცირესობებისთვის ოჯახის შექმნის და ბავშვის აყვანის უფლების მინიჭების წინააღმდეგია. რეზოლუციის პროექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუ მასში ის ცვლილებები შევა, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ და ხსენებულ პუნქტებს ამოიღებენ. თუკი რეზოლუციის პროექტში სექსუალური უმცირესობებისთვის ბავშვის აყვანისა და ოჯახის შექმნის უფლება იქნება აღნიშნული, ჩვენ ხმას არ მივცემთ. ჩვენ არ გვსურს, საქართველოს იმის რეკომენდაცია გაუწიონ, რომ მამათმავლობა წახალისდეს, ისევე, როგორც არ სურს ეს ძალიან ბევრ ევროპულ ქრისტიანულ ქვეყანას.”

“ქრისტიან-დემოკრატების” ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია ამბობს, რომ ის ჯერ არ იცნობს საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას და კონკრეტული შეფასებისთვის ცვლილებათა გაწერილ პაკეტს ელოდება:

„რა და რა ფორმით შემოაქვთ, ჩვენთვის უცნობია. თუ აქ არის რომელიმე ჯგუფის უფლებრივ შეზღუდვაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებით. ჩვენი სახელწმიფოს მოწყობის მთავარი პრინციპია ყველა ადამიანის თანასწორობა, რაც კონსტიტუციურადაც არის გარანტირებული,“-  ამბობს თორდია.

თავად “ქრისტიან-დემოკრატები”, როდესაც ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობენ, ირწმუნებიან, რომ ამ ინიციატივით არავის უფლებების შელახვას არ აპირებენ.

„ქრისტიან-დემოკრატები” თვლიან, რომ პოლიტიკოსები იმისთვის არსებობენ, რომ პატრიარქის ხედვა და ინიციატივა ცხოვრებაში აისახოს. ჩვენ გვაქვს ის ბერკეტი, რომ ეს ყველაფერი საკანონმდებლო რეალობაში ავსახოთ,“- ამბობს გიორგი ახვლედიანი.
 
ეკა აღდგომელაშვილის აზრით, “ქრისტიან- დემოკრატების” ეს განცხადება პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომელიც ელექტორატის მობილიზაციისთვის არსებული ფობიების გაღვივებას ითვალისწინებს.

„პატრიარქის განცხადებებს ან ეპისტოლეებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე მათი გამოხმაურება, პოლიტიკურ ენაზე თარგმნიან. ადვილია უთხრა ამომრჩეველს, რომ ესა და ეს საფრთხე გემუქრებათ და მათ მე მოგიგვარებთ, ვიდრე რაღაც ახალი კონსტრუქციული იდეები მიაწოდო ხალხს,“- ამბობს აღდგომელაშვილი.

იურისტი სერგეი კონდრაშოვი, რომელიც პეტერბურგში დაკავებულ აქტივისტთა ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ “არავის აქვს უფლება, გეებსა და ლესბოსელებს იმის პროპაგანდა აუკრძალონ, რომ საზოგადოებამ მათ მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს. მათ აქვთ უფლება, საკუთარი უფლებებისთვის ყოველთვის იბრძოლონ.“  

რუსეთში, სადაც ბევრ ტერიტორიულ ერთეულში ეს კანონი უკვე მიიღეს, უფლებათადამცველები აცხადებენ, რომ დეპუტატს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრები ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს აზრი კანონებში არ უნდა ისახებოდეს.

“საკუთარ სახლში ან ეკლესიაში გამოთქვით ნებისმიერი აზრი, საკუთარი რელიგიური შეხედულებების გადმოტანა კანონმდებლობაში კი არ ღირს,“ – ამბობს რუსეთში ლგბტ ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ კაჩეტკოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი